ცვლილება, რომელიც ორსულებს ეხება - მთავრობამ დეკრეტული შვებულების შესახებ ახალი ინიციატივა დაამტკიცა
1794550920
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ერთა ლიგის მეხუთე ტურში უნგრეთთან მატჩამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, შედეგი მნიშვნელოვანია როგორც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. წარმატება ყოველთვის აადვილებს იმ გზის გავლას, რომელიც დავისახეთ. გამარჯვება გამარჯვებულის ფსიქოლოგიას აყალიბებს.
რამდენად ოპტიმალური შემადგენლობით შევხვდებით თამაშს? რამდენიმე პრობლემა გვქონდა, მაგრამ ალთუნაშვილის გარდა ყველა მწყობრშია და ხვალინდელ შეხვედრაში სათამაშოდ მზადაა.
ხომ არ შეიცვალა დამოკიდებულება წინა შეკრების შემდეგ? ბევრი ვისაუბრეთ და არ ვთვლი, რომ ეს მენტალური მხარის ბრალია. ზოგადად, ფეხბურთში აღმართს დაღმართი მოსდევს. ცხადია, ეს არავის მოსწონს. რთულ გზას გავდივართ და იმედია, ყველაფერს დავალაგებთ. იმედი გვაქვს, რომ ეს ხვალინდელ შეხვედრაშიც გამოჩნდება. ასეთია მთელი გუნდის განწყობა.
სამწუხაროა, რომ ბოლო მატჩებში გოლები ვერ გავიტანეთ. ძალიან კარგი შემტევები გვყავს და იმედია, ხვალ გატანას შევძლებთ. რატომ გვაჯობეს პირველ შეხვედრაში აგრესიულობით? პირველი 15 წუთი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში მაღალი პრესინგით ვერავინ ითამაშებს. ვთვლი, რომ მარცხის მიუხედავად, მატჩის ბედი დეტალებმა გადაწყვიტა. ამ დეტალებზე ბევრი ვიმუშავეთ და იმედია, ხვალ ეს გამოჩნდება.
შეკრების დროს მობილური ტელეფონების გამოყენება თუ არის შეზღუდული? მე პროფესიონალებთან მაქვს საქმე. ეს პრობლემა არასოდეს ყოფილა, არც ასაკობრივ ნაკრებში და არც ეროვნულ გუნდში. ბიჭები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
როდის დაეტყობა გუნდს ჩემი ხელწერა? დაკვირვებული თვალი ამას უკვე შენიშნავდა, მაგრამ დრო დაგვჭირდება, რომ მივიღოთ ის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს. ჩვენი ხელმძღვანელობით ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და იქაც შეამჩნევდით ჩვენთვის დამახასიათებელ სტილს. ეს არის ინდივიდუალიზმზე დაფუძნებული ფეხბურთი, რაც ქართულ ფეხბურთს ახასიათებს“, – ამბობს სვანაძე.რამაზ სვანაძის გუნდი ნოემბერში ორ შეხვედრას გამართავს. 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.