პაპუაშვილი

პოლიტიკა 1769871308

პაპუაშვილი მთივლიშვილზე: რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი. თანაც ისეთი უტიფარი, რომ ამ საკითხზე და შოვის ტრაგედიაზე სიყალბის გამო ევროკავშირმა დაფინანსებაზე უარი უთხრა

ის, რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გელა მთივლიშვილთან დაკავშირებით.როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, „თანაც ისეთი უტიფარი სიყალბის, რომ, როგორც თავად რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ საკითხზე და შოვის ტრაგედიაზე მსგავსი დონის სიყალბის გამო მას ევროკავშირმა დაფინანსებაზე უარი უთხრა“.„ის, რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი.თანაც ისეთი უტიფარი სიყალბის, რომ, როგორც თავად რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ საკითხზე და შოვის ტრაგედიაზე მსგავსი დონის სიყალბის გამო მას ევროკავშირმა დაფინანსებაზე უარი უთხრა. ანუ იმ დონის უტიფარი სიყალბეა, რომ ბრიუსელისთვისაც კი, რომელიც ყველანაირ საბაბს ეძებს, რომ შარი მოგვდოს და ბრალი დაგვდოს, წითელი ხაზი აღმოჩნდა.წესით, ამ ერთი ფაქტის მოყვანითაც შემეძლო ეს თემა დამეხურა, თუმცა, ვინაიდან, ამ ადამიანს არც ჩემი სიტყვა ესმის და როგორც თავად ამბობს, არც ევროკავშირის, და სოცქსელს ამ სრულიად ყალბი ბანერით აბინძურებს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რა არის სიყალბე და რა - სიმართლე.რაც შეეხება სიმართლეს. სიმართლე ის არის, რომ ჩემი ერთდერთი დამსახურება, რომ ჩემს ბიძაშვილთან ერთად მის მიერ ნახსენები ნაკვეთის თანამესაკუთრე (და არა ერთადერთი მესაკუთრე) ვარ, არის იმაში, რომ პაპაჩემის შვილიშვილი ვარ.ამ ნაკვეთს და მის მიმდებარე არანაკლებ ნაკვეთებს (რომელსაც ის რატომღაც არ აჩენს) იმ მომენტიდან, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში საკუთრების უფლება გაჩნდა, პაპაჩემი ფლობდა, ნაწილს საკუთრებად, ნაწილს კი იჯარით.პაპაჩემი 2003 წელს გარდაიცვალა და მემკვიდრეობა მე და ჩემს ბიძაშვილს დაგვიტოვა. ის, რაც მას საკუთრებაში ჰქონდა, საკუთრებად გადმოვიფორმეთ, ხოლო ის, რაც იჯარის ხელშეკრულებით იყო, მასზე ახალი იჯარის ხელშეკრულება დავდეთ. ვინაიდან იჯარის პროცედურებს რეგიონში სხვადასხვა უწყებებში სიარული, წერილების წერა და თანხმობები სჭირდებოდა, ყველგან ორივეს რომ არ გვეარა, შევთანხმდით, რომ ნაკვეთების ამ ნაწილზე იჯარის ხელშეკრულების დადებას ჩემი ბიძაშვილი აიღებდა თავის თავზე. თუმცა ამის შემდეგაც ეს იყო ჩვენი საერთო ქონება და იჯარის თანხასაც ერთად ვიხდიდით. 2005 წლიდან შესაძლებელი გახდა იჯარით აღებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა. გამოსყიდვის ფასი სახელმწიფოს მიერ კანონით დადგინდა. თავდაპირველად არც ვჩქარობდით გამოსყიდვას, თუმცა ვინაიდან დაანონსდა, რომ 2010 წლის შემდეგ რეგულაციები შეიცვლებოდა, გამოსყიდვის პროცედურები დავიწყეთ. ვინაიდან, იჯარის ხელშეკრულება მხოლოდ ჩემი ბიძაშვილის სახელზე იყო, გამოსყიდვაც იურიდიულად მხოლოდ მას შეეძლო. ასე რომ შევთანხმდით, რომ მას გამოესყიდა და მერე, როცა იქნებოდა, გაგვემიჯნა საკუთრება. შესყიდვის თანხაც ერთად დავდეთ და ამის შემდეგ ამ ნაკვეთებზე ქონების გადასახადსაც ერთად ვიხდიდით. ასე რომ, ეს ნაკვეთები ჩვენს ფაქტობრივ თანასაკუთრებაში იყო. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის რაიმე ოჯახური ისტორია, რომელიც ორმა ადამიანმა ვიცით. ქიზიყში პაპაჩემს და მის ოჯახს ყველა პირადად თუ არ გვიცნობს, გაგონილი მაინც აქვთ, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. ასე რომ, ის ტერიტორია ჩემი და ჩემი ბიძაშვილის საკუთრება რომ არის, ეს ყველამ იცის.ასე ჰარმონიულად მიდიოდა ჩვენი ცხოვრება, მიწაც იხვნებოდა და ღვინოც იწურებოდა, სანამ 2020 წელს პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. ვინაიდან ვიცოდი, რომ მოხელის დეკლარაციის შევსება იქნებოდა საჭირო, გადავწყვიტე ის, რაც ჩემი ქონება იყო, სამართლებრივადაც მომეწესრიგებინა, რომ შემდეგ, გადმოფორმების თუ ნაკვეთების გაყიდვის შემთხვევაში, კითხვა არ ყოფილიყო, საიდან ეს ქონება და გაყიდულიდან თანხა მე რატომ შემხვდა. ჩემს პირველივე დეკლარაციაში ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს - ჩემმა მეუღლემ დაირეგისტრირა სოფლის სახლი, რომელიც ბებიამისს მანამდეც მისთვის ჰქონდა ნაჩუქარი, მე კი ჩემზე ის ნაკვეთები რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. ამ ნაკვეთებიდან მაგალითად სახნავი მიწა მე და ჩემმა ბიძაშვილმა პირდაპირ შუაზე გავყავით და ცალ-ცალკე დავირეგისტრირეთ (სხვათა შორის აქაც 1 ლარად, მაგრამ რატომღაც ამ ადამიანისთვის იქვე, გზის გადასწვრივ მდებარე სახნავი მიწა საინტერესო არ აღმოჩნდა), ხოლო იმ ნაკვეთებზე, რომლებიც ფიზიკურად რთული გასამიჯნია, თანამესაკუთრეებად დავრეგისტრირდით.