„კლინიკაში ვერტმფრენით გადააფრინეს...“ - მოთხილამურე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მძიმედ დაშავდა

მოთხილამურე

ამერიკელი მოთხილამურე და ოლიმპიური ჩემპიონი ლინდსი ვონი მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მძიმედ დაშავდა.

ინციდენტი კვირას, იტალიის ქალაქ კორტინა-დ’ამპეცოში გამართულ შეჯიბრებაზე მოხდა, სადაც ვონი ოქროს მედლისთვის იბრძოდა. დაშვების დაწყებიდან რამდენიმე წამში სპორტსმენი დროშას გამოედო და სერიოზულად დაშავდა. იგი კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

შემდგომ გაირკვა, რომ ვონს მარცხენა ფეხის მოტეხილობა აქვს, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენს იმავე ფეხზე უკვე ჰქონდა მძიმე ტრავმა ოლიმპიურ თამაშებამდე.

აშშ-ის მოთხილამურეთა და სნოუბორდის გუნდის განცხადებით, ლინდსი ვონი საავადმყოფოში სტაბილურ მდგომარეობაშია და მას ადგილობრივი და ამერიკელი ექიმები მკურნალობენ.

ცნობისთვის, 41 წლის სპორტსმენი ოლიმპიადაზე ტრავმირებული ასპარეზობდა — მან იანვარში, შვეიცარიაში, მუხლი მძიმედ დაიზიანა, თუმცა თამაშებში მონაწილეობა მაინც გადაწყვიტა.