ზოი სალდანა კინოს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი გახდა

ზოი სალდანა

ბლოკბასტერის „ავატარი: ცეცხლი და ფერფლი“ გამოსვლის შემდეგ, ზოი სალდანა კინოს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი გახდა. მან გადაასწრო სკარლეტ იოჰანსონს და სათავეში ჩაუდგა იმ მსახიობთა რეიტინგს, რომელთა მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს ყველაზე დიდი ჯამური შემოსავალი აქვს.

პორტალ The Numbers-ის მონაცემებით, იანვრის შუა რიცხვებისთვის ზოი სალდანას მონაწილეობით გადაღებული სურათების საერთო შემოსავალმა 15,467 მილიარდ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, სკარლეტ იოჰანსონის ფილმების შემოსავალი 15,401 მილიარდი დოლარია. რეიტინგის მესამე ადგილზეა სემიუელ ელ ჯექსონი 14, 613 მილიარდი დოლარით. ტოპ ხუთეულში ასევე შევიდნენ რობერტ დაუნი-უმცროსი და კრის პრატი.

გამოთვლებში სულ 18 ფილმია გათვალისწინებული, სადაც სალდანამ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. მის რეკორდში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს ფილმებმა:

„ავატარი“ - 2,923 მლრდ დოლარი; „შურისმაძიებლები: დასასრული“ - 2,717 მლრდ დოლარი; „ავატარი: წყლის გზა“ - 2,322 მლრდ დოლარი; „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ - 2,048 მლრდ დოლარი. ასევე ფრანშიზებმა „გალაქტიკის მცველები“ და „ვარსკვლავური გზა“.