მნიშვნელოვანი ინფორმაცია - აკრძალვა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება
1768388765
ჯგუფი „ევროპის პატრიოტები“ ფონ დერ ლაიენის კომისიის უნდობლობის საკითხს წარადგენს, რითიც ევროკავშირსა და „მერკოსურს“ (სამხრეთ ამერიკის ქვეყნები) შორის სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერას გააპროტესტებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, უნდობლობის საკითხს დეპუტატები მიმდინარე კვირაში წარადგენენ.
„პატრიოტები“ წინადადებას წარადგენენ წევრი სახელმწიფოების მიერ გასულ კვირას დამტკიცებული „მერკოსურის“ სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის საპასუხოდ, რომლის დადებაც, სავარაუდოდ, 17 იანვარს ოფიციალურ ცერემონიაზე მოხდება. ჯგუფის თავმჯდომარემ და საფრანგეთის „ეროვნული კრების“ დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჯორდან ბარდელამ ბრიუსელი და პარიზი ევროპელი ფერმერების ინტერესების დათმობაში დაადანაშაულა.
„ევრონიუსის“ თანახმად, გასული წლის ოქტომბერში „ევროპის პატრიოტების“ ჯგუფის მიერ წარდგენილ წინა წინადადებაში კომისიამ უგულებელყო რამდენიმე ეროვნული პარლამენტის და ევროპელი ფერმერების წინააღმდეგობა „მერკოსურის“ მიმართ. „ევრონიუსს“ „პატრიოტების“ ევროპარლამენტარმა განუცხადა, რომ ტექსტში, შესაძლოა, ასევე იყოს მინიშნება „ფონ დერ ლაიენის მმართველობის სტილზე“, რომელსაც კომისიის ცენტრალიზებულად მართვაში ადანაშაულებენ, თუმცა, მისივე თქმით, ზუსტი ფორმულირება ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია.
კენჭისყრის დასაწყებად 72 ხელმოწერა იქნება საჭირო. „ევროპის პატრიოტების“ შემადგენლობაში 85 ევროპარლამენტარი შედის. თუ კენჭისყრა ჩატარდება, ეს იქნება ევროპარლამენტის მეოთხე მცდელობა, ჩამოშალოს ფონ დერ ლაიენის კომისია ამ საკანონმდებლო ორგანოში. წინა სამი კენჭისყრა, რომელიც 2024 წელს გაიმართა, ფონ დერ ლაიენის გადაყენებასთან ახლოსაც არ მისულა.
როგორც მედია წერს, უნდობლობის ამ ახალი ვოტუმის წარმატების შანსი მინიმალურია. ოქტომბერში „ევროპის პატრიოტების“ მიერ წარდგენილ უნდობლობის საკითხს 378-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა, 179 მომხრე იყო და 37-მა თავი შეიკავა. მაშინ ცენტრისტული ძალები ფონ დერ ლაიენის პრეზიდენტობის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.