ახლა რაც შეეხება 1 ლარს. ეს სამარცხვინო მანიპულაცია, ჯერ 2023 წელს "ბათუმელებმა" იკადრა, თითქოს სახელმწიფოსგან 1 ლარად ვიყიდე რაღაც - რაც ისეთი მამალი ტყუილი იყო, რომ ბოლოს ბოდიშები იხადეს და სტატიები წაშალეს. ახლა კი ეს ადამიანი არ იშლის მანიპულაციებს.საქმე კი შემდეგშია, რომ ეს ვითომ რაღაც დასამალი 1 ლარიანი გარიგების ამბავი "ბათუმელებმაც" და ამ ადამიანმაც ჩემივე დეკლარაციიდან იციან და აქ არც გამოსაკვლევი იყო რამე და არც ფარდაასახდელი. სინამდვილეში საქმე ორ ბიძაშვილს შორის პაპის დანატოვარის გაფორმებას ეხება.ისტორია კი ასეთია. როდესაც 2020 წელს გადავწყვიტე, რომ ყველაფერი რაც საკუთრებაში თუ თანასაკუთრებაში მქონდა შესაბამისად ასახულიყო რეესტრში, რათა პოლიტიკაში შემოსვლისას ყველა ქონება თავიდანვე მოწესრიგებულად ამესახა დეკლარაციაში და რეესტრში მივედით, ჩვენც და რეესტრიც აღმოვჩნდით დილემის წინაშე - როგორ გაიფორმო ის, რაც შენ ისედაც გეკუთვნის. რეესტრს სჭირდება დოკუმენტი, რაიმე ხელშეკრულება, რომ ცხოვრებისეული რეალობა სანივთოსამართლებრივ მოცემულობად ასახოს და საკუთრება დაარეგისტრიროს. ვინაიდან ჩვენს შორის ახალი არაფერი ხდებოდა, ორივე თავიდანვე ამ ნაკვეთებს თანასაკუთრებად ვფლობდით და მხოლოდ ამის აღიარება გვინდოდა, შევთავაზეთ, რომ საკუთრების აღიარების განცხადება დაეწერა ჩემს ბიძაშვილს, მაგრამ ასეთი ფორმა რეესტრს არ ჰქონდა. ამიტომ ყველაზე სწორ გზად სიმბოლურ თანხად ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება დარჩა - ეს ფორმა თან აჩვენებდა, რომ ეს ნაკვეთები უსასყიდლოდ არ მიმიღია და არავის უჩუქებია ჩემთვის და ამასთან, სიმბოლური თანხა 1 ლარი კეთილსინდისიერად აჩვენებდა, რომ ეს ნასყიდობის ხელშეკრულება სიმბოლურია და არა კომერციული, სადაც ხელშეკრულების ორივე მხარე აჩვენებს, რომ რაღაც სხვა ვალდებულების გამო მოხდა საკუთრების რეგისტრაცია.კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი - ის რომ სპეციალურად სიმბოლურ თანხად იყო ხელშეკრულება, რატომ იყო სიმბოლურ თანხად და მანამდე რომ ფაქტობრივი თანამესაკუთრე ვიყავი - რაიმე გამოძიებით კი არ მოიპოვა ამ ადამიანმა, ჩემს 2021 წლის პირველივე დეკლარაციაში და მას შემდეგ ჩემს ყველა დეკლარაციაში შავით თეთრზე წერია და ამ პოსტზე ფოტოდ მაქვს დართული.ამიტომ, სიმბოლურ თანხად შეძენა პირდაპირი განზრახვა იყო, სწორედ იმის საჩვენებლად, რომ დავირეგისტრირე ის, რაც 90-იანებიდან მოყოლებული როგორც პაპაჩემის ოჯახის წევრს - იჯარით, შემდეგ 2003 წლიდან ჩემს ბიძაშვილთან ერთად - ასევე იჯარით, ხოლო 2011 წლიდან ჩემს ბიძაშვილთან ერთად თანასაკუთრებით ისედაც მქონდა.სიმბოლურ თანხად უძრავი ქონების თუ კომპანიის წილის ნასყიდობაში არათუ ახალი არაფერია, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ეს პრაქტიკა დამკვიდრებულია სახელმწიფოს მიერაც, როდესაც სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს ნაკვეთს იმის საჩვენებლად, რომ ამაში რეალურად საკუთრების უფლების აღიარება ან სხვა ვალდებულებების შესრულება იგულისხმება. და, თუ არც ჩემი და არც სახელმწიფოსი გჯერათ, მაშინ იქნებ ისიც ნახოთ კეზერაშვილმა როგორ გადაუფორმა ტელევიზიის წილი 1 ლარად მის ამჟამინდელ მეწილეებს. რამე კითხვები იყო ამ გარიგებაზე?ასე რომ, ამ ტყუილს თავიდანვე მოკლე ფეხები და ბოროტი განზრახვა რომ ჰქონდა, იმიტომაც არავინ მოჰკიდა მის გავრცელებას ხელი.რა არის ამ ისტორიის მორალი:პირველი - ეს ბანერი და მისით წარმოჩენილი ამბავი ყალბი ჟურნალისტიკის მაგალითია, ვინაიდან▪️ამ ისტორიას სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. არადა ის, როგორც ეს სიყალბე გავრცელდა, კარგად აჩვენებს რა აღქმის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ ამ ყალბი ბანერით - თითქოს სახელმწიფომ გადმომცა რაღაც ნაკვეთი, რაც კიდევ ერთხელ სრული ტყუილია.▪️ეს ნაკვეთები პაპაჩემის დროინდელია და ჩემი კავშირი აქედან მოდის, როგორც მისი მემკვიდრის.▪️პაპაჩემის გარდაცვალების შემდეგ, 2003 წლიდან ამ ნაკვეთს მე და ჩემი ბიძაშვილი ჯერ იჯარით, 2011 წლიდან დღემდე კი როგორც თანამესაკუთრეები ვფლობთ.▪️სიმბოლურ თანხად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, იმის გამჭვირვალედ საჩვენებლად, რომ ამ ნასყიდობის უკან უფლებების და ვალდებულებების სხვა ისტორია დგას და სწორედ ჩვენს შორის თანამესაკუთრეობის რეალური ისტორიის ასახვა მოხდა 2020 წელს და განმარტებულია ჩემს 2021 წლის დეკლარაციაში.მეორე - ის, რომ ეს სიყალბეა, იმითაც ჩანს, რომ ვინც ჩაიხედა საკითხში, არავინ ხელი არ მოჰკიდა ამ სიყალბის გავრცელებას, და როგორც თავად ეს ადამიანი ამბობს, ევროკავშირმაც კი უარი უთხრა დაფინანსებაზე.დაბოლოს, არ ენდოთ ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე მედიას“, - წერს იგი. 

ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკა 1761644674

ლევან ხაბეიშვილი: ორი თვის განმავლობაში სათქმელი დამიგროვდა, ანალიზი გავაკეთე, პოლიტიკოსს პოლიტიკური განცხადებები ედება ბრალად? ვმუშაობ, რომ შურისძიება არ მამოძრავებდეს, არანაირი იმედი არ მაქვს

ამ ორი თვის განმავლობაში სათქმელი დამიგროვდა და მინდა, პოზიცია გამოვხატო, ანალიზი გავაკეთე. მინდა, სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ქვეყნის უკეთესი მომავალი სურთ და ციხეში არიან გამოკეტილი, მინდა, სასამართლოს, საზოგადოებას სხვა რამ დავანახო, სასამართლო არ უნდა იყოს დაწესებულება, სადაც ადამიანი ელოდება, რომ აიყვანენ და ჩამოახრჩობენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.ხაბეიშვილის განცხადებით, მას ბრალად ედება პოლიტიკური განცხადების გაკეთება, რაც გაუგებარია.„როცა აქ მოვდივარ, მინდა, 0,5% მაინც მქონდეს იმედი, რომ სამართალს ვიპოვი. როცა ჩემზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ ასობით დატყვევებულ ადამიანებზე. სასამართლოს ლეგიტიმაცია იმისთვის კი არ მივეცით, დაგვსაჯეთ, დილეგებში ჩაგვყარეთო, რამდენი ადამიანი მოწყვტეთ შვილებს, ოჯახებს, სამართალი ჰუმანური უნდა იყოს. ვერ ვპოულობ სამართალს, რისთვის ვზივარ ორი თვეა, ბრალად რა მედება? რამე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოსს, ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკური განცხადებები ედება ბრალად? თუკი, ხელისუფლებაში მოვიდოდი, დაჯილდოვდებოდნენ. პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება, ქრთამად ჩაითვალოს. პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების ტუსაღობაში იყოს, გაუგებარია. თუ ვიტყოდი, კონსტიტუციური წყობილება არ მომწონს, დავამხოთ-მეთქი, კი ბატონო, ეს იქნებოდა დამხობა. გინახავთ, ლოზუნგი „ცეცხლი ოლიგარქიას“, ეს იმას ნიშნავს, რომ ცეცლხით უნდა გადავწვათ? გსმენიათ ლოზუნგი, „სისტემა უნდა დაინგრეს“, თქვენ რა გგონიათ, პერფერატორით უნდა დავანგრიოთ? მადლობა პროკურატურას, ფაქტობრივად, მაგისტრატურაზე ვარ რუსთავის დაწესებულებაში იმდენ ლიტერატურას გავეცანი. ორი შვილი მყავს, მათაც დაააკლდათ მამა. როგორ შეიძლება ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებისთვის საშიში იყოს? ღარიბაშვილი კორუფციონერია-მეთქი რომ ვამბობდი, შე მასხარა, მატყუარაო ამბობდნენ. მოვიდა აქ, თავი ჩახარა, კი, გავაკეთეო. არ შეიძლება სამართალი ადამიანის გაჭყლეტაზე, გასრესვაზე და იმაზე იყოს დაფუძნებული, ვინ რა დავალებას მისცემენ. ფარცხალაძეზე რომ ვამბობდი, „ეფესბეს“ აგენტია, მასხარაა, კეზერაშვილმა დააფინანსაო, ამბობდნენ. მიქაუტაძეზე რომ ვთქვი პარლამენტში ეს როგორ მოიყვანეთ-მეთი, ოთხ წელში დააკავეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.ლევან ხაბეიშვილის თქმით, პროკურატურის განცხადება, რომ მისი მიმალვის საფრთხეა და ამიტომ პატიმრობაში უნდა იყოს, „ანეკდოტია“.„არანაირი იმედი არ მაქვს, ჩემი ორი ფანჯარა ღია დავტოვე, რომ ჰაერი შევიდეს. ხომ ხართ მოსამართლე? დამანახეთ სად არის ეს სამართალი. პროკურორი ამბობს, ხაბეიშვილის მიმალვის საფრთხეაო, ანეკდოტია. საჯაროდ გავაკეთე ყველა განცხადება, რა უნდა გავანადგურო, ტელეფონი გახსნან, განვადებით მქონდა ნაყიდი, წაიღეს და ვერ გახსნეს. ადამიანი უნდა მორბოდეს სასამართლოში, მისი დანახვა უნდა უხაროდეს. იცით რაშია საქმე? საზოგადოებას სძულს, ეზიზღება სასამართლო. სად არის ქრისტიანობა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში? მე ნაწამები ვარ, გაგიკვირდებათ და დაზარალებულად ვარ ცნობილი. გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე. ჩემს პოლიტიკურ განცხადებაზე უნდათ პასუხი მაგებინონ და აქამდე არავინ დაუკავებიათ, მე ადამიანი არ ვარ? ვენდეტა არაა ჩემი წამების საქმეში, ვინც მიიღო მონაწილეობა? ხარებაა თუ ვინცაა. ვმუშაობ, რომ შურისძიება არ მამოძრავებდეს. ჩემი შვილები 16 და 14 წლის არიან, იცით, რა ვუთხარი? რომ შურისძიება არ განიზრახონ, ეს გულში არ ჩაიდონ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.სუს-მა 11 სექტემბერს ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1750704752

მოქალაქეები საგამოძიებო კომისიაზე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ - „ჩემი ბიზნესი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და „თიბისი“ ბანკის ხელით“, შესაბამისად, მათთან არსებობს კითხვები - თეა წულუკიანი

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, მრავალი საქმეა, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე ფიგურირებენ, შესაბამისად, მათ მიმართ არსებობს კითხვები.როგორც წულუკიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განმარტა, მოქალაქეები საგამოძიებო კომისიაზე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ - „მე ჩემი ბიზნესი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და „თიბისი“ ბანკის ხელით“.„მრავალი საქმეა, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე ფიგურირებენ. მრავალი კითხვაა მათთან, დაწყებული ერთ-ერთი პირველი საქმიდან რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და ბატონი, ჯემალ ლეონიძე იყო მოსული. ბიზნესმენი, რომელიც რეალურად კეზერაშვილმა ხაზარაძის, ჯაფარიძის და "თიბისი" ბანკის ხელით ქონება წაართვა. იმიტომ, რომ ეს ადამიანი ეწინააღმდეგებოდა ამგვარ ყაჩაღობას, ის მოხვდა საპატიმროში და რეალურად გააუბედურეს. ეს იყო პირველი საქმე. შემდეგ იყო არაერთი საქმე, იგივე ლისის ტბის საქმე, სადაც ბატონ ახვლედიანს მოვუსმინეთ. სხვა საქმეშიც იკვეთებოდა, მოქალაქეები მოდიოდნენ და ეს პროცედურა იყო საჯარო და ამბობდნენ, რომ - მე ჩემი ბიზნესი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და „თიბისი“ ბანკის ხელით. შესაბამისად, არსებობს კითხვები რა ხდებოდა? როგორ ხდებოდა? რა სქემა იყო და იყო თუ არა ეს დანაშაულებრივი სქემა? ვერავინ ვერ იტყვის იმას, თუ ოდნავ ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია, რომ დაბარება არის გაუგებარი და კითხვები რა არის ვერავინ ვერ ხვდება. მათ აირჩიეს პირველად აბსოლუტურად ზერელე და მათი ასაკისთვის შეუფერებელი ქცევა თუ პოზიცია, რომ - არ მოვალ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ბიჭების ერთი კატეგორია კლასში ბოლო მერხზე რომ ისხდნენ და ამბობდნენ, რომ დაფასთან არ გამოვიდოდნენ, მაშინ რატყომ დადიხარ სკოლაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საგამოძიებო. კომისია

