დაბა ბაკურიანში უკანონო დაერთებები გამოვლინდა

დაბა ბაკურიან

ინფრასტრუქტურის სამინისტროს "საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ" დაბა ბაკურიანში წყალმომარაგების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოავლინა. შედეგად, რამდენიმე მსხვილ კომერციულ ობიექტს წყლის მიწოდება შეუზღუდა.

კომპანიის ინფორმაციით, ობიექტები ქსელზე უკანონოდ იყვნენ მიერთებულნი, რაც იწვევდა წყლის დანაკარგებს, ქსელში წნევის ვარდნას და ზრდიდა სასმელი წყლის ხარისხის გაუარესების რისკებს. მსგავსი დარღვევები აზიანებს როგორც ინფრასტრუქტურას, ისე კეთილსინდისიერ მომხმარებლებს.

წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვა ხორციელდება მხოლოდ ტექნიკური შემოწმებით დადასტურებული უკანონო დაერთების შემთხვევაში და სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

კომპანიამ ობიექტებს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ვადა 8 დეკემბრამდე მისცა, თუმცა მოთხოვნები ყველა შემთხვევაში არ შესრულდა. შედეგად, ქსელის სტაბილური ფუნქციონირების, რესურსის სამართლიანი განაწილების და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათთვის წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ.