საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დიდი სხვაობით დაამარცხა

კალათბურთი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა – ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე მონტენეგროს უმასპინძლა და 101:74 დაამარცხა.

ამ მოგებას კატარისკენ მიმავალ მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს უკვე 4 მოგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს მონტენეგროსთან იყოფს.

სცენარი

მატჩის სცენარი კალათბურთში ჩახედული გულშემატკივრისთვის თავიდანვე ცხადი იყო: საქართველო წყვილის ფავორიტად ითვლებოდა, რადგან ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა და შინ თამაშობდა. მონტენეგროელთა მთავარი ამოცანა საქართველოს ნაკრების ლიდერების შეჩერება იყო.

მათ მართლაც ორგანიზებული დაცვა დაუპირისპირეს, თუმცა ორლანდოელმა გოგა ბითაძემ პირველივე წუთებზე ჩააგდო 10 ქულა (საბოლოდ 23 ქულა); ტრაბზონსპორელმა მარკის რიდმა ჩაჭრას ქულები მიაყოლა (12 ქულა); ლეიკერსელმა სანდრო მამუკელაშვილმა მეტისმეტად მჭიდრო მეურვეობის მიუხედავად მაინც ახერხებდა ჩვეულ ეფექტურ დრიბლინგებს (17 ქულა); კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, მას შემდეგ რაც მეტოქემ 16-ქულიანი სხვაობა გააბათილა, მეორე პერიოდის ბოლო წამებზე ჯერ საჯარიმო ჩააგდო, მოხსნის შემდეგ კი სამქულიანით საქართველოს ნაკრებს ახალი მუხტი შესძინა (საბოლოოდ 24 ქულა).

…და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – რატი ანდრონიკაშვილმა მატჩი ისე დაიწყო, როგორც 2022 წელს ესპანეთთან ითამაშა. მან მატჩი 9 ქულით დაასრულა.

ცხადია, მათ სათადარიგოთა სკამიდან სათანადოდ დაეხმარნენ დუდა სანაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე და გიორგი ოჩხიკიძე.

მატჩი ისევე დასრულდა, როგორც დაიწყო – საქართველოს ნაკრები მუდმივად წინ იყო, მონტენეგროელები კი უმთავრესად სამქულიანებითა და საშუალო ტყორცნებით ცდილობდნენ დაწევას. საბოლოოდ ვერ დაეწივნენ, მეოთხე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ გატეხა მონტენეგრო და სასურველი, დიდი ანგარიშითაც დაამარცხა.

შემდეგ

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს პორტუგალიასთან სტუმრად გამართავს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის შემდეგ A და B ჯგუფების სამ-სამმა საუკეთესო გუნდმა ექვსგუნდიანი ჯგუფი შექმნა. ქულები ყველას გადაჰყვა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ექვსი ნაკრებიდან მხოლოდ სამი გადის, შესაბამისად, დარჩენილ ექვს შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ესპანეთს, ალბათ, ვერავინ გაასწრებს, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი გააფთრებული ბრძოლა გაჩაღდება.

1TVSPORT