პოლიტიკა 1747827489

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე გამოჰკითხა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვისა და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე გამოჰკითხა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.ირაკლი რუხაძის განცხადებით, პირველი დაპირისპირება „იმედსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას შორის 2006 წელს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მოხდა, როცა ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა ის მანქანები გადაიღეს, რომლებმაც სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს.„უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოვხვდით, რომ ეს არ გვეჩვენებინა „იმედზე“. თავიდან ეს მეგობრული საუბარი იყო - „ოღონდ ეს არ აჩვენოთ და რაც გინდათ გვთხოვეთო“, მერე ეს ყველაფერი მუქარაში გადავიდა“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.მისივე თქმით, ამის შემდეგ ბიზნეს-ჯგუფს არცერთი ტენდერი არ მოუგია, თუმცა ვითარება 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ მცირე დროით შეიცვალა.როგორც ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილი საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ იყო და რაღაც მომენტში მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ „იმედს“ საქართველოს რკინიგზაში გაცვლიდა, თუმცა გარიგება სხვადასხვა მიზეზის გამო ჩაიშალა და დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა.ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბრის დილა მთაწმინდის პარკის დარბევით დაიწყო, სადაც სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა, ასევე, „ბორჯომში“ და „ტელენეტში“ საგადასახადო სამსახური შევიდა, „სტანდარტბანკში“ კი - ეროვნული ბანკი და სპეცდანიშნულების ჯგუფი.მისივე თქმით, 7 ნოემბრის საღამოს „იმედში“ შევარდნენ, დალეწეს აპარატურა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს, მათ შორის, ფეხმძიმე ქალს.„იმედიდან“ გამოგვყარეს, მე მიჭერდნენ. ამ დროს, ბევრი ადამიანი გაიქცა საქართველოდან, რადგან სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ დამიჭერდნენ როგორც ამერიკის მოქალაქეს, მეგონა ეს დამიცავდა და დამიცვა კიდეც“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ჩარევით „იმედმა“ რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი და ამის მიზანი საქართველოში თავისუფალი სიტყვის სრული ჩახშობა იყო.„იმისთვის, რომ აბსოლუტური უკანონობა დანერგო, პირველ რიგში უნდა გაანადგურო თავისუფალი სიტყვა. ვიდრე თავისუფალი სიტყვა იარსებებდა, ამის გაკეთების საშუალება სააკაშვილს არ ექნებოდა. სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ მიაღწევდა და ვერ გააკეთებდა იმას, რაც 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, რაც 26 მაისს მოხდა და ყველაფერი სხვა. ამის საშუალებას მთავრობას აძლევს მხოლოდ სრული კონტროლი მედიაზე“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.მისივე თქმით, 2007 წლის 18 დეკემბერს, მფლობელის მიერ „იმედის“ პირველი დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფომ მიდგომა შეცვალა და ტელეკომპანიის გუნდი შიგნიდან გატეხა. კერძოდ, „რუსთავი 2“-ზე ერეკლე კოდუასა და ბადრი პატარკაციშვილის დამონტაჟებული საუბრის გასვლის შემდეგ გუნდის შიგნით „ბუნტი“ მოხდა, ნიუსის ჯგუფმა უარი თქვა მუშაობის გაგრძელებაზე და „იმედი“ ფაქტობრივად დაიხურა.„მე რომ მკითხოთ ბადრი რამ მოკლა, ალბათ ამან მოკლა, რადგან ამის შემდეგ ბადრი ჩაიკეტა, არავის ხვდებოდა, ძალიან გახდა, სიგარეტს ეწეოდა, გულზე ხელი ეკიდა და ექიმთან ვერ მიჰყავდათ და 2008 წელს გარდაიცვალა“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.როგორც მან აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ ხელისუფლების ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა სხვა აქტივების წართმევის მიზნით.„გიგი უგულავამ მთხოვა შეხვედრა და რომ მივედი, დამხვდა დავით კეზერაშვილი, ეს იყო 2008 წლის ზაფხული, ბადრი პატარკაციშვილი რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო. შეხვედრაზე კეზერაშვილმა მითხრა, რომ ბადრის მეუღლემ, ქალბატონმა ინამ შეწყვიტოს ბრძოლა, შენ კი ჩემს მეგობარს გადაუფორმე „ბორჯომი“ 15 მილიონ დოლარად“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.მისი თქმით, „ბორჯომის“ გადაფორმებაზე უარის თქმიდან მეორე დღეს მისი ავტომანქანა ააფეთქეს.ირაკლი რუხაძის განმარტებით, ის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წარმომადგენლები ბიზნესის გადაფორმებაზე ესაუბრებოდნენ, მას არ გაჰკვირვებია.„მაშინდელი თავდაცვის მინისტრი საკმაოდ აქტიურად იყო გარეული ბიზნესებში, რაღაც თავისი ბიზნესები ჰქონდა. სააკაშვილის მთავრობაში პოზიცია მაინცდამაინც არაფერს ნიშნავდა. გვყავდა გიგა ბოკერია, რომელიც ვიღაცის მოადგილის მოადგილე იყო ყოველთვის სადღაც, მაგრამ ნებისმიერ თემაზე გელაპარაკებოდა, მაგალითად, გირგვლიანის მკვლელობის ფაქტები უნდა გაუშვა თუ არ უნდა გაუშვა ეთერში“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა.როგორც ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, 2011 წელს მისი დეიდაშვილი და მეგობრები მის გამო დაიჭირეს და მათი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ, 8 მილიონი დოლარის გადახდას სთხოვდნენ.ირაკლი რუხაძის განცხადებით, ის ხალხი, ვინც „იმედი“ წინა ხელისუფლების დროს დახურა და დღეს პოლიტიკაში და არასამთავრობო ორგანიზაციებშია, დღესაც „იმედი“ დახურვას ცდილობს, ოღონდ სხვა გზით. მისი თქმით, „იმედი“ ჰოლანდიური კომპანიაა და ეს ადამიანები ცდილობენ ჰოლანდიის მთავრობას ტელევიზია დაახურვინონ, თითქოს მას ანტიევროპული მიდგომა აქვს, რაც „სიგიჟეა“. როგორც მან აღნიშნა, ამ მიზნით ჰოლანდიაში სტატია დაიბეჭდა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გაგზავნილ წერილს ეყრდნობა.დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ირაკლი რუხაძეს მიმართა, კომისიას ჰოლანდიაში გაგზავნილი წერილი მიაწოდოს.„მაშინ ხელისუფლებაში მყოფი მავნებლები და ახლა ხელისუფლებასთან მებრძოლები კვლავ ცდილობენ „იმედის“ დახურვას. მათი დღევანდელი საქმიანობა ჩვენი კომისიის კვლევის თემაა. მათი წარსული და აწმყო იმის საფუძველი უნდა გახდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტმა სათანადოდ დაიცვას სარჩელი, რათა ამ ადამიანებს მომავალში აღარ ჰქონდეთ საშუალება ეს ქვეყანა მართონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ლელოს“ ლიდერი

პოლიტიკა 1747740216

“ტვ პირველის“ შემდეგ „ფორმულა“ - ხაზარაძე რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტულ ტელევიზიას ყოველთვიურად 600 000 ლარს აძლევს

„ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიის, „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო.ამავე ტელევიზიაში მომუშავე წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს“ ლიდერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ „ფორმულას“ ყოველ თვე 600 000 ლარით დააფინანსებს.ჩვენთვის ცნობილი ხდება ისიც, რომ „ფორმულას“ წინაშე აღებულ ვალდებულებებს ხაზარაძე უკვე 2 თვეა წარმატებით ასრულებს. ხაზარაძემ მარტსა და აპრილში „ფორმულას“ ჯამში 1 200 000 ლარი მისცა.საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ფორმულას“ დაფინანსებაზე იქამდე უარი თქვა დავით კეზერაშვილმა, რომელსაც პრეტენზიები ჰქონდა არხის მენეჯმენტთან და მათ თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებდა.წყაროს ინფორმაციით, ხაზარაძემ „ტვ ფორმულას“ დაფინანსების წინაპირობად ორი მკაცრი პირობა წამოაყენა:1 - არხისთვის მიცემული ფულის ხარჯვის გასაკონტროლებლად მისივე ნდობით აღჭურვილი პირი ჩაუსვა მენეჯმენტს;2 - შეიცვლება ტელეკომპანიის პოლიტიკური სადერაქციო პოლიტიკა და ის სრულად გახდება პარტია „ლელოს“ პიარზე მორგებული.აქვე შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე ასევე აფინანსებს ტელეკომპანია „პირველს“, რომლის სარედაქციო პოლიტიკა ხშირად ხდება სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკის ობიექტი, რადგან არხი ძირითადად ხაზარაძის და მიის პარტიის პროპაგანდირებაზეა ორიენტირებული.

