საყურადღებო ინფორმაცია! - პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის თარიღი ცნობილია
1747853484
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვისა და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე გამოჰკითხა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ირაკლი რუხაძის განცხადებით, პირველი დაპირისპირება „იმედსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას შორის 2006 წელს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მოხდა, როცა ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა ის მანქანები გადაიღეს, რომლებმაც სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს.
„უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოვხვდით, რომ ეს არ გვეჩვენებინა „იმედზე“. თავიდან ეს მეგობრული საუბარი იყო - „ოღონდ ეს არ აჩვენოთ და რაც გინდათ გვთხოვეთო“, მერე ეს ყველაფერი მუქარაში გადავიდა“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
მისივე თქმით, ამის შემდეგ ბიზნეს-ჯგუფს არცერთი ტენდერი არ მოუგია, თუმცა ვითარება 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ მცირე დროით შეიცვალა.
როგორც ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილი საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ იყო და რაღაც მომენტში მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ „იმედს“ საქართველოს რკინიგზაში გაცვლიდა, თუმცა გარიგება სხვადასხვა მიზეზის გამო ჩაიშალა და დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა.
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბრის დილა მთაწმინდის პარკის დარბევით დაიწყო, სადაც სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა, ასევე, „ბორჯომში“ და „ტელენეტში“ საგადასახადო სამსახური შევიდა, „სტანდარტბანკში“ კი - ეროვნული ბანკი და სპეცდანიშნულების ჯგუფი.
მისივე თქმით, 7 ნოემბრის საღამოს „იმედში“ შევარდნენ, დალეწეს აპარატურა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს, მათ შორის, ფეხმძიმე ქალს.
„იმედიდან“ გამოგვყარეს, მე მიჭერდნენ. ამ დროს, ბევრი ადამიანი გაიქცა საქართველოდან, რადგან სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ დამიჭერდნენ როგორც ამერიკის მოქალაქეს, მეგონა ეს დამიცავდა და დამიცვა კიდეც“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ჩარევით „იმედმა“ რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი და ამის მიზანი საქართველოში თავისუფალი სიტყვის სრული ჩახშობა იყო.
„იმისთვის, რომ აბსოლუტური უკანონობა დანერგო, პირველ რიგში უნდა გაანადგურო თავისუფალი სიტყვა. ვიდრე თავისუფალი სიტყვა იარსებებდა, ამის გაკეთების საშუალება სააკაშვილს არ ექნებოდა. სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ მიაღწევდა და ვერ გააკეთებდა იმას, რაც 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, რაც 26 მაისს მოხდა და ყველაფერი სხვა. ამის საშუალებას მთავრობას აძლევს მხოლოდ სრული კონტროლი მედიაზე“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
მისივე თქმით, 2007 წლის 18 დეკემბერს, მფლობელის მიერ „იმედის“ პირველი დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფომ მიდგომა შეცვალა და ტელეკომპანიის გუნდი შიგნიდან გატეხა. კერძოდ, „რუსთავი 2“-ზე ერეკლე კოდუასა და ბადრი პატარკაციშვილის დამონტაჟებული საუბრის გასვლის შემდეგ გუნდის შიგნით „ბუნტი“ მოხდა, ნიუსის ჯგუფმა უარი თქვა მუშაობის გაგრძელებაზე და „იმედი“ ფაქტობრივად დაიხურა.
„მე რომ მკითხოთ ბადრი რამ მოკლა, ალბათ ამან მოკლა, რადგან ამის შემდეგ ბადრი ჩაიკეტა, არავის ხვდებოდა, ძალიან გახდა, სიგარეტს ეწეოდა, გულზე ხელი ეკიდა და ექიმთან ვერ მიჰყავდათ და 2008 წელს გარდაიცვალა“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ ხელისუფლების ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა სხვა აქტივების წართმევის მიზნით.
„გიგი უგულავამ მთხოვა შეხვედრა და რომ მივედი, დამხვდა დავით კეზერაშვილი, ეს იყო 2008 წლის ზაფხული, ბადრი პატარკაციშვილი რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო. შეხვედრაზე კეზერაშვილმა მითხრა, რომ ბადრის მეუღლემ, ქალბატონმა ინამ შეწყვიტოს ბრძოლა, შენ კი ჩემს მეგობარს გადაუფორმე „ბორჯომი“ 15 მილიონ დოლარად“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
მისი თქმით, „ბორჯომის“ გადაფორმებაზე უარის თქმიდან მეორე დღეს მისი ავტომანქანა ააფეთქეს.
ირაკლი რუხაძის განმარტებით, ის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წარმომადგენლები ბიზნესის გადაფორმებაზე ესაუბრებოდნენ, მას არ გაჰკვირვებია.
„მაშინდელი თავდაცვის მინისტრი საკმაოდ აქტიურად იყო გარეული ბიზნესებში, რაღაც თავისი ბიზნესები ჰქონდა. სააკაშვილის მთავრობაში პოზიცია მაინცდამაინც არაფერს ნიშნავდა. გვყავდა გიგა ბოკერია, რომელიც ვიღაცის მოადგილის მოადგილე იყო ყოველთვის სადღაც, მაგრამ ნებისმიერ თემაზე გელაპარაკებოდა, მაგალითად, გირგვლიანის მკვლელობის ფაქტები უნდა გაუშვა თუ არ უნდა გაუშვა ეთერში“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა.
როგორც ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, 2011 წელს მისი დეიდაშვილი და მეგობრები მის გამო დაიჭირეს და მათი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ, 8 მილიონი დოლარის გადახდას სთხოვდნენ.
ირაკლი რუხაძის განცხადებით, ის ხალხი, ვინც „იმედი“ წინა ხელისუფლების დროს დახურა და დღეს პოლიტიკაში და არასამთავრობო ორგანიზაციებშია, დღესაც „იმედი“ დახურვას ცდილობს, ოღონდ სხვა გზით. მისი თქმით, „იმედი“ ჰოლანდიური კომპანიაა და ეს ადამიანები ცდილობენ ჰოლანდიის მთავრობას ტელევიზია დაახურვინონ, თითქოს მას ანტიევროპული მიდგომა აქვს, რაც „სიგიჟეა“. როგორც მან აღნიშნა, ამ მიზნით ჰოლანდიაში სტატია დაიბეჭდა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გაგზავნილ წერილს ეყრდნობა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ირაკლი რუხაძეს მიმართა, კომისიას ჰოლანდიაში გაგზავნილი წერილი მიაწოდოს.
„მაშინ ხელისუფლებაში მყოფი მავნებლები და ახლა ხელისუფლებასთან მებრძოლები კვლავ ცდილობენ „იმედის“ დახურვას. მათი დღევანდელი საქმიანობა ჩვენი კომისიის კვლევის თემაა. მათი წარსული და აწმყო იმის საფუძველი უნდა გახდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტმა სათანადოდ დაიცვას სარჩელი, რათა ამ ადამიანებს მომავალში აღარ ჰქონდეთ საშუალება ეს ქვეყანა მართონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.