1784490990
იამალი თუ მესი? ვფიქრობ, იამალს ჯერ დიდი გზა აქვს წარმატებისთვის, მესისთვის კი ღირსეული დასასრული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - ირაკლი ქადაგიშვილი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე, "რუსთავი 2-თან" საკუთარ პროგნოზებს აკეთებს.
"მე, როდესაც ფეხბურთის ყურება შეგნებულად დავიწყე, 70-იანი წლების მეორე ნახევარში, მაშინ ფეხბურთი ბრაზილიასთან იყო ასოცირებული და ეს ინერცია მომყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუმცა ბოლო პერიოდში, ბრაზილია აღარ არის მოწოდების სიმაღლეზე, ამიტომ, ყოველი ჩემპიონატის მიმდინარების დროს ვირჩევ ჩემთვის ფავორიტ ნაკრებს. წელს არგენტინის მიმართ ჩემი გულშემატკივრობა გამოწვეულია მესის ფეხბურთით და პიროვნებით. ნამდვილად მოვლენაა, როდესაც ამ ასაკში ადამიანს შეუძლია ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენოს და მთელი გუნდი წაიყვანოს გამარჯვებისკენ. ეს არის დიდი ფეხბურთელის დიდი თამაში. ამ ჩემპიონატით მესი ხდება საზომი საფეხბურთო სამყაროსი, სპორტის და ლიდერობის, ამიტომ ვგულშემატკივრობ არგენტინას.
იამალი თუ მესი? - მე ვფიქრობ, რომ იამალს ჯერ დიდი გზა აქვს წარმატებისთვის, მესისთვის კი ღირსეული დასასრული სანაკრებო კარიერისა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვნახოთ, ბურთი მრგვალია, ფორტუნა ვის მხარეს იქნება. ორივე ნაკრები რომ ღირსეული ფინალისტები არიან, ფაქტია," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რამდენიმე საათში საფეხბურთო სამყარო ახალ ჩემპიონს გაიცნობს - დიდი სპორტული დღესასწაულის კულმინაციას მილიონობით გულშემატკივარი "რუსთავი 2-ზე" იხილავს. მინიმუმ 90 წუთი, 2 ნაკრები და 1 მთავარი მიზანი - მსოფლიო ჩემპიონატის თასი, რომელსაც ესპანეთში ან არგენტინაში ჩაიტანენ.
დღეს სწორედ ესპანელები და არგენტინელები იბრძოლებენ მსოფლიო ფეხბურთის უმთავრესი ტიტულისთვის - ერთს, მეორე მსოფლიო ჩემპიონობა სურს, მეორეს კი მორიგი მსოფლიო ტიტულის მოპოვება. 2 ღირსეული მეტოქე ტურნირის ფინალამდე დამაჯერებელი თამაშით მივიდა, დღეს კი ორივე გუნდი მოედანზე ერთი მიზნით გადის - სანაკრებო ისტორიაში ახალი წარმატება ჩაიწეროს.
ამერიკის შეერთებული შტატები, ნიუ ჯერსი და MetLife Stadium - შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე იწყება. მთავარი საფეხბურთო წარმოდგენისთვის ემზადება თბილისი და, რაც მთავარია, "რუსთავი 2," რომელიც უკვე 1 თვეა საფეხბურთო რიტმით ცხოვრობს. ქართველ ქომაგებს, სწორედ ჩვენი არხის მეშვეობით შეუძლიათ უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს, ნებისმიერ ეკრანზე, მათ შორის ფან ზონებსა და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში. შეკრების ერთ-ერთი ადგილი რესპუბლიკის მოედანია, სადაც "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის ორგანიზებით, დამონტაჟებულია დიდი ეკრანი და მოწყობილია სპეციალური, კვების ზონები.