გია ვოლსკი

პოლიტიკა 1744972477

გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: კეზერაშვილმა და ადეიშვილმა არათუ ადამიანის უფლებები დაარღვიეს, არამედ ბიუჯეტი გაძარცვეს, ჯარს ფული წაართვეს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს ადამიანის უფლებების დამრღვევები მის ქვეყანაში ჩავიდნენ. ვოლსკის თქმით, ადეიშვილმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გერმანიაში იმყოფებოდა, არათუ ადამიანის უფლებები დაარღვია, არამედ ბიუჯეტი და ჯარი გაძარცვა კეზერაშვილთან ერთად.„მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვეულებრივი ადამიანის უფლებების დამრღვევი ადამიანი, თუნდაც კეზერაშვილი, გინდაც ადეიშვილი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც თავიდან ბოლომდე სისხლში არიან გასვრილები, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვან წილად არის დაკავშირებული ამ მოღალატეობრივ ე.წ. შეცდომებთან, რომლებიც ხელისუფლების მიერ იყო დაშვებული და რომელშიც თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი და ადეიშვილი მონაწილეობდნენ. არათუ ადამიანის უფლებები დაარღვიეს, არამედ ბიუჯეტი გაძარცვეს, ჯარს ფული წაართვეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.გერმანიის ელჩის მიკერძოებული სტანდარტი. შალვა პაპუაშვილი პიტერ ფიშერს ახსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა, ადამიანი, რომელიც არა ერთ დანაშაულშია მხილებული. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს მას შემდეგ დაწერა, რაც გერმანელმა დიპლომატმა თქვა, რომ არ სურს ადამიანის უფლებების დამრღვევები მის ქვეყანაში ჩავიდნენ.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1744401960

თეა წულუკიანი: სამხედროების მიერ შემუშავებული ევაკუაციის გეგმა ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა სააკაშვილის დავალებით გვერდზე გადადეს - პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მართეს ომი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, რომ სამხედროების მიერ შემუშავებული ევაკუაციის გეგმა ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა გადადეს.„გაწირვაში ვგულისხმობ მათ შორის, იმას, რაც უკვე დადგენილი ფაქტია ჩვენი კომისიის ამ ეტაპზე მუშაობის შედეგად, რომ ჩვენს გამოცდილ სამხედროებს ჰქონდათ გეგმა, რომელიც ცხინვალის ალყაში მოქცევას გულისხმობდა და ქალაქში შესვლას არ ითვალისწინებდა, რადგან იქ მოსახლეობა იყო; იქ იყო ევაკუაციის გეგმაც, სამხედროების მიერ შემუშავებულ გეგმაში და ეს გეგმა სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა გადააგდეს, გადადეს გვერდზე და ვანო მერაბიშვილმა ჯანაშვილთან ერთად, მის მოადგილესთან ერთად, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მართეს ომი. ამან გამოიწვია ქაოსი და ამან გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი ჯარშიც, აღარაფერს ვამბობ მოსახლეობაზე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.2003 - 2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს.

რამაზ ახვლედიანი

პოლიტიკა 1743667222

ახვლედიანი „ლისის ტბის“ ჩამორთმევაზე: კეზერაშვილის მოადგილე გელოვანმა მითხრა, თუ ღამის 11 საათამდე არ გექნება დაწერილი განცხადება, მეც დამაპატიმრებსო-ასეთი თავხედობა როგორ გყოფნის, ხომ იცი, სააკაშვილია ამ საკითხით დაინტერესებულიო

შემოვიდა გელოვანი, კეზერაშვილის მოადგილე ვარო - ასე გამეცნო. რა ქნა, დაწერა გაცხადებაო და იმათ რომ უთხრეს, არა, თავს იკავებსო, ამაზე აღშფოთდა და უთხრა, ახლავე მოხსენით საათი ხელიდან, წაართვით ტელეფონი და მომთხოვა, გვერდზე ოთახში გავყოლოდი, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა ბიზნესმენმა, რამაზ ახვლედიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მის საკუთრებაში არსებული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის იძულებით დათმობის საქმე განიხილება.როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ფინანსური პოლიციის იმდროინდელი უფროსის, დავით კეზერაშვილის მოადგილემ, მერაბ გელოვანმა განუცხადა, რომ თუ ღამის 11 საათამდე ქონებას არ დათმობდა, ბიზნესმენთან ერთად, კეზერაშვილი თავად გელოვანსაც დააპატიმრებდა.ასევე, ბიზნესმენის თქმით, გელოვანი აცხადებდა, რომ ამ საქმით მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო დაინტერესებული და ახვლედიანს შეწინააღმდეგება არ უნდა გაებედა.„გამომძიებელმა ჩოხელმა დამკითხა და დაკითხვა გაგრძელდა 3-4 საათი, სადაც შიგადაშიგ იყო იმაზე ლაპარაკი, რომ უკვე გამადებთ ეტაპისთვის, ამიტომ, სანამ რაღაცა იქნება, აუცილებლად უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ისე მოხდა, რომ შევედი იმ დღეს, რატომღაც არც ტელეფონი გამომართვეს, საათიც ხელზე მეკეთა, ეტყობა ძალიან ეჩქარებოდათ. დაცვამაც აღარ შემამოწმა, იმდენჯერ შევდიოდი და გამოვდიოდი, თანამშრომელი თუ ვეგონე ალბათ. შემოვიდა გელოვანი, კეზერაშვილის მოადგილე ვარო - ასე გამეცნო. რა ქნა, დაწერა გაცხადებაო და იმათ რომ უთხრეს, არა, თავს იკავებსო, ამაზე აღშფოთდა და უთხრა, ახლავე მოხსენით საათი ხელიდან, წაართვით ტელეფონი და მომთხოვა, გვერდზე ოთახში გავყოლოდი. ვიფიქრე, ალბათ დასაპატიმრებლად, რა თქმა უნდა, დავემორჩილე, მოვიხსენი საათი, ტელეფონიც გადავეცი და გავყევი. აღმოჩნდა, რომ იქ უკვე ჰყავდათ დაბარებული ქალაქის ყოფილი არქიტექტორი დავით ახვლედიანი, რომელსაც იმ პერიოდში თავისთავად, ქალაქის არქიტექტორი იყო და ხელი ჰქონდა მოწერილი რაღაც დოკუმენტებზე. ახალი გამოსული იყო ციხიდან და მითხრეს, უყურე ამ კაცს, ამას აქედანვე ციხეში დავაბრუნებთო, ჩამომითვალეს და მაჩვენეს ჩემი ოჯახის წევრების სია. ეს რამდენიმე არ იყო, რამდენიმე ათეული კაცი იყო, ან სად შეისწავლეს ასე კარგად - ბავშვობის მეგობრიდან დაწყებული, ნათესავები - ყველას დავაპატიმრებთ, მერე შენ წახვალ ციხეში და აუხსენი ამ ხალხს, „რატომ ზის ამ დანგრეული აბანოსთვის და დამშრალი ლისის ტბისთვის“. შეეწირნენ და შეეწირებიანო და ხომ იცით, ამის გამკეთებლები ვართო. თან, [გელოვანმა] მითხრა, კეზერაშვილმა ისიც მითხრა, რომ თუ დღეს ღამის 11 საათამდე არ გექნება დაწერილი განცხადება, შენთან ერთად მეც დამაპატიმრებს და არ მაქვს სურვილი, შენ ხომ იცი, რომ ამის გამკეთებელიაო. ამიტომ, მირჩევნია და ყველაფერს გავაკეთებ, შენ ეს განცხადება რომ დაწეროო. ასეთი ბრძანებაა გაცემული, ისედაც ძალიან გაჭიანურდაო, ასეთი თავხედობა როგორ გყოფნის, შენ ხომ იცი, მიხეილ სააკაშვილია ამ საკითხით დაინტერესებული, კეზერაშვილს დაავალა და ასეთი რამ ჩვენთვის არავის გაუბედავსო. რახან კარგად გექცეოდითო - კარგად მოქცევას ეძახდნენ იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მცემდნენ, მაგრამ სტრესი მქონდა ფსიქოლოგიური, მით უმეტეს, ბავშვები მყავდა, გოგონები 13 და 15 წლის, იმათზე გადაკვრით საუბარი, პირდაპირ ხომ არ მეტყოდნენ, ცოლი გყავს, ჭკუაზე მოდი და ა.შ.“ - განაცხადა რამაზ ახვლედიანმა.

