ვინ მიიღებს სააღდგომოდ პროდუქტებს საჩუქრად და რა შედის სასაჩუქრე კალათში

KALATI

პასკა, კვერცხი, წითელი ღვინო, შოკოლადის კანფეტი, ქათამი, ნაღების კარაქი, ზეთი, ლობიო - ეს პროდუქტები სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტებში შედის, რომლებსაც დედაქალაქის რაიონების მასშტაბით გამგეობები განსაკუთრებულად შეჭირვებული ოჯახებისთვის არიგებენ.

ამ ეტაპზე ათი რაიონიდან ხუთმა გამგეობამ უკვე დაარიგა, დანარჩენ ხუთ რაიონში კი პროდუქტების დარიგების პროცესი მიმდინარეობს. 

საბურთალოს რაიონი - აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საბურთალოს გამგეობამ რაიონში არსებულ ხუთივე უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, ვეტერანებსა და უსინათლოთა კავშირის წევრებს სააღდგომო ნობათი დაურიგა. სასაჩუქრე კალათით 1 503-მა ოჯახმა ისარგებლა. 

ჩუღურეთის რაიონში გამგეობამ 3 100 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი გადასცა.

დიდუბის რაიონში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გამგეობამ 3 150 ბენეფიციარს  სააღდგომო სასაჩუქრე კალათი გადასცა.

ისნის რაიონის გამგეობამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, უფასო სასადილოს ბენეფიციარ მოქალაქეებს, ვეტერანებს, მოხუცთა თავშესაფრებისა და უსინათლოთა კავშირის წევრებს ნობათი გადასცა.
ისნის რაიონში სულ 4 450 კალათი დარიგდა.

მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ, უფასო სასადილოთი მოსარგებლე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ვეტერანებს, რაიონში არსებულ მოხუცთა თავშესაფრებისა და უსინათლოთა კავშირის წევრებს - სულ 1 850 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი დაურიგდა.