ხიდი

საზოგადოება • 1791196187

ქვეშეთი–კობის გზაზე 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომლის სიგრძე 400 მეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან - 166 მეტრი. ხიდის თაღის სიგრძე 300 მეტრია და ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.თაღოვანი ხიდი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. თაღის ორი ნაწილის შეერთება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. თაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე ხიდის ბურჯები, შემდეგ კი მალის ნაშენი მოეწყობა.ქვეშეთი–კობის პროექტი ითვალისწინებს 23 კილომეტრიანი, ორზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას, ასევე ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. ხუთი ახალი ხიდიდან ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, ერთის მშენებლობა კი დასრულებულია.დასრულებულია 9 კილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში - რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.ასევე დასრულებულია 1,5 კილომეტრიანი და 500 მეტრიანი გვირაბების გაყვანა და რკინაბეტონით მოპირკეთება.ახალი გზა კობის მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას გაზრდის და ზამთარში მოძრაობის შეზღუდვის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება მთელი წლის განმავლობაში გადაადგილებისა და საჭირო მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა.პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს.

გზა

დედაქალაქი • 1791191955

ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე, ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა და აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგა.პროექტის ფარგლებში ძველი, დაზიანებული ხიდის დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო რკინაბეტონის საავტომობილო ხიდი აშენდა.დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა დედაქალაქში. ეს არის ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე დიღმურაზე. აღნიშნულ პროექტს რეაბილიტაციას ვერ დავარქმევ, რადგან ფაქტობრივად, არსებული ხიდის სრული დემონტაჟი განხორციელდა და ახალი ხიდი აშენდა, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარი, რომელიც წინა ხიდის შემთხვევაში არ არსებობდა. ასევე დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, ხიდი დაიხაზა და მისი გამოყენება დღეიდან უკვე შესაძლებელია. ამ პერიოდის განმავლობაში იყო გარკვეული დისკომფორტი, რადგან მოძრაობა შეზღუდული იყო და სამუშაოების დროს  გადაადგილება ფერხდებოდა, თუმცა დღეიდან მოსახლებას აქვს საშუალება, აღნიშნული ხიდი გამოიყენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საჰაერო სადენები განთავსდა მიწისქვეშა საკაბელო არხებში და დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. პროექტი, რომლის ღირებულებამ ოთხი მილიონი ლარი შეადგინა, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.აღნიშნული საავტომობილო ხიდი ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ძველი, 64 მეტრი სიგრძის ლითონის ხიდი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველი ხდებოდა.უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე პერიოდულად იზღუდებოდა მძიმე და დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაც, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და მძღოლებს დამატებით დისკომფორტს უქმნიდა.დღეის მდგომარეობით ახალი საავტომობილო ხიდი უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას როგორც მსუბუქი, ისე მძიმე და დიდგაბარიტიანი ავტომობილებისთვის, ასევე ქვეითებისთვის.დასრულებულ სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე, ასევე საკრებულოს წევრები შალვა პერანიძე და ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკა • 1791186999

ALDE-ს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია - თენგიზ შარმანაშვილი

 არასამთავრობო ორგანიზაციების ლობიზმი და ქვეყანაში NGO-ბის გაუმჭვირვალედ საქმიანობის სურვილი - "ქართული ოცნება" ALDE-ს პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.უცხოური პოლიტიკური პარტია ALDE ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა.ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის წერილი უკვე გაუგზავნა კაია კალასს და მარტა კოსს, რომლებიც ამავე ალიანსის ლიდერები არიან. ALDE-სჯგუფში შედის ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ALDE ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობას შეუწყოს ხელი."მათ რამდენჯერმე მიმართეს ALDE-ს, მათ შორის ტერორიზმის მუხლთან დაკავშირებით. ჰკითხეს, მოგწონთ ეს, ემხრობით პოლიტიკაში ასეთი რაღაცების გამოყენებას - მათ უპასუხოდ დატოვეს ეს კითხვა.ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არავითარი ღირებულებები არ გააჩნიათ, ALDE-ს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია. მათ ერთადერთი ღირებულებაა უკანონოდ იმოღვაწონ საქართველოში და საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობას შეუწყონ ხელი.თუ გააჩნიათ [სხვა ღირებულება] ჩვენ ბოდიშს მოვუხდით. უპასუხონ კითხვებს საჯაროდ და მაშინ გავიგეთ. ვიდრე ჩუმად არიან ამ საკითხებზე, ესე იგი ემხრობიან ასეთ მეთოდებს. როდესაც ორგანიზაცია ასეთ მეთოდებს ემხრობა - მე ჭკუას ნუ მასწავლის. საქართველოში არავინ შეუვიწროებიათ. საქართველოში ყელა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციას უთხრეს, რომ თუ უნდათ ჩვენთან იმოღვაწონ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ნარკოტიკი