სოზარ სუბარი

პოლიტიკა 1743085200

სოზარ სუბარი ზაზა გოგავას: თქვენ და კეზერაშვილი ერთად აშენებდით ქართულ ჯარს, თუ იმას აშენება ჰქვია, რასაც კეზერაშვილი აკეთებდა. კეზერაშვილზე არსებობს განაჩენი, რომ სწავლებაზე გამოყოფილი ფული მიითვისა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეექვსე სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროს, ზაზა გოგავას კითხვა დაუსვა.დეპუტატმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ზაზა გოგავა გაერთიანებული შტაბის უფროსად დაინიშნა, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ბრძანდებოდა, რომელმაც 2006-2007 წლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისთვის გამოყოფილი თანხები მიითვისა. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს განაჩენი.პარლამენტის ვიცე-სპიკერმა 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ომის დაწყების შესახებ ბრძანება 9 აგვისტოს გამოსცა, შემდეგ კი 10 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოიცა მეორე ბრძანებაც, სადაც წერია, რომ ომი დასრულდა და საქართველო აღარ იბრძვის. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტების მიხედვით ომი 2 დღე და 2 საათი გაგრძელდა, მაგრამ შეერქვა აგვისტოს 5 დღიანი ომი, რადგან მანამდე პოზიციებს რუსები იკავებდნენ.„ბევრი ისაუბრეთ იმაზე, რომ არ იყო ჯარი მზად, ბევრი შეცდომები იყო თქვენამდე დაშვებული. 5-დღიანი ომი უწოდეთ და სინამდვილეში თუ ჩავთვლით, რომ 9 აგვისტოს სააკაშვილმა გამოსცა ბრძანება [ომის დაწყების შესახებ], ხოლო 10-ში დილას გამოსცა მეორე ბრძანება, რომ დასრულდა ომი, ჩვენ აღარ ვიბრძვით, ომი გამოდის 2-დღიანი და 2-საათიანი. 5-დღიანი შეერქვა ამ ომს, სანამ რუსებმა პოზიციები დაიკავეს, მაგრამ საქართველომ 2 დღეში დაასრულა ხომ? ჯარის მომზადებაზე თქვით, რომ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და ბევრი რაღაცისთვის არ იყო ჯარი მზად. მაინტერესებს, კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, ერთად აშენებდით ქართულ ჯარს, თუ იმას აშენება ჰქვია, რასაც კეზერაშვილი აკეთებდა. კეზერაშვილზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, სადაც დადგენილია უტყუარი დრო - 2006-2007 წლების რამდენიმე სწავლებაზე გამოყოფილი ფული უბრალოდ მიითვისა თუ გააქრო. ის სწავლებები არ ჩატარდა. ეს სასამართლოს მიერ არის დადგენილი და კეზერაშვილი ამას სტრასბურგში გაასაჩივრებდა, ეს რომ ასე არ იყოს. სამკერდე ნიშანი გიკეთიათ იმ სწავლების, რომელიც არ ჩატარდა? ფაქტი ის არის, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია და რისი გასაჩივრებაც კეზერაშვილმა სტრასბურგში ვერ გაბედა, რადგან იცოდა, რომ გამტყუნდებოდა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ლაშა ქოიავა

პოლიტიკა 1743065971

ვაფრთხილებდით სამხედროები, რომ ჩაიხრჩობა ცხინვალის აღების ოპერაცია. კეზერაშვილმა გასცა ბრძანება, რომ მე-4 ბრიგადა, რომელიც შეტევით მიდიოდა ზნაურისკენ, შეტრიალებულიყო და შესულიყო ცხინვალში, ეს აბსურდული ბრძანება იყო - ქოიავა

დაგვიანებამ, რასაკვირველია უზარმაზარი ტრაგედია გამოიწვია. [8 აგვისტოს] დილის 7 საათზე უკვე უნდა დაწყებულიყო ყველა დანაყოფის მოძრაობა. შუადღეს გადაცილებული იყო და საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ იყო დაწყებული. ჟურნალისტები ჩამოვიდნენ და დაგვრთეს ნება, დაგვეწყო საბრძოლო მოქმედებები. ჟურნალისტები ჩემთანაც იყვნენ ტყვიავში მოსულები, ისინი მე არ შემოვუშვი, - განაცხადა სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს.მისი განცხადებით, როგორც სამხედროები აფრთხილებდნენ, მოვლენები ისე წარიმართა და ცხინვალის გათავისუფლება ვერ მოხერხდა. ქოიავას შეფასებით, ამის შემდეგ კეზერაშვილმა აბსურდული ბრძანება გასცა, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მე-4 ბრიგადა, რომელიც გაშლილი იყო და შეტევით მიდიოდა ზნაურისკენ, შეტრიალებულიყო 90 გრადუსით და შესულიყო ცხინვალში, ეს კი მოწინააღმდეგეს მისცემდა საშუალებას, მე-4 ბრიგადის ზურგში აღმოჩენილიყო.„[8 აგვისტოს შუადღეზე ტყვიავში] ამ დროს დაიწყო მე-3 ბრიგადამ მოძრაობა ვანათი-ერგნეთის მიმართულებით. მე-4 ბრიგადა ჯერ გაჩერებული იყო, მე-4 ბრიგადამაც დააგვიანა მოძრაობა. მოხდა ისეთი რაღაც, ვინაიდან მე-4 ბრიგადამ დააგვიანა მოძრაობა, მე-3 ბრიგადის გადაადგილება უკვე არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ მივიღებდით ძალიან ბევრ გაუმართლებელ მსხვერპლს. საბრძოლო მოქმედებები უკვე დაიწყო ინტენსიური ცხინვალში, უშუალოდ ქალაქში და როგორც ვაფრთხილებდით სამხედროები, რომ აუცილებლად ჩაიხრჩობა ცხინვალის გათავისუფლების თუ აღების ოპერაცია, ის ჩაიხრჩო - ცხინვალის გათავისუფლება ვერ მოხერხდა, იქიდან გამოიყვანეს ძალები, ეს უკვე ხდება 9-ში. კეზერაშვილმა გასცა ბრძანება, რომ მე-4 ბრიგადა, რომელიც იყო გაშლილი და შეტევით მიდიოდა ზნაურისკენ, შეტრიალებულიყო 90 გრადუსით და შესულიყო ცხინვალში. ეს უდავოდ აბსურდული ბრძანება თუ მოთხოვნა იყო, იმიტომ, რომ ბრიგადა იშლება საბრძოლო წესით. იმისთვის, რომ ის მოტრიალდეს 90 გრადუსით, მას ხუთი წუთი და ერთი საათი, შეიძლება ორი საათიც არ ეყოს. რელიეფის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა - ის დრო, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა, რაც მისცემდა მოწინააღმდეგეს საშუალებას, ზნაურიდან დაძრულიყო და მე-4 ბრიგადის ზურგში აღმოჩენილიყო. გადმოსროლილი იყო მე-2 ბრიგადა სენაკიდან ამავდროულად, რაც სამხედრო გეგმით საერთოდ არ იყო გათვლილი. მეორე ბრიგადის ამოცანა იყო ჩაეკეტა ენგური, მისი გადმოსასვლელები. ეს აუცილებელი იყო, ვინაიდან, მე-5 ბრიგადა იდგა კოდორის ხეობაში, აჟარაში და ენგურის გადმოკვეთის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს აბსოლუტურად თავისუფლად შეეძლო მოძრაობა სვანეთის მიმართულებით და იქ მე-5 ბრიგადა აღმოჩნდებოდა ალყაში“, - განაცხადა ლაშა ქოიავამ.მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სამხედროები ცდილობდნენ, კეზერაშვილის ბრძანება არ გადაეცათ მე-4 ბრიგადის მეთაურისთვის, თუმცა, თავდაცვის იმდროინდელი მინისტრი მეთაურს თავად დაუკავშირდა და ისიც იძულებული გახდა, ბრიგადის შემოტრიალება დაეწყო, რამაც სრული ფიასკო გამოიწვია.„მე-4 ბრიგადის დახურვა სცადეს სამხედროებმა, სახმელეთო ჯარების სარდალიც, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებიც რაღაცნაირად ცდილობდნენ, არ გადაეცათ მეოთხე ბრიგადის მეთაურისთვის ეს ბრძანება, რომელიც მომდინარეობდა კეზერაშვილისგან, მაგრამ მერე თვითონ დაელაპარაკა ტელეფონით და ეს ბრძანება მისცა. მეოთხე ბრიგადის მეთაური იძულებული იყო, დაეწყო ბრიგადის შეტრიალება, რამაც, რასაკვირველია, ფიასკო გამოიწვია, იმიტომ, რომ ბრიგადა სრულად აირია. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ იქ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დამთავრდა. ამ დროს, როდესაც ბრიგადა მოტრიალდა და წავიდა ცხინვალის მიმართულებაზე, მე-3 ბრიგადა უკვე იძულებული იყო, გამოსულიყო საბრძოლო მოქმედებებიდან, მისი დარჩენა იქ აბსოლუტურად შეუძლებელი იყო, რამაც, მისცა საშუალება რუსის ძალებს, გადმოეკვეთათ საქართველოს საზღვარი და შემოსულიყვნენ ცხინვალში“, - განაცხადა ლაშა ქოიავამ.

ლაშა ქოიავა

პოლიტიკა 1743062509

შალვა ჯანაშვილმა თქვა, ცხინვალს ჩვენ ავიღებთო, რამაც გამოიწვია ინტერესი, რომ თქვენ, ვინ? სერიოზული დაბნეულობა და არეულობა გამოიწვია სამხედროებში. კეზერაშვილმა გვითხრა, რომ ეს ჩვენი პრობლემა არ არის და პოლიცია მიხედავს ამ საკითხს, გოგავამ გვითხრა, სპეცრაზმი მიხედავდა ყველაფერს, რამაც კიდევ უფრო დაგვაბნია იმიტომ, რომ სპეცრაზმის აღებული ქალაქები სამხედროებს არ გაგვიგია - ქოიავა

„2008 წლის 6 აგვისტოს საღამოს 11 საათზე დამირეკა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, მიბრძანა, გამოვცხადებულიყავი დისლოკაციის ადგილზე, გამომეძახა პირადი შემადგენლობა სრულად. მითხრა, რომ ეს არ არის სასწავლო განგაში“- ამის შესახებ 2008 წელს სახმელეთო ჯარების ცალკეული სამედიცინო ბატალიონის (საველე ჰოსპიტალი) უფროსმა, ლაშა ქოიავამ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები განიხილება.ლაშა ქოიავა სხდომაზე დეტალურად იხსენებს აგვისტოს ომის მოვლენებს.„გეგმა წინასწარ შემუშავებული გვქონდა. მომემზადებინა ჰოსპიტალი მარშისთვის და გამოვცხადებულიყავი 5 საათზე, ეს უკვე 7 აგვისტოს მინისტრთან სათათბირო დარბაზში. რასაკვირველია ჩავედი საგურამოში, გავეცი შესაბამისი ბრძანებები, შესაბამის ქაღალდებს მოვაწერე ხელი. უფროს და მოადგილეს დავავალე მოემზადებინათ კოლონა მარშისთვის, ჩაეტვირთათ შესაბამისი ქონება და გამოვცხადდი სამინისტროში. 5 საათისთვის შეიარაღებული ძალების ყველა მეთაური შეკრებილი იყო. თათბირი არ დაიწყო, გადაიდო, [დილით] 7 საათის მერე, სადღაც 8-სკენ კარი გაიღო, შემოვიდა, წინ მოდიოდა კეზერაშვილი, შემდეგ მოდიოდა ვანო მერაბიშვილი, შემდეგ მოდიოდა შალვა ჯანაშვილი და გენერალური შტაბის უფროსი ზაზა გოგავა. დასხდნენ, დაიწყო თათბირი. სახმელეთო ჯარების სარდალმა მოახსენა გეგმა, რომლითაც უნდა მომხდარიყო საბრძოლო მოქმედების დაწყება. გეგმაში რასაკვირველია ყველაფერი გაწერილია საათობრივად, ყველა პუნქტით, სად რომელი სამხედრო ნაწილი უნდა მდგარიყო, რომელ საათზე უნდა გამოცხადებულიყო, რომელ საათზე უნდა გაშლილიყო, ეს ყველაფერი დეტალურად ხდებოდა ამის მოყოლა“-აცხადებს ქოიავა.ლაშა ქოიავას განცხადებით, „სამხედრო გეგმის მიხედვით ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო. უნდა ჩაკეტილიყო როკი, ამის შემდეგ ხდებოდა უკუქცევა ჯარის და განთავსება ცხინვალის გარშემო“.„ბოლოსკენ, როდესაც ამ გეგმის დასასრული იყო, აქ ერთ ნიუანსს ვიტყვი, რომ სამხედრო გეგმის მიხედვით ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო. უნდა მომხდარიყო იგნორირება ცხინვალის და გასვლა როკის გვირაბთან, რომელზეც იყო საკმაოდ შეზღუდული დრო, რათა ჩვენ დაგვესწრო რუსების სამხედრო ძალების შემოსვლა საქართველოში. უნდა ჩაკეტილიყო როკი, ამის შემდეგ ხდებოდა უკუქცევა ჯარის, განთავსება ცხინვალის გარშემო და ცხინვალის იმდროინდელ ხელისუფლების უზურპირებულ მთავრობა, თუ ბანდის უფროსებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იყვნენ უკვე მოწყვეტილები, მათ არანაირი შანსი არ ჰქონდათ და იმისთვის, რომ არ მომხდარიყო უაზრო სისხლისღვრა, წამოსულიყვნენ მოლაპარაკებაზე და შეეშვათ ქართული ჯარი და პოლიცია ცხინვალში. ბოლო ეტაპი იყო ის, რომ პოლიციას უნდა განეიარაღებინა, თუ ვინმემ არ ჩააბარა იარაღი, შეინახა და შეიქმნა რაღაც ბანდ ფორმირებები“-აღნიშნავს ქოიავა.ქოიავა ასევე, სამხედროებში არსებულ მდგომარეობას იხსენებს, რომლის თქმითაც, სამხედროებში დაბნეულობას და არეულობას იწვევდა მაშინდელი თანამდებობის პირების მიერ გამოთქმული მოსაზრებები.„ამ დროს, შალვა ჯანაშვილმა თქვა, რომ ცხინვალს ჩვენ ავიღებთო, რამაც რასაკვირველია გამოიწვია ინტერესი, რომ თქვენ, ვინ? პოლიცია რა ძალებით იღებს ქალაქს იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს, ყველა შენობა არის საფორტიფიკაციო ნაგებობა და იქიდან ცეცხლის შემთხვევაში პოლიციას კი არა ჯარს უჭირს გადაადგილება. აქ სერიოზული დაბნეულობა და არეულობა გამოიწვია სამხედროებში. ჯანაშვილმა თქვა, რომ მათ საკმარისი ძალები აქვთ. კეზერაშვილმა გვითხრა, რომ ეს ჩვენი პრობლემა არ არის და პოლიცია მიხედავს ამ საკითხს, გოგავამ გვითხრა, რომ პოლიციას ძალიან მაგარი სპეცრაზმი ჰყავს და ისინი ყველაფერს იზამენ, რამაც კიდევ უფრო დაგვაბნია იმიტომ, რომ სპეცრაზმის აღებული პოზიციები და მით უმეტეს, ქალაქები სამხედროებს არ გაგვიგია იმიტომ, რომ სპეცრაზმს აქვს თავისი ფუნქცია, თავისი ამოცანა, რომელსაც ის უნდა ასრულებდეს, მით უმეტეს, რომ ამ ჩვენს სამხედრო გეგმაში სპეცრაზმს უკვე გათვლილი ჰქონდა თავისი გეგმა, თავისი სამუშაო. შევთანხმდით იმაზე, რომ პოლიცია იღებს ცხინვალს, კი ბატონო და უცებ შალვა ჯანაშვილმა თქვა, -მაგრამ თქვენი დახმარება დაგვჭირდებაო. ესეც რაღაც დაბნეულობა იყო. მაშინ შესთავაზეს ასეთი რამ, რომ იმ პოლიციურ ძალებს ვინაიდან ეყოლებათ მეთაური, ამ პოლიციური ძალების მეთაურთან იქნებოდა სამხედრო მეკავშირე, ვინაიდან მეთაურთან მოვიდოდა ყველანაირი ინფორმაცია, რაც ხდებოდა ცხინვალში და თუ სადმე რაღაც წინააღმდეგობა გაჩნდებოდა ცხინვალში გააგებინებდნენ მეთაურს და რასაკვირველია მეკავშირეს, რომელიც გადმოთარგმნიდა სამხედრო ენაზე ყველაფერ იმას, შეატყობინებდა საველე შტაბს და ჯარი არტილერიით ჩაუქრობდა ამ საცეცხლო წერტილს. პასუხად მივიღეთ, -ეს კარგია, მაგრამ ჩვენ გვინდა ცოცხალი ძალაც. ცოცხალი ძალა გაჭირდა იმიტომ, რომ რეგულარული ჯარი 22 ათასი იყო და ყველა ჯარისკაცის ფუნქცია იყო გათვლილი, ყველასთვის იყო ამოცანა დასმული და არცერთი სამხედრო ნაწილი არ იყო თავისუფალი. თუ ის იმ მომენტში არ იღებდა სამხედრო მოქმედებაში უშუალოდ მონაწილეობას, ეს იყო გათვლილი იმაზე, რომ მას უნდა ჩაენაცვლა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილე საბრძოლო ნაწილი თუ შენაერთი. აქ მოხდა რაღაცნაირი შელაპარაკება იმაზე, რომ კეზერაშვილმა თქვა, ამდენი ფული დავხარჯე და რას ნიშნავს ჯარი არ მყავს. გოგავამ თქვა, როგორ, აბა რისი შტაბის უფროსი [ვარ], თუ ჯარი არ არის, რას ვაკეთებდით. იქ სახმელეთო ჯარების სარდალმა უპასუხა, რომ ჯარი გვყავს 22 ათასი, დანარჩენი არის რეზერვისტი და რეზერვისტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც უნდა შეასრულოს რეგულარულმა ჯარმა“,-განაცხადა ლაშა ქოიავამ.

ლაშა ქოიავა

პოლიტიკა 1743061571

როცა კეზერაშვილმა თათბირი გახსნა, მოხდა ის, რაც სამხედრო თათბირებზე არ ხდება, დაუძახეს „ვისაც არ გეზარებათ მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილებაო“ და შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი, მახსოვს ზურაბ ადეიშვილი - მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე - ლაშა ქოიავა 2008 წლის ომზე

მას შემდეგ რაც გეგმა დაიგლიჯა, ფაქტობრივი მართვა საბრძოლო მოქმედების გადავიდა პოლიტიკოსებთან, - ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ  2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ.მანვე კეზერაშვილის თათბირი გაიხსენა, რომელსაც ასევე ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა. მისივე თქმით, მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე.„როცა კეზერაშვილმა თათბირი გახსნა, მოხდა ის, რაც სამხედრო თათბირებზე არ ხდება, ვიღაცას იქ დაუძახეს შემოდითო, „ვისაც არ გეზარებათ მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილებაო“ და შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი, მახსოვს ზურაბ ადეიშვილი. უმეტესობას არც ვიცნობდი მაშინ, სავარაუდოდ პოლიტიკური სპექტრი და კომისრები იყვნენ. მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე, მმართველი პარტიის გარკვეული ფენიდან“, - განაცხადა ლაშა ქოიავამ.