პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს
1752699149
გასულ კვირას, ატლანტაში, ბიონსეს მანქანა გაძარცვეს და გამოუქვეყნებელი სიმღერების ჩანაწერები მოიპარეს. ინფორმაციას ატლანტას პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
პოლიციის ანგარიშში ნათქვამია, რომ მანქანიდან მოიპარეს ხუთი მეხსიერების ბარათი, რომლებშიც ბიონსეს გამოუქვეყნებელი მუსიკა, სიმღერების სიები და Cowboy Carter-ის ტურნეს გეგმები იყო ატვირთული. როგორც ცნობილია, მოპარულ ნივთებს შორის იყო — ბიონსეს ქორეოგრაფის კრის გრანტისა და ბლუ აივის ლეპტოპები, ორი ჩემოდანი, AirPod-ის ყურსასმენები და 2000 დოლარის ღირებულების ტანსაცმელი.
პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავების ორდერი გაიცა, თუმცა დამნაშავე, ჯერჯერობით, ვერ იპოვეს.
ქურდობა 8 ივლისს, საღამოს 8:09 საათიდან 9:10 საათამდე მოხდა, რა დროსაც ატლანტაში, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე ავტოსადგომზე დაყენებული შავი ფერის Jeep Wagoneer-ის მარკის ავტომობილი გაქურდეს. პოლიციის ანგარიშის თანახმად, დაზიანებულია ავტომობილის საბარგულის ფანჯარა.
პოლიციაში ინციდენტის შეტყობინებისას, უცნობმა პირმა თქვა, რომ მანქანიდან მოპარულ ნივთებში "ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია" იყო.
„მე ისეთ ადამიანთან ვმუშაობ, რომელსაც, ძალიან მაღალი სტატუსი აქვს", - უთხრა მან 911-ის ოპერატორს.
პოლიციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ლეპტოპითა და Airpods-ის ყურასმენით ქურდების ადგილსამყოფელის გაგება სცადეს. მათი თქმით, მოწყობილობა მოძრავ მანქანაში დაფიქსირდა, ხოლო ინციდენტი ავტოსადგომის შესასვლელთან დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ ლანა დელ რეის ზურგჩანთა მოპარეს, რომელშიც მისი ლეპტოპი იდო, ახალი ალბომით. კომპიუტერთან ერთად, ქურდებმა მუსიკოსის კამერა და რამდენიმე მყარი დისკი წაიღეს.
გარდა ამისა, გასულ წელს ბრიტანელმა მომღერალმა, რეიმ, განაცხადა, რომ მას მანქანა მოპარეს, რომლის საბარგულში სიმღერების ტექსტების ჩანაწერებს ინახავდა. მოგვიანებით, მუსიკოსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მეორე ალბომის მოსასმენად გულშემატკივრებს დიდხნიანი ლოდინი მოუწევდათ.
შეგახსენებთ, რომ ბიონსე, ამჟამად, Cowboy Carter-ის ტურნეს ფარგლებში კონცერტებს მართავს. მუსიკოსმა ატლანტაში ოთხი კონცერტი გამართა და ლას-ვეგასისკენ მიემართება, სადაც 25 და 26 ივლისს ტურნეს ბოლო კონცერტები აქვს.