სამართალი • 1791184881

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

 შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და აღკვეთილია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი.ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემაში იყო ჩართული. ისინი ნარკოტიკებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ადგილმდებარეობის ამსახველ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული  ადგილების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კილოგრამამდე „მეთადონი“ და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კილოგრამამდე „ჰაშიში“.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ნარკოტიკული საშუალებების  უკანონო ბრუნვის, გავრცელებისა და რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ.

ოქრო

სამართალი • 1791182162

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა  8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა.ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 1 700 000- მდე ლარს შეადგენს.საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კალაძე

პოლიტიკა • 1791106035

კახა კალაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: ეს კონკრეტული ადამიანი ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს მსგავსი ტიპის განცხადებებით

ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ფაქტი, როგორც ხდება ხოლმე, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების შეფასებისას.მისი თქმით, ის დრო, როდესაც მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ღირსებას ულახავდნენ, 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაასრულა.„არასერიოზულია ეს ყველაფერი. ის დრო, როდესაც ქვეყანაში იყო სრული განუკითხაობა, უსამართლობა მოქალაქეების მიმართ, დავასრულეთ ქართველ ხალხთან ერთად 2012 წელს. მას შემდეგ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ფაქტს არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. ვერ წარმოადგენთ მსგავს ფაქტს, რადგან არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი ღირსება. არ აქვს მნიშვნელობა ის პატიმარია, ექიმია, ბიზნესმენია, მასწავლებელია თუ სხვა. მნიშვნელოვანია, არავინ შეეხოს ადამიანის ღირსებას, მით უმეტეს ციხეებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მსჯავრდებულის მიმართ არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.„ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ფაქტი, როგორც ხდება ხოლმე. ერთი რამ არის საინტერესო - ეს ვითომ გაუპატიურების მცდელობის ფაქტი მოხდა 2025 წელს, როგორც არის საუბარი. ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა? აქ მეორე მთავარი უბედურებაა ის, რომ კონკრეტული ადამიანი, პატიმარი, ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს ამ ტიპის განცხადებებით. რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის სიმართლე. ის, რაც არ არსებობს ბუნებაში, რაც არ უნდა იწვალოთ, ვერ იქნება. ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, უამრავმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარი ოჯახის წევრებზე, თუნდაც ბიზნესის რეკეტი, არაადამიანური მოპყრობა ციხეებში. არაერთი ვიდეომასალა გვაქვს ნანახი, თუ როგორ უსწორდებოდნენ პატიმრებს, როგორ გამოჰყავდათ, აკრავდნენ მანქანაზე და რა ხდებოდა მერე, ყველას კარგად გვახსოვს. დამთავრდა, მორჩა, ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს. დღეს ქვეყანაში არის თავისუფლება, დემოკრატია, დაცულია ადამიანის უფლებები. რაც მთავარია, დაცულია ადამიანის ღირსება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისობა

დედაქალაქი • 1791031743

ზურაბ აბაშიძე საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ წლევანდელი თბილისობის პროგრამა, როგორც ყოველთვის, მასშტაბური, მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო იქნება.„თბილისობა ჩვენი ქალაქის მრავალფეროვნების, ისტორიისა და ტრადიციების განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად აღვნიშნავთ. თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ მრავალფეროვნება, თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემაა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად აბანოთუბანში თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს მიერ მოწყობილი თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა კუთხეები და „თბილისობა 2026“-ის ფარგლებში წარმოდგენილი სხვადასხვა საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.ორი დღის განმავლობაში „თბილისობის“ აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები დედაქალაქის ხუთ ლოკაციაზე იქნება წარმოდგენილი. დღესასწაულის ფარგლებში თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.ყველა ლოკაციაზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულადაა განთავსებული სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, დასასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოწყობილია სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, აგრეთვე სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.ამასთან, დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.

ბაქო-თბილისი-ბაქო

საზოგადოება • 1790956585

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტზე - სიახლე ნოემბრიდან ამოქმედდება

პირველი ნოემბრიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტზე ყოველდღიურად ოთხი რეისი შესრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, შედეგად სამგზავრო ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე, ანუ თითქმის 50%-ით გაიზრდება.ბაქოდან თბილისამდე ერთი მიმართულებით მგზავრობის მინიმალური ღირებულება 54 მანათი იქნება, ევლახიდან – 44 მანათი, განჯიდან – 41 მანათი, აღსტაფადან – 38 მანათი, ბოიუკ-ქესიკიდან კი – 36 მანათი. შედარებისთვის, ამჟამად Stadler-ის ვაგონებით ბაქოდან თბილისამდე მგზავრობის მინიმალური ფასი 77,50 მანათია, განჯიდან კი – 56,80 მანათი.დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა 2 ოქტომბრიდან დაიწყება. მგზავრებს როგორც ღამის, ისე დღის რეისებით სარგებლობა შეეძლებათ.ახალი განრიგის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მოქმედი მატარებელი აზერბაიჯანის დედაქალაქიდან 23:00 საათზე გავა და თბილისში მეორე დღეს 08:41 საათზე ჩავა. საპირისპირო მიმართულებით მატარებელი 11:00 საათზე გაემგზავრება და ბაქოში 20:26 საათზე ჩავა.ახალი რეისი ბაქოდან ყოველდღიურად 09:10 საათზე გავა და თბილისში 19:11 საათზე ჩავა. საპირისპირო მიმართულებით მატარებელი 22:00 საათზე გაემგზავრება და ბაქოში მეორე დღეს 07:57 საათზე ჩავა.ბილეთების ონლაინ შესაძენად მგზავრებმა ADY-ის ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში პირადი ანგარიში MyGov ID-ის მეშვეობით უნდა დაადასტურონ, ამისთვის კი FIN კოდი უნდა შეიყვანონ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მიუთითონ თავიანთი ქვეყანა და ტელეფონის ნომერი.

დოლარი

ფინანსები • 1790954465

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6039 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6042 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9257 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9407 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0150 ლარი შეადგინა.

ოქრო

სამართალი • 1790948366

ბათუმის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ბათუმის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 745 გრამი) აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 128 142 ლარი შეადგინა.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მაქსიმოს ხარაკოპულოსი

პოლიტიკა • 1790939813

მაქსიმოს ხარაკოპულოსი: ევროკავშირს აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტები და პროცედურები, რათა ევროკავშირის აღმშენებლობის ცენტრში ქრისტიანული ღირებულებები დააბრუნონ

2022 წელს გამართულ კონფერენციაზე დავინახეთ ქრისტიანული ღირებულებების, როგორც ევროპელი ხალხების იდენტობისა ნაწილის უგულებელყოფა, ვიგრძენით მოვალეობა, აქტიურად ჩავრეულიყავით და მიგვეთითებინა ევროპულ ღირებულებათა ჩარჩოში ქრისტიანული ღირებულებების არარსებობაზე, – ამის შესახებ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, მაქსიმოს ხარაკოპულოსმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტები და ინსტიტუციური პროცედურები, რათა ევროკავშირის აღმშენებლობის ცენტრში ქრისტიანული ღირებულებები დააბრუნონ.„დღეს ვიმყოფები ულამაზეს ქალაქ თბილისში, ქართველი ერის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ეს გახლავთ გარდამტეხი მოვლენა, რომელმაც წარუშლელი ბეჭედი დაასვა ქართველობის იდენტობას, მათ მდიდარ კულტურასა და ისტორიას. ჭეშმარიტად გვიხარია, რომ ქართული მიწის ყოველ კუთხეში აღმართულია მშვენიერი ტაძრები. ისინი მოწმობენ მათ მკვიდრთა ურყევ რწმენას, რომელიც ვერ გატეხა ვერცერთმა ძალაუფლებამ. ამასთანავე, საბჭოთა ტოტალიტარიტიზმის  განსაცდელიდან საქართველოს ეკლესია გამოვიდა კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული, უფრო დიდი ავტორიტეტით, რათა სამწყსოს მეშვეობით თავისი მოვალეობა შეესრულებინა ნეტარხსენებული პატრიარქის, ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი შეუდარებელი მოღვაწეობის წყალობით. ამას დღეს ღირსეულად აგრძელებს მისი მემკვიდრე პატრიარქი, შიო მესამე. საქართველოს ეკლესია განიცდის თავისებურ გაზაფხულს ღვთის სადიდებლად.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპამ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის შესაშურ გარემოს მიაღწია მსოფლიო ისტორიაში. ეს პროცესი ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებით კიდევ უფრო გაფართოვდა, მიუხედავად ამისა, ევროპული აღმშენებლობა ამავდროულად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც მის პოლიტიკურ იდენტობასაც უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანია მცდელობა, რომ უგულებელყოფილ იქნეს ქრისტიანობის, როგორც ევროპული ცივილიზაციის მთავარი ბოძის მნიშვნელობა, იგნორირებულ იქნეს ქრისტიანული პრინციპები და ღირებულებები. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება ევროპელ მოქალაქეთა უმრავლესობის პოზიციას. ჩვენ მოწმენი ვართ სახიფათო რევიზიონისმისა, რომელიც მიზნების მიღწევის საშუალებად ძალადობას ამკვიდრებს და უგულებელყოფს როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ისე კატასტროფულ შედეგებს. უპირველეს ყოვლისა, ამას ვხედავთ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. გარდა ამისა, საქართველოს ასეთი მოქმედებები  თავის უახლოეს წარსულში აქვს განცდილი. პატივს ვცემთ რა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ პრინციპებს, ასევე გვმართებს, ვიშრომოთ საერთაშორისო კანონიერების აღდგენისთვისაც და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ შერიგების, ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და მშვიდობის ქრისტიანულ პრინციპებს.თბილისში ჩვენი დღევანდელი ყოფნა წარმოადგენს იმ შეხვედრის გაგრძელებას, რომელიც ევროპარლამენტის შტაბ-ბინაში გაიმართა ბრიუსელში. იქ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის ინიციატივით, სხვადასხვა ქვეყნის დეპუტატებთან, ევროპარლამენტარებთან და რელიგიურ ორგანიზაციებთან გვქონდა შესაძლებლობა, რომ განგვეხილა სწორედ ეს თემა, ქრისტიანული ღირებულებების როლი თანამედროვე ევროპულ რეალობაში. ეს შეხვედრა ერწყმის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის იმ ინიციატივებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში ხორციელდება. ჩვენი გადაწყვეტილების გარდამტეხ წერტილად იქცა 2022 წლის მაისში ჩატარებული კონფერენცია ევროპული მომავლის შესახებ, სადაც დავინახეთ ქრისტიანული ღირებულებების, როგორც ევროპელი ხალხების იდენტობისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილის სრული უგულებელყოფა.  ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ 300-გვერდიან ტექსტში არცერთხელ არ არის ნახსენები ევროპის ქრისტიანული ღირებულებები და მისი ფესვები. ჩვენ ვიგრძენით მოვალეობა, რომ აქტიურად ჩავრეულიყავით საჯარო დისკუსიაში და მიგვეთითებინა ევროპულ ღირებულებათა ჩარჩოში ქრისტიანული ღირებულებების არარსებობაზე.2024 წელს, ევროპარლამენტის არჩევნების წინა დღეს, ევროპის ეკლესიათა კონფერენციასთან, ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციების კომისიასთან და ორგანიზაციის, „ერთად ევროპისკენ“ თანამშრომლობით, თესალონიკში ორგანიზება გაუკეთდა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე – პოლიტიკა როგორც ყოველდღიურობის ქრისტიანული ღირებულებების გამოხატვის სივრცე. კონფერენციაში მონაწილეებმა ხელი მოვაწერეთ მიმართვის ტექსტს პოლიტიკური ჯგუფებისადმი, რათა ევროპული განვითარების საძირკველად ქრისტიანული ღირებულებები აღიარონ. ამ ინიციატივამ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ევროპის ხალხთა პარტიის კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის და ევროპარლამენტის რელიგიის, რწმენისა და ცნობიერების, სინდისის თავისუფლების ინტერჯგუფის გააქტიურებაში, რომლის აღდგენაშიც მართლმადიდებლობის ასამბლეამ წამყვანი როლი შეასრულა. გარდა ამისა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ამავე მიზნისთვის თანამშრომლობს საპარლამენტთაშორისო კავშირთანაც, ჩვენ ცალმხრივად ვუჭერთ მხარს საპარლამენტთაშორისო კავშირის დეკლარაციებსა და მოწოდებებს, რომლებიც მიღებულ იქნა მარაკესა და რომში. ამ ტექსტებით ეროვნულ პარლამენტებსა და მსოფლიოს პარლამენტარებს  მოუწოდებენ, ძალისხმევა მიმართონ საპარლამენტო და რელიგიურ ინსტიტუტებს შორის დიალოგის მშენებლობისაკენ.საპარლამენტთაშორისო კავშირის დეკლარაციების მიზნების განხორციელების ძალისხმევაში ჩვენი ასამბლეის წვლილი აღიარებულია საერთაშორისო და ევროპულ დონეზე. პოლიტიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით. ასეთი ინიციატივის წარმატებით განხორციელებისათვის ყველაზე მომწიფებული სივრცე ევროკავშირი გახლავთ, რომელსაც სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტები და ინსტიტუციური პროცედურები აქვს, რათა ევროკავშირის აღმშენებლობის ცენტრში ქრისტიანული ღირებულებები დააბრუნონ, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მეჩვიდმეტე მუხლი ითვალისწინებს ევროკავშირის ღია, რეგულარულ და გამჭვირვალე დიალოგის დამკვიდრებას რელიგიებთან და იძლევა საუკეთესო საფუძველს, რომ სული და ხორცი შევასხათ საპარლამენტთაშორისო კავშირის წინადადებებს და საპარლამენტო რელიგიურ ინსტიტუტებს“, – განაცხადა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790927058

შალვა პაპუაშვილი: მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნება და ჩვენი ადგილი ქრისტიანულ ცივილიზაციაში

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება", - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშილმა, საერთაშორისო კონფერენციზე "ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართელოში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველომ გამოიარა აღმავლობისა და დაცემის, ერთიანობისა და დაშლის, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და აღდგენის არაერთი პერიოდი. თუმცა მისი თქმით, ქრისტიანობა დარჩა ერთ-ერთ ყველაზე მყარ საყრდენად, რომლის გარშემოც ქართველმა ხალხმა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება შეძლო."მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნება, საზოგადოებრივი ურთიერთობები და, საბოლოოდ, ჩვენი ადგილი ქრისტიანულ ცივილიზაციაში.მას შემდეგ შეიცვალა სახელმწიფოები, საზღვრები, პოლიტიკური სისტემები და საზოგადოებრივი წყობა. საქართველომ გამოიარა აღმავლობისა და დაცემის, ერთიანობისა და დაშლის, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და აღდგენის არაერთი პერიოდი. მაგრამ ამ ისტორიულ ცვალებადობაში ქრისტიანობა დარჩა ერთ-ერთ ყველაზე მყარ საყრდენად, რომლის გარშემოც ქართველმა ხალხმა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება შეძლო.სწორედ ამიტომ 1700 წლისთავის აღნიშვნა მხოლოდ წარსულის გახსენება ვერ იქნება. ისტორიული თარიღის ნამდვილი მნიშვნელობა მაშინ ჩნდება, როდესაც იგი დღევანდელ კითხვებზე დაფიქრებას გვაიძულებს. და დღეს ასეთი კითხვები მრავლად გვაქვს.რას ნიშნავს ქრისტიანული ღირებულებები თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში? რა ადგილი აქვს რელიგიურ და ზნეობრივ გამოცდილებას პოლიტიკაში, რომელიც სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე მოქალაქეებს აერთიანებს? როგორ უნდა ითანამშრომლონ ეკლესიამ და სახელმწიფომ ისე, რომ დაცული იყოს როგორც სახელმწიფოს ინსტიტუციური ავტონომია, ისე ეკლესიის თავისუფლება და საზოგადოებრივი როლი? როგორ უნდა აისახოს ადამიანის ღირსების, პასუხისმგებლობის, თავისუფლების, სოლიდარობისა და მოყვასის პატივისცემის პრინციპები იმ გადაწყვეტილებებში, რომლებსაც პარლამენტები ყოველდღიურად იღებენ?,’’- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამ კითხვებზე მსჯელობას ემსახურება  დღევანდელი კონფერენცია."ევროპული პარლამენტარიზმი ისტორიულ ვაკუუმში არ წარმოშობილა. ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაში მრავალი წყარო მონაწილეობდა - ანტიკური ფილოსოფია, რომაული სამართალი, ქრისტიანული მსოფლმხედველობა, განმანათლებლობა და შემდგომი დემოკრატიული გამოცდილება.თანამედროვე ევროპული სახელმწიფო სეკულარულია, მაგრამ ევროპის ისტორია და მისი ღირებულებების სრულად გააზრება ქრისტიანული მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია. ადამიანის ღირსება, პიროვნების პასუხისმგებლობა, მოყვასის მიმართ ვალდებულება, სოლიდარობა, მოწყალება, ოჯახის მნიშვნელობა - ეს ცნებები საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ევროპულ საზოგადოებებს და დღესაც მონაწილეობს მათ ზნეობრივ თვითგაგებაში.ამიტომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა არ ნიშნავს ეკლესიისა და საზოგადოების ერთმანეთისგან გამიჯვნას. თუმცა დღეს რწმენისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ ზოგჯერ ისეთი მკვეთრი მიდგომა გვხვდება, რომელიც რელიგიის სრულ განდევნას ესწრაფვის არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ საზოგადოებრივი სივრციდანაც. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების გადარჩენას სწორედ რწმენას უნდა ვუმადლოდეთ. მეტიც, ის რომ საქართველომ ბოლო ათწლეულებში შეძლო კონფლიქტებისა და ომების ეპოქის დასრულება და მშვიდობიანი განვითარების დაწყება, დიდწილად სწორედ ჩვენი რწმენისა და ეკლესიის დამსახურებაა.რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც - იმ ზნეობრივ ხერხემალზე, რომელსაც ჯერ კიდევ ეყრდნობა ქართული საზოგადოება და თითოეული ქართველი.ქრისტიანული რწმენის გარიყვა საზოგადოებრივი დისკურსიდან საზოგადოებას საერთო ზნეობრივ საყრდენს აცლის. ფართოდ გაზიარებული ზნეობრივი ნორმების შესუსტებისას ადამიანი მორალის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციამდე დადის. აქედან კი რელატივიზმამდე და, საბოლოოდ, საზოგადოებრივი ზნეობრივი წესრიგის რღვევამდე მცირე ნაბიჯია. ამ ტენდენციის გამოსწორება მხოლოდ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ეკლესიას შორის მუდმივი დიალოგით არის შესაძლებელი.ეს საჭიროება კარგად ჩანს თავად თანამედროვე ევროპულ სამართალშიც. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლი აღიარებს ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების იდენტობასა და განსაკუთრებულ წვლილს და ადგენს მათთან ღია, გამჭვირვალე და რეგულარული დიალოგის პრინციპს.ეს მნიშვნელოვანი ევროპული ფორმულაა. ის გვეუბნება, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო შეიძლება იყოს მსოფლმხედველობრივად ნეიტრალური, მაგრამ საზოგადოების სულიერი, კულტურული და ზნეობრივი გამოცდილების მიმართ გულგრილი ვერ იქნება.პარლამენტისთვის ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს. პარლამენტი ის ადგილია, სადაც საზოგადოების განსხვავებული ინტერესები, ღირებულებები და შეხედულებები კანონებსა და საჯარო პოლიტიკაში აისახება.კანონი ტექნიკური ტექსტი არ არის. ყოველი მნიშვნელოვანი კანონის უკან დგას წარმოდგენა ადამიანზე, მის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე და სახელმწიფოს მოვალეობაზე.ამიტომ ღირებულებების შესახებ საუბარი პარლამენტისთვის უცხო თემა ვერ იქნება", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონფერენციის ერთ-ერთი თემა, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს შეეხება დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელლვანია, რადგან მის წინაშე არაერთი გამოწვევაა. "ღირებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა არ ნიშნავს რწმენის კანონით თავს მოხვევას. ქრისტიანული ღირებულების ძალა სწორედ თავისუფალ არჩევანშია. ჩვენი ამოცანაა ისეთი საზოგადოებრივი და სამართლებრივი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი რწმენისა და ტრადიციის მიხედვით ცხოვრება ისე, რომ პატივი სცეს სხვის თავისუფლებასა და ღირსებას.ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კონფერენციის მეორე დიდი თემა - ოჯახი.ოჯახი ერთ-ერთი უძველესი სოციალური ინსტიტუტია, მაგრამ მის წინაშე არსებული გამოწვევები დღეს სრულიად თანამედროვეა.ევროპის არაერთ ქვეყანაში მცირდება შობადობა, ბერდება მოსახლეობა, იზრდება ეკონომიკური და სოციალური წნეხი ახალგაზრდა ოჯახებზე. ტექნოლოგიური და კულტურული ცვლილებები ახალ კითხვებს აჩენს მშობლობის, თაობათა ურთიერთობისა და თავად ოჯახის მნიშვნელობის შესახებ.საქართველოც ამ პროცესებისგან განცალკევებული არ არის.ოჯახის მხარდაჭერა მხოლოდ პირადი მორალის საკითხი აღარ არის. იგი დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის საკითხიცაა.ძლიერი ოჯახი ნიშნავს გარემოს, სადაც ბავშვი დაცულია, სადაც თაობები ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობენ და სადაც ადამიანი მარტო არ რჩება ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში.ქრისტიანული გაგებით კი ოჯახი კიდევ უფრო მეტია - ის სიყვარულის, ერთგულების, თავგანწირვისა და პასუხისმგებლობის პირველი სკოლაა.სწორედ აქ სწავლობს ადამიანი იმას, რაც მოგვიანებით საზოგადოებასაც სჭირდება - სხვისთვის ადგილის დათმობას, პასუხისმგებლობის აღებას, განსხვავების მიღებას, პატიებას და ზრუნვას.ოჯახის დაცვა არ უნდა ნიშნავდეს ვინმეს გარიყვას და ტრადიციის დაცვა არ უნდა საჭიროებდეს იძულებას. პირიქით, ტრადიცია მაშინ არის ძლიერი, როდესაც მისი სიცოცხლისუნარიანობა თავისუფალ საზოგადოებაშიც დასტურდება.ამ საკითხებზე საუბარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ევროპა ერთდროულად რამდენიმე კრიზისს განიცდის - უსაფრთხოების, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და ღირებულებით გამოწვევებს.კრიზისის დროს საზოგადოებები ხშირად მხოლოდ ინსტიტუტებსა და რესურსებზე ამყარებენ იმედს. მაგრამ ისტორია გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოების გამძლეობა მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით, სამხედრო შესაძლებლობებითა და ინსტიტუციური მოწყობით არ განისაზღვრება. მას განსაზღვრავს ისიც, თუ რამდენად მტკიცეა საზოგადოებრივი კავშირები, რამდენად ენდობიან ადამიანები ერთმანეთს, რამდენად გრძნობენ პასუხისმგებლობას ოჯახის, საზოგადოების და მომავალი თაობების მიმართ და რამდენად აქვთ საერთო ღირებულებითი საყრდენი.საქართველოს 1700-წლიანი ქრისტიანული გამოცდილება ამ თვალსაზრისით მხოლოდ ჩვენი წარსული არ არის. ეს არის გამოცდილება იმისა, თუ როგორ შეიძლება სულიერმა და კულტურულმა ტრადიციამ სახელმწიფოებრივ წყვეტებს გაუძლოს, თაობები ერთმანეთთან დააკავშიროს და ეროვნული იდენტობის უწყვეტობა შეინარჩუნოს.ამიტომ ჩვენი სურვილია, რომ ეს საიუბილეო წელი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის აღნიშვნის, არამედ ფართო ევროპული მსჯელობის შესაძლებლობაც გახდეს - მსჯელობისა იმაზე, თუ რა ადგილი აქვს ქრისტიანულ მემკვიდრეობას თანამედროვე ევროპაში; როგორ შეიძლება პარლამენტებსა და ეკლესიებს შორის დიალოგი იყოს ღია, რეგულარული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული; როგორ შეიძლება პოლიტიკამ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი; და საბოლოოდ - როგორ შეიძლება თავისუფალმა და პლურალისტურმა საზოგადოებამ შეინარჩუნოს ის ღირებულებითი საფუძველი, რომლის გარეშეც თავისუფლება ადვილად კარგავს პასუხისმგებლობას, ხოლო პოლიტიკა - ადამიანურ საზომს.1700 წლის წინ საქართველომ ქრისტიანობის მიღებით გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი. განვლილი 1700 წლის განმავლობაში ამ არჩევანის დაცვამ აურაცხელი მსხვერპლი მოითხოვა. საქართველოში ყველა თაობას უწევს იგივე არჩევანის გაკეთება, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით გააგრძელოს მამა-პაპათა არჩეული გზა, თუ მთლიანად მოერგოს ცვალებად პოლიტიკურ და კულტურულ კონიუნქტურას.ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს არჩევანი თანამედროვე სამყაროში და როგორ შეიძლება საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ,’’- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა ილია მეორის ღვაწლზე და აღნიშნა, რომ მან თანამედროვე სამყაროში შეძლო და დაიცვა და ააღორძინა ისეთი უკვდავი ღირებულებები, როგორიცაა ღმერთი, სამშობლო, ადამიანი."ამ კონფერენციის მისასალმებელ სიტყვაში არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი წმინდა პატრიარქი, ილია მეორე. მისმა გარდაცვალებამაც კი კიდევ ერთხელ გვაჩვენა ჩვენი ერის გასაოცარი ერთობა და სულიერი კავშირი - იმ უმაღლესი მიზნის ხორცშესხმა, რომელსაც უწმინდესმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა: ბერობაში, მღვდელმსახურებასა და პატრიარქობაში.ჩვენ ყველანი ვართ ამ სასწაულის მომსწრე, ამ ტრანსფორმაციის მხილველნი და ამ გაკვეთილის მსწავლელნი, თუ რას ნიშნავს იცხოვრო თანამედროვე სამყაროში და დაიცვა და ააღორძინო ისეთი უკვდავი ღირებულებები, როგორიცაა ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, რწმენა, ოჯახი, შრომა და თავდადება.ვფიქრობ დღევანდელი კონფერენცია თავის წვლილს შეიტანს ამ რთული საკითხების განხილვაში. მადლობა ჩვენს სტუმრებს საქართველოში ჩამობრძანებისთვის. მადლობა ყველას, ვინც ამ კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობდა. გისურვებთ საინტერესო და ნაყოფიერ მსჯელობას", -  განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

✕