„იმედი მაქვს, ჩვეულ თამაშს და მუხტს მალე დავიბრუნებთ“ - ვილი სანიოლი

ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს – თამაში 18 ნოემბერს 23:45 საათზე დაიწყება.

მატჩამდე „ჯვაროსნებმა“ სოფიაში ივარჯიშეს, მანამდე კი მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

„სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი, შესაძლოა, არაფერს წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშია და მოგება გვინდა. გვსურს, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთ. ფეხბურთი მსოფლიოში ასეთია, ხან სიხარული მოაქვს, ხანაც – იმედგაცრუება.

ახალი მოთამაშეების საქმეში ნახვა ყოველთვის საინტერესო და საჭიროა. ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ, შეიძლება, თამაშის შესაძლებლობა ყველას არ ეძლევა, მაგრამ ნაკრებში ყოფნა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, დებიუტანტი ილია ბერიაშვილიც კარგად შეეწყობა გუნდს.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მოედანზე ყოველთვის ქმნის განსხვავებას. იმედი მაქვს, ნაკრებს მალე დაუბრუნდება.

საქართველოს ნაკრებში 2021 წელს ჩავიბარე, როცა ბევრი გამოწვევა გვქონდა. ბევრი ვიმუშავეთ და შედეგად, დიდ ტურნირზე ვითამაშეთ. ასეთი მიღწევის შემდეგ რთულია ხოლმე მოტივაციის მოძებნა, იმედი მაქვს, ჩვეულ თამაშსა და მუხტს მალე დავიბრუნებთ“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.

1TVSPORT