„კაცი ეძებს საცოლეს, რომელსაც კერძო სახლი ექნება თავისი ეზოთი“ - რა სახის განცხადებები შედის გაცნობა-დაოჯახების ცენტრში

გაცნობის ცენტრი

ქალაქში გამოკრული განცხადებებზე თვალის შევლებისას, ალბათ ერთხელ მაინც შეგინიშნავთ ინფორმაცია, რომ არსებობს გაცნობა-დაოჯახების ცენტრი და იქვე მითითებულია საკონტაქტო.

წესები მარტივია: დაინტერესებული პირები ავსებენ აპლიკაციას, სადაც საკუთარ მოთხოვნებს უთითებენ. მომსახურების საფასურს მხოლოდ კაცები იხდიან. მითითებულია, რომ გადასახადი 200 ლარს შეადგენს. 

ცენტრი უკვე 23 წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში, მათი დახმარებით, 1 000-ზე მეტი წყვილი დაოჯახდა.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის დამფუძნებელმა, დავით ხიზანიშვილმაც მეორე ნახევარი სამსახურში იპოვა, როცა გამოცხადებულ ვაკანსიაზე მისი მომავალი მეუღლე მივიდა.

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა ჯგუფმა გამოარკვია, რომ გაცნობა-დაოჯახების ცენტრში ტელეფონი არასდროს ჩერდება და მუდმივად რეკავს.

„ცოტა ხნის წინ ერთი კაცი დარეგისტრირდა, რომელიც ეძებს ქალბატონს, რომელსაც კერძო სახლი ექნება თავისი ეზოთი. უნდა, რომ თავისი სახელოსნო ეზოში გააკეთოს და ქალთან ერთად ბიზნესი აწარმოოს.

მოვიდა ქალი, რომელსაც მეორე ნახევრად მორწმუნე უნდა.  ცოტა ხნის წინ ერთი ბიზნესმენი მოვიდა, საკუთარი მაღაზიები ჰქონდა და მეუღლესთან ერთად ბუღალტერს ეძებდა.“ - ამბობს დავით ხიზანიშვილი.

ნახეთ ვრცლად