„იწვევს 8-წლიან (ან სამუდამო) დაზიანებას ნაწლავებში" - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
1784586863
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ახალი გათამაშებისთვის დროის ათვლა უკვე დაწყებულია – მომდევნო მუნდიალის მატჩებს სამი კონტინენტის ექვსი ქვეყანა უმასპინძლებს.
მასპინძელი ქვეყნები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო, რადგან სამ ქვეყანაში ჩატარდა, ხოლო 2030 წელს ტურნირის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. ესპანეთისა და პორტუგალიის ერთობლივი განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე 2024 წლის 11 დეკემბერს, ფიფა-ს რიგგარეშე კონგრესზე დამტკიცდა. მესამე ძირითადი მასპინძელი კი მაროკოა.
გარდა ამისა, 1930 წელს ურუგვაიში გამართული პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით, ფიფა-ს სურდა, პატივი მიეგო ამ ქვეყნისთვის და იქ ერთ-ერთი გახსნითი მატჩი ჩატარდება. უშუალოდ სამხრეთ ამერიკის პატივსაცემად, კიდევ ორი მატჩი გაიმართება არგენტინაში (1930 წლის ვიცე-ჩემპიონი) და პარაგვაიში, სადაც სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CONMEBOL) შტაბ-ბინა მდებარეობს.
მუნდიალის ჩატარების თარიღი
2030 წელს ტურნირი 8 ივნისიდან 21 ივლისამდე გაიმართება. ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება.
გახსნითი მატჩი 8 ივნისს, მონტევიდეოს (ურუგვაი) ლეგენდარულ „სენტენარიოს“ სტადიონზე შედგება. მომდევნო ორი მატჩი ბუენოს აირესის (არგენტინა) „ელ მონუმენტალსა“ და ასუნსიონში (პარაგვაი) ჩატარდება. ამის შემდეგ ტურნირის დარჩენილი ნაწილი ევროპასა და აფრიკაში გადაინაცვლებს.
დიდი ალბათობით, ტურნირის გადამწყვეტ მატჩს „ბერნაბეუ“ უმასპინძლებს.
სტადიონები და მასპინძელი ქალაქები
ესპანეთი მატჩებს 9 ქალაქის 11 სტადიონზე მიიღებს: მადრიდი („ბერნაბეუ“ და „მეტროპოლიტანო“), ბარსელონა („კამპ ნოუ“ და „RCDE სტადიონი“), სევილია („ლა კარტუხა“), ბილბაო („სან მამესი“), სან სებასტიანი („ანოეტა“), სარაგოსა („ნუევა რომარედა“), ლას პალმასი („ესტადიო დე გრან კანარია“) – შესაძლებელია მატჩები ასევე ჩატარდეს ვალენსიასა („ნუევო მესტალია“) და ვიგოში („ბალაიდოსი“).
მაროკოში მატჩები ექვს ქალაქში გაიმართება, თითოეულში თითო სტადიონზე: კასაბლანკა („ჰასან მეორის გრანდ სტადიონი“), ტანჟერი („იბნ ბატუტას სტადიონი“), რაბათი („პრინც მოულაი აბდელას სტადიონი“), ფესი („ფესის სტადიონი“), აგადირი („ადრარის სტადიონი“) და მარაკეში („გრანდ სტადიონი“).
ხოლო პორტუგალიაში მატჩებს ორი ქალაქი უმასპინძლებს: ლისაბონი („ჟოზე ალვალადე“ და „და ლუჟი“) და პორტუ („დუ დრაგაუ“).
ფორმატი
ამ ეტაპზე დაგეგმილია, რომ ტურნირში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და 104 მატჩი ჩატარდება, როგორც ეს 2026 წლის ტურნირზე მოხდა, თუმცა ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, შესაძლებელია მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდოს და მუნდიალზე 64-მა ნაკრებმა ითამაშოს.
თუ ეს ციფრი დამტკიცდა, ფორმატი შეიცვლება და, სავარაუდოდ, ოთხგუნდიანი 16 ჯგუფი შედგება, საიდანაც 1/16-ფინალში თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.