ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „ძალადობაში ან ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულ აქციის მონაწილეებს გასამართლებისა და დასჯის პრიორიტეტი მიენიჭებათ“

ღოლამ ჰოსეინ მოჰსენი ეჯეი

ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ძალადობაში ან ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულ აქციის მონაწილეებს გასამართლებისა და დასჯის პრიორიტეტი მიენიჭებათ. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„ყველას, ვინც თავს დაესხა ადამიანებს, უსაფრთხოების ძალებს ან ობიექტებსა და შენობებს, ჩაიდინა ტერორისტული აქტები, აუცილებლად უნდა მიენიჭოს გასამართლებისა და დასჯის პრიორიტეტი“, – განაცხადა ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, ღოლამ ჰოსეინ მოჰსენი ეჯეიმ და აღნიშნა, რომ ამ საქმეებს „რაც შეიძლება სწრაფად“ განიხილავენ.

როგორც „სიენენი“ იუწყება, ჰოსეინ მოჰსენი ეჯეიმ თეირანის ციხეში ხუთი საათი გაატარა, სადაც დაკავებული პირების სტატუსსა და საქმის მასალებს განიხილავდა. ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი აცხადებს, სასამართლო პროცესების ნაწილი საჯაროდ გაიმართება.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 18 137-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამასთან, როგორც „სიენენი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირი, 26 წლის ერფან სოლტანი, შესაძლოა, დღეს სიკვდილით დასაჯონ.

ირანში საპროტესტო აქციები, 17 დღეა, გრძელდება. როგორც „სიბიეს ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 12 ათასია და შესაძლოა, 20 ათასსაც აღწევდეს. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი კი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დაახლოებით 2 400 მომიტინგე დაიღუპა. ამასთან, 132 საათზე მეტია, ირანის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ინტერნეტზე წვდომა შეზღუდული აქვს.