shio

საზოგადოება 1756388767

მეუფე შიო - დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოზე, ღვთისმშობლის ლოცვითა და მეოხებით გაამთლიანოს უფალმა, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

სიტყვები ღვთისმშობლის ლოცვისა – „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“ – ყოფილიყოს მუდამ ჩვენს ბაგეებზე, ჩვენს გონებასა და ჩვენს გულებში“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიომ საზოგადოებას მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას. იგი გადავიდა მარადიულ ცხოვრებაში, თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა, რომ მიეღო მისი წმინდა სული და ზეცაში აეყვანა. ანგელოზები განცვიფრებულნი იყვნენ და ზეიმობდნენ, ხოლო ადამიანები გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ ღვთისმშობელმა დაგვტოვა. მაგრამ დედა ღვთისმშობელს არ დავუტოვებივართ, როგორც ეს ნათქვამია დღესასწაულის ტროპარში: „შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე“. ამიერიდან იგი გახდა მარადიული მეოხი ჩვენი, მთელი კაცობრიობისა და ყოველი ჩვენგანის დედა. ეს აისახა იმ ლოცვებსა და საგალობლებში, რომლებიც მას ეძღვნება, სადაც ნათქვამია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი, გვიცავს ყოველგვარი უბედურებისგან, შეურაცხყოფისგან, მწუხარებისგან და მეტიც, შეგახსენებთ, როგორ მთავრდება დღევანდელი დღესასწაულის ტროპარი: „და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა“. ე. ი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სიკვდილისგან გვიხსნის ჩვენ.წმინდანებს როცა მივმართავთ, ვამბობთ: „ევედრე ღმერთსა ჩვენთვის“, ხოლო როცა მივმართავთ ღვთისმშობელს, ვამბობთ: „გვაცხოვნენ ჩვენ“, „გვიხსნენ ჩვენ“, „მიხსნენ ჩვენ“. რომელი სიკვდილისგან გვიხსნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი?სიკვდილი არსებობს სხვადასხვანაირი: არსებობს ხორციელი სიკვდილი, რომელიც ყველას მოგველის და არსებობს კიდევ სულიერი სიკვდილი, მარადიული სიკვდილი, როცა ადამიანი კვდება და მიდის სიბნელეში, ეს არის დასასრული. მაგრამ როდესაც ვიხსენიებთ ჩვენს მიცვალებულებს, ახლობლებს თუ, ზოგადად, მიცვალებულებს და ვლოცულობთ მათთვის, ღმერთს ასე ვევედრებით: „განუსვენე მათ და დაამკვიდრე ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა არა არს მწუხარება, სულთქმა“ და ა. შ. რას ნიშნავს „ადგილსა ნათლისასა?“ ე.ი. იქ, სადაც არის ქრისტეს სინათლის სხივები, ქრისტეს სინათლის და დიდების სხივებში დაამკვიდრე, უფალო, მიცვალებულები.სწორედ ეს არის, ძვირფასო ძმებო და დებო, ხსნა და ცხონება, მარადიული ცხოვრება. გახსოვთ ალბათ, წმინდა წერილში, საეკლესიო ლოცვებში უფალი იესო ქრისტე იწოდება „ცხოვრების წინამძღვრად“ და თავად „ცხოვრებადაც“. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“ (ინ. 14, 6), – ამბობს უფალი. „თქვენ მოკალით წინამძღვარი ცხოვრებისა, რომელიც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა“ (საქმ. 3, 15), – უთხრა წმინდა პეტრე მოციქულმა იერუსალიმის ტაძართან შეკრებილ ხალხს. სწორედ ამიტომ ღვთისმშობელიც იწოდება „დედად ცხოვრებისა“, როგორც ასევე ნათქვამია დღევანდელ ტროპარში: „მიხვედ ცხოვრებად, დედა ეგე ცხოვრებისა“. იესო ქრისტე იწოდება „ცხოვრებად“, რამეთუ იგი გვაძლევს ცხოვრებას.ამგვარად, სიცოცხლე მხოლოდ იესო ქრისტეშია, მხოლოდ იესო ქრისტესთან ერთად არის და ეს სიცოცხლე ქრისტეში გრძელდება არა მხოლოდ ამ მიწიერ ცხოვრებაში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც, როცა ვიცავთ მის მცნებებს, როცა გვიყვარს უფალი, როცა გვინდა მასთან ყოფნა, ისიც ჩვენთან არის და ჩვენშია. ამით ვხდებით მისი მარადიული, საღვთო დიდების თანაზიარნი, ძმებო და დებო. აი, სწორედ ამაზე ლოცულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთვის, სწორედ ამგვარად გვიხსნის იგი სიკვდილისგან, გვანიჭებს სიცოცხლეს და დაგვამკვიდრებს თავისი მეოხებით, როგორც ტროპარშია ნათქვამი, „მარადიული საღვთო დიდების სხივებში“.აი, რაზე მეტყველებს დღევანდელი დღესასწაული. აი, რას ვთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. აი, რას სთხოვს იგი ჩვენთვის ქრისტეს და როგორ გვაცხონებს იგი თავისი მეოხებით.კიდევ ერთხელ გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოზე, საქართველოზე. დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას, მისი ლოცვითა და მეოხებით გაამთლიანოს უფალმა, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო.მინდა, დღეს, თქვენთან ერთად, დიდი სიყვარულით მივულოცო ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს. მან მთელი თავისი სიცოცხლე, ღვაწლი მიუძღვნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განდიდებას, მისი სიწმინდის მსახურებას და მისი დიდების, მისი სახელის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ეკლესიაში გაძლიერებას. ღმერთმა დალოცოს იგი, გააძლიეროს ღვთისმშობელმა, მიმადლოს მას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ და ეს სიტყვები ღვთისმშობლის ლოცვისა – „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“ – ყოფილიყოს მუდამ ჩვენს ბაგეებზე, ჩვენს გონებასა და ჩვენს გულებში. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ! ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

shio

საზოგადოება 1756380523

მეუფე შიო: განსაკუთრებით ვფიქრობთ ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე. დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას, მისი ლოცვით და მეოხებით გაამთლიანოს უფალმა, გააძლიეროს და გადაარჩინოს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება. მეუფე შიომ წირვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.„იგი გადავიდა მარადიულ ცხოვრებაში და თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა, რომ მიიღოს მისი წმინდა სული და ზეცაში აიყვანოს. ანგელოზები განცვიფრებულები იყვნენ და ზეიმობდნენ, ხოლო ადამიანები გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ ღვთისმშობელმა დაგვტოვა. იგი გახდა ამიერიდან მარადიული მეოხი ჩვენი და მთელი კაცობრიობის, ყოველი ჩვენგანის დედა.ლოცულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთვის, სწორედ ამგვარად გვიხსნის იგი სიკვდილისგან, გვანიჭებს სიცოცხლეს და დაგვამკვიდრებს თავისი მეოხებით, როგორც ტროპარშია ნათქვამი, მარადიული საღმრთო დიდების სხივებში.განსაკუთრებით ვფიქრობთ ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე. დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას, მისი ლოცვით და მეოხებით გაამთლიანოს უფალმა, გააძლიეროს და გადაარჩინოს“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

დეკანოზი გიორგი სანამაშვილი

საზოგადოება 1756368804

დეკანოზი გიორგი სანამაშვილი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის ღვთისმშობლის მიძინების დღე გამორჩეულია. მისი უწმინდესობა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელს ავედრებს

მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე გამორჩეული ადგილი დღევანდელ დღეს უკავია - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას. მისი უწმინდესობა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას ავედრებს განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელს.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში, რომელიც არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული, აქ აღევლინება დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ღვთისმსახურება, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს“, - განუცხადა ჟურნალისტებს სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა.მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა.

shio

საზოგადოება 1755607981

მეუფე შიო: ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენც მოგვმადლოს უფალმა საღვთო შუქის ხილვა, რათა ჩვენს გულებშიც იყოს ნათელი თაბორისა, სიმდაბლე, სიწმინდე, სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული

ყველა ადამიანის მოწოდებაა, ფერი იცვალოს. ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ფერისცვალების დღესასწაულზე.„ეს დიდებული მოვლენა აღწერილია წმინდა სახარებაში. ერთხელ უფალმა იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე წაიყვანა თაბორის მთაზე სალოცავად და მათ წინაშე ფერი იცვალა, მისი სახე მზესავით გაბრწყინდა, მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი და ელვარე გახდა. მოციქულებმა იხილეს ასევე, რომ უფალ იესო ქრისტეს ესაუბრებოდა ორი კაცი. ესენი იყვნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები: მოსე და ილია. ისინი ლაპარაკობდნენ იესო ქრისტეს გასვლის შესახებ, რომელიც უნდა მომხდარიყო იერუსალიმში. გასვლაში იგულისხმება მისი მიწიური ცხოვრებიდან გასვლა ჯვარცმის, სიკვდილის, მკვდრეთით აღდგომისა და ამაღლების მეშვეობით. ისინი ამაზე ლაპარაკობდნენ, რათა მოციქულები არ დაბრკოლებულიყვნენ, როცა იხილავდნენ ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს და მის სიკვდილს, არამედ სცოდნოდათ, რომ ეს ყველაფერი იესო ქრისტემ თავისი ნებით მიიღო, რაც გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ მის მიწიურ სიცოცხლეში.ამის ხილვისას მოწაფეებს გამოუთქმელი ნეტარება დაეუფლათ, მოინდომეს, ეს ნეტარება სამუდამოდ გაგრძელებულიყო და ძალიან მიამიტად გამოხატეს ეს თავიანთი სიტყვებით, რაც უთხრეს უფალ იესო ქრისტეს. ამ დროს ღრუბლიდან, რომელიც მათ ჩრდილავდა, გაისმა ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ამისი ისმინეთ!“ (მთ. 17, 5).რა იყო მიზეზი ამ დიდი ნეტარებისა და სიხარულის, რაც მოციქულებმა განიცადეს?დღესასწაულის ტროპარი გვაუწყებს, რომ უფალმა ფერისცვალებით მათ უჩვენა თავისი საღვთო დიდება. შუქი, რომელიც მათ იხილეს თაბორის მთაზე, არ იყო მატერიალური ბუნების. ამდენად, ეს არ იყო მხოლოდ მათი მხედველობითი აღქმა, არამედ იყო ღვთაების რეალური, ნამდვილი გამოვლინება. ეს იყო საღვთო ბუნების გამოცხადება და ამ ბუნების მარადიული, უხრწნელი, უქმნელი შუქის ბრწყინვალება.რა თქმა უნდა, ტკბილი და სასიხარულოა უფალთან ყოფნა. განა ჩვენ მოკლებულნი ვართ ამ შესაძლებლობას? რა თქმა უნდა, არა. იმავე დღესასწაულის ტროპარში შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენც გვაზიაროს ამ დიდებას. შეგახსენებთ ამ სიტყვებს: „გამოგვიბრწყინვე ჩვენცა, ცოდვილთა, ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღვთისმშობელისათა, უფალო, დიდება შენდა“.მაშასადამე, მოციქულთა მსგავსად, ჩვენც შეიძლება ვიგრძნოთ ეს გამოუთქმელი სიხარული და ვიხილოთ თაბორის საღვთო შუქის ბრწყინვალება. ყველა ადამიანს შეუძლია ფერი იცვალოს და მეტიც, ყველა ადამიანის მოწოდებაა, ფერი იცვალოს. ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი.ამრიგად, ეს ჩვენება გაქრა თაბორის მთაზე, მაგრამ თაბორის შუქი და საღვთო ნათელი დარჩა დედამიწაზე, არ წასულა დედამიწიდან და ის უნდა ვეძიოთ, ის უნდა მოვიპოვოთ. ნეტარია ის, ვინც მას მოიპოვებს, ძვირფასო ძმებო და დებო. ამისთვის შეიძლება შევზღუდოთ ჩვენი თავი ბევრ რამეში, დავთმოთ ბევრი რამ ამ მიწიურ ცხოვრებაში, რაც ხელს უშლის ამ ნათლის მოპოვებას და აბნელებს ჩვენს ცხოვრებას.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენც მოგვმადლოს უფალმა საღვთო შუქის ხილვა, რათა ჩვენს გულებშიც იყოს ეს ნათელი თაბორისა, სიმდაბლე, სიწმინდე, სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული.ამისთვის ჩავიხედოთ ჩვენს თავში და ვკითხოთ ჩვენს თავს, გვეხება თუ არა იესო ქრისტეს სიტყვები: „ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?“ (ლკ. 11, 35). და თუ ჩვენს თავში ცოტა მაინც შევნიშნავთ ამ სიბნელეს, სინანულის შუქით უნდა გავფანტოთ ის და მაშინ ვიხილავთ ქრისტეს ჭეშმარიტ, მარადიულ ნათელს, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მადლითა და კაცთმოყვარებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

shio

საზოგადოება 1755006447

მეუფე შიო: დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო - მაგალითია იმისა, რომ როცა ერი ერთიანია, გამარჯვება გარდაუვალია

დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო, დიდი რწმენით განჭვრეტილი ქმედების სიმბოლო და მაგალითი; მაგალითი იმისა, რომ როცა ერი ერთიანია, როცა ცხოვრობს ღვთის რწმენით, ლოცულობს, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება გარდაუვალია, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო მთავრობის წევრებო, პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულო, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო,გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დღეს ჩვენ და მთელი საქართველო აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას - დიდგორის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ გამარჯვებას, რომელიც უკავშირდება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლსა და სახელს.შეგახსენებთ ასევე, რომ წელს აღინიშნა ამ დიდი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი, შეგვეწიოს მისი ლოცვა და მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს.დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო, დიდი რწმენით განჭვრეტილი ქმედების სიმბოლო და მაგალითი; და მაგალითი იმისა, რომ როცა ერი ერთიანია, როცა ცხოვრობს ღვთის რწმენით, ლოცულობს, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ღვთის დიდი შეწევნა მოდის მაშინ, როდესაც ადამიანური ძალებით კეთდება ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია.ამიტომაც მემატიანე აღნიშნავს, რომ დიდგორის ბრძოლა „ესე იყო ძლევაი საკვირველი, რომელიც ქმნა ღმერთმან წმიდითა დავითითა მეფითა…“.აი, სწორედ ღმერთზე მინდობით, ღვთის შეწევნით აღასრულა დავითმა თავისი დიდი ღვაწლი და იმიტომაც შეაძლებინა მას უფალმა ეს „ძლევაი საკვირველი“, აქცია „მესიის მახვილად“ და ყოველი ქართველისთვის საამაყო, საყვარელ და სამაგალითო ადამიანად.მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს აღმავლობა, ეს დიდგორი არ დამდგარა ერთბაშად, ამას წინ უძღოდა დავით მეფის დიდი შრომა და ბრძოლა შინაურ თუ გარეშე მტრებთან. მან თავისი ბრძნული მმართველობით, სამართლიანობით, პრინციპული და შეუვალი მიდგომით, ეკლესიის გაძლიერებით, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დააყენა, გაამთლიანა, ააღორძინა და სრულყო საქართველო, როგორც ძლიერი, ძლევამოსილი ქრისტიანული ქვეყანა.მან, როგორც წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის მიერ აღზრდილმა და განსწავლულმა, იზრუნა ასევე განათლებისა და მეცნიერების კერების დაარსებისთვის როგორც საქართველოში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც. ერთ-ერთი ასეთი უდიდესი კერა გახლდათ მის მიერ აშენებულ გელათის მონასტერთან დაარსებული აკადემია, „მეორე იერუსალემად“ და „სხუად ათინად“ წოდებული.ამ ბრძენმა მეფემ გვაჩვენა მაგალითი იმისა, რომ მხოლოდ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება და კულტურა შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენისა და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებისა.დღეს ჩვენ, როგორც ბრძანა ბატონმა პრემიერმა, მრავალგვარი ახალი გამოწვევების წინაშე მდგომი ქვეყანა ვართ და ამიტომ განსაკუთრებით გვმართებს დავითის გზის მოაზრება და შენარჩუნება; გვმართებს, გვახსოვდეს ის სიტყვები, რომლებიც დავითმა უთხრა ქართველ მეომრებს დიდგორის ბრძოლის წინ: „აღვაპყროთ ხელნი ჩვენნი უფლისა მიმართ და დავდოთ სიტყვა, რომ უმალ დავეცემით ბრძოლის ველზე, ვიდრე დავიხევთ უკან!“აი, ამ შემართებით უნდა ვიცავდეთ ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენს ტრადიციულ ქრისტიანულ ცხოვრების წესს.როგორც ამბობს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ,,ჩვენი წინაპრების მსგავსად, ჩვენ უნდა ვიცავდეთ ჩვენს წილ საქართველოს ჩვენშიც და ჩვენ გარშემოც. ეს არის ჩვენი დიდგორი დღეს".ამრიგად, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ვიხსენებთ დიდგორის ბრძოლას არა, როგორც წარსულში მომხდარ დიდ გამარჯვებას, არამედ ასევე, როგორც მოწოდებას და დიდ იმედს ჩვენი გამარჯვებისა.აქ ისევ მინდა მოვიტანო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სიტყვები, რომლებიც ასევე გაიხსენეთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ „დიდგორის ბრძოლა გრძელდება, ის არ დამთავრებულა“; ის გრძელდება, სანამ ჩვენ ვარსებობთ. „ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში მუდამ იყოს დიდგორის გამარჯვება“.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს - დიდგორობას. წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ლოცვით და შემწეობით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ; წმინდა დავით აღმაშენებლის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ!“, - აღნიშნა მეფე შიომ.

ირაკლი ჩიქოვანი

პოლიტიკა 1755006081

ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა უწყებრივი მედლებით - „დიდგორის ჯვარი“

დიდგორის ბრძოლის 904-ე წლისთავთან დაკავშირებით, „დიდგორობის“ ღონისძიება გაიმართა.დიდგორის ბრძოლიდან ცხრა საუკუნეზე მეტი გავიდა. ბრძოლის 904-ე წლისთავთან დაკავშირებული სახალხო ღონისძიებები, ტრადიციულად, დიდგორის ველზე მემორიალთან გაიმართა.სახალხო დღესასწაულზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით მიმართეს. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ისტორიაში დიდგორის ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.მისი განმარტებით, ეს დღე ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა. თავდაცვის მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ დიდგორობა არა მხოლოდ წარსულის დიდების გახსენება, არამედ საამაყო წინაპართა გამოცდილების კიდევ ერთხელ გააზრების შესაძლებლობაა. მისი განცხადებით, თავდაცვის ძალების თითოეული სამხედრო მოსამსახურე, სწორედ, ამ ისტორიული მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელია. შეკრებილ საზოგადოებას დიდგორობის დღესასწაული მიულოცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.საზეიმო ღონისძიებაზე ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა უწყებრივი მედლებით - “დიდგორის ჯვარი”. სამხედროებს მედალი საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისათვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისათვის გამოჩენილი მამაცობისათვის გადაეცემათ.დიდგორობის სახალხო დღესასწაულს საქართველოს მთავრობის, თავდაცვის ძალების, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და საეკლესიო პირები დაესწრნენ.დიდგორის მემორიალთან შეკრებილი სტუმრებისთვის, კონცერტი და თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას სამეწარმეო და ეთნო კუთხეების დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ.ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მეუფე შიო

საზოგადოება 1754994366

მეუფე შიო: აღმავლობა და დიდგორი ერთბაშად არ დამდგარა, ამას წინ უსწრებდა დავით მეფის დიდი შრომა და ბრძოლა შინაურ თუ გარეშე მტრებთან

დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ, დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო, დიდი რწმენით განჭვრეტილი ქმედების სიმბოლო და მაგალითი. - განაცხადა მეუფე შიომ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.„ ეს აღმავლობა და ეს დიდგორი, ერთბაშად არ დამდგარა. ამას წინ უსწრებდა დავით მეფის დიდი შრომა და ბრძოლა შინაურ თუ გარეშე მტრებთან. მან თავისი ბრძნული მმართველობით, სამართლიანობით, პრინციპული და შეუვალი მიდგომით, ეკლესიის გაძლიერებით, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დააყენა, გაამთლიანა, ააღორძინა და სრულყო საქართველო, როგორც ძლიერი ქრისტიანული ქვეყანა“, - აღნიშნა მეუფე შიომ.დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ გაიმართა.

მეუფე შიო

საზოგადოება 1754142436

უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა - მეუფე შიო

უწმინდესი და უნეტარესი გახდა ჩვენთვის სახე და მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა, - იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენება. დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს, ამიტომ განსაკუთრებით საზეიმო განწყობა იყო დღევანდელ წირვაზე.წმინდა წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელი მოღვაწეობდა ქრისტესშობამდე ათი საუკუნით ადრე, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში იმ საქმეებისა და სასწაულების გამო, რომლებიც მან აღასრულა იუდეისა და ისრაელის სამეფოებში.წმინდა ეკლესია მისდამი მიძღვნილ ლოცვებსა და საგალობლებში მას უწოდებს „წინასწარმეტყველთა საფუძველს“, „მიწიურ ანგელოზს“ და „ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედს“, რითაც ცხადყოფს თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამ დიდი წმინდანისადმი.მას ეწოდება „წინასწარმეტყველთა საფუძველი“ იმ მოშურნეობისთვის, ღვთისადმი ერთგულების და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის სიმამაცისთვის, უშიშრობისთვის, რაც მან გამოავლინა თავისი ღვაწლისა და ცხოვრების დროს. რატომ „საფუძველი“? - იმიტომ, რომ ეს თვისებები არის ყველა წინასწარმეტყველის და მოძღვრის ღვაწლის, წარმატების აუცილებელი პირობა. ამიტომ ყოველი წინასწარმეტყველი, ვინც მოღვაწეობდა ძველი აღთქმის პერიოდში, შთაგონებული იყო წმინდა ილია თეზბიტელის პიროვნებით და მაგალითით.მას, როგორც გითხარით, ეწოდება ასევე „მიწიური ანგელოზი“, რადგან ჭეშმარიტად ანგელოზებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ძალიან მწირად იკვებებოდა, მკაცრი მმარხველი იყო და დიდ საღვთო საქმეებს აღასრულებდა. ანგელოზების მსგავსად, იგი იყო ღვთის ნების მაუწყებელი. „ანგელოზი“ ხომ „წარგზავნილს“, „მაუწყებელს“ ნიშნავს და აი, ილია თეზბიტელიც იყო მაუწყებელი და განმცხადებელი ღვთის ნებისა. იგი ამბობდა და ქადაგებდა იმას, რასაც ღმერთი უბრძანებდა უღვთოთა სამხილებლად.იგი იყო სრულიად გამორჩეული და უნიკალური ადამიანი ისტორიაში, რადგან მას არ უგემია სიკვდილი, არამედ ცოცხლად იყო ატაცებული ზეცაში ცეცხლოვანი ეტლით და მას ჯერ კიდევ მოელის გარდაცვალება, როდესაც დედამიწაზე ჩამოვა, იქადაგებს და მოწამებრივ სიკვდილს მიიღებს. ასეთია უძველესი საეკლესიო გადმოცემა. სწორედ ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მას ეწოდება „იესო ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედი“. როგორც იცით, პირველი წინამორბედი ვინ იყო? - წმინდა იოანე ნათლისმცემელი. იესო ქრისტეს მეორე, დიდებით მოსვლის წინამორბედი იქნება წმინდა ილია თეზბიტელი, რომელიც, როგორც გითხარით, იქადაგებს ანტიქრისტეს დროს, ბოლო ჟამის პერიოდში, როდესაც უფალი იესო ქრისტე მოვა სამყაროს განსასჯელად, როცა იქნება საშინელი სამსჯავრო.ამრიგად, წმინდა წინასწარმეტყველი ილია ჩვენთვის არის დიდი მაგალითი ღვთისადმი ერთგულების, მოშურნეობის, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის, ქადაგებისა და სიმამაცის. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ მისი ლოცვით ჩვენც მოშურნეობით შევასრულოთ ჩვენი ქრისტიანული ვალი და უშიშრად, მამაცურად ვაღიაროთ ჭეშმარიტი სარწმუნოება ჩვენი სიტყვითაც და საქმითაც.მოგეხსენებათ, წმინდა ილია თეზბიტელი განსაკუთრებით ახლოს არის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის, ვინაიდან მისი წმინდა ხალენი ჩამობრძანებული იყო საქართველოში ჯერ კიდევ ექვსი საუკუნით ადრე ჩვენი ერის მოქცევამდე და მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარშია დავანებული. მას შემდეგ წმინდა ილია თეზბიტელი არ გვტოვებს ჩვენ, საქართველოს, ქართველ ხალხს არ აკლებს თავის მეოხებას და შეწევნას. მათ შორის ეს განსაკუთრებით გამოვლინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაში, რომელსაც ასევე დღეს აღვნიშნავთ. ეს მოხდა 325 წელს, ზუსტად ამ დღეს, ილიაობას.როგორც მოგეხსენებათ, წმინდა მოციქულთასწორი დედოფალი ნანა ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია წმინდა ნინომ, მას შემდეგ, რაც იგი მძიმე სენისგან განკურნა, მაგრამ დედოფლის მოქცევა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მეფე მირიანს მიეტოვებინა თავისი წარმართული რწმენა. მას თვითონ უნდა ეხილა რაღაც სასწაული, რომ ერწმუნა და ასეც მოხდა. ერთხელ სწორედ ამ დღეს, ილიაობა დღეს, იგი წავიდა სანადიროდ თხოთის მთაზე. უეცრად უკუნი სიბნელე ჩამოწვა. მეფე ვერაფერს ხედავდა. შეშინებული მუხლებზე დაეცა და თავის კერპებს სთხოვა დახმარება, მაგრამ სინათლე არსაიდან არ იყო. შემდეგ სასოწარკვეთილებაში მყოფს გაახსენდა წმინდა ნინოს ღმერთი და მას, იესო ქრისტეს, მიმართა; სთხოვა, გამოეხსნა ამ სიბნელიდან და აღუთქვა, რომ თუ დაეხმარებოდა, ის მიიღებდა ქრისტეს რჯულს და სალოცავებს ააშენებდა. დაასრულა თუ არა ეს ლოცვა, სიბნელე გაიფანტა და სინათლემ დაისადგურა. გაოცებული და გახარებული მეფე ბრუნდება მცხეთაში, მიეახლება წმინდა ნინოს, რომელმაც იგი სიხარულით მიიღო და ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა ასწავლა.ამრიგად, ძვირფასო ძმებო, სწორედ ამ დღეს, ილიაობა დღეს, მოხდა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როდესაც მეფე მირიანი მობრუნდა ქრისტეს სარწმუნოებისკენ. და ამას რა მოჰყვა შემდეგ? - მთელი ქართლის მოქცევა, ნათლობა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. სწორედ ეს დიდი მოვლენა - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება - მოხდა 1700 წლის წინ, უფრო სწორად, გაისად სრულდება 1700 წელი. ჩვენ განსაკუთრებით ვემზადებით ამ დიდი თარიღის აღსანიშნავად უკვე წლევანდელი წლიდან. გვსურს, ამაში ჩაერთოს ყველაზე ფართო წრეები, რაც კი შესაძლებელია, მთელი ჩვენი ხალხი, რა თქმა უნდა, ხელისუფლება, ეკლესია, ახალგაზრდობა და ა. შ. დღეს შევთხოვოთ წმინდა ილია თეზბიტელს, რომ ღირსეულად შეგვაძლებინოს ამ დიდი თარიღის და დღესასწაულის აღნიშვნა.ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც გითხარით, დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღე. ჩვენ განსაკუთრებით ვხარობთ ამ დღით ყოველთვის, რადგან მას არაერთგზის უთქვამს, რომ მთელი მისი ღვაწლი და ცხოვრება შთაგონებულია წმინდა ილია თეზბიტელის მაგალითით. შეიძლება ითქვას, დღეს თვითონ უწმინდესი და უნეტარესი გახდა ჩვენთვის სახე და მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებზეც მოგახსენეთ და რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა.მივულოცოთ გულითადად, დიდი სიყვარულით მის უწმინდესობას და უნეტარესობას ანგელოზის დღე. წმინდა ილია თეზბიტელის ლოცვით, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ლოცვით, უფალმა გააძლიეროს, გაახაროს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მისცეს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, რომ კიდევ დიდხანს შეძლოს ამ მაღალი მსახურების აღსრულება ჩვენი ერის საკეთილდღეოდ და მართლმადიდებელი ეკლესიის გასაძლიერებლად. ამინ“, - აღნიშნა ქადაგებისას მეუფე შომ.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1753214700

შალვა პაპუაშვილი: „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს ყველაზე მაღალი სახალხო მხარდაჭერა აქვს. ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები პირდაპირ თავს დაესხნენ საპატრიარქოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს ყველაზე მაღალი სახალხო მხარდაჭერა აქვს.როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ პირდაპირ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, რომელმაც კანონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.„გუშინ საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს განცხადება იყო კანონთან დაკავშირებით და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თუკი რაიმე კანონი არის ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში მიღებული, „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი არის ყველაზე მაღალი სახალხო მხარდაჭერის მქონე კანონი, რომელსაც მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს, როგორც თავისი გამოსვლით 17 მაისს, მხარი დაუჭირეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რომელიც რეფერენდუმად გამოაცხადეს, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოში მოქმედმა ყველა ტრადიციულმა რელიგიურმა კონფესიამ და, რა თქმა უნდა მხარი, დაუჭირა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ. როგორც იტყვიან - ერიც და ბერიც ამ კანონს უჭერს მხარს, ყველაზე დემოკრატიული მხარდაჭერის მქონე კანონი არის და მაინც და მაინც ამ კანონის გაუქმებას ითხოვს ევროკავშირის ელჩი, თან ისე, რომ განმარტებებს არ აკეთებს.საპატრიარქომ გუშინ განცხადება გააკეთა, რომლითაც თქვა, რომ ის, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს, ეთანხმება და გაკვირვებული არიან, რომ ევროკავშირი ითხოვს ამის გაუქმებას. ვნახეთ თავდასხმები, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირს რაიმე განმარტება გაეკეთებინა, ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გამოვარდნენ და პირდაპირ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს. მაგალითად, დღეს ვნახეთ ერთ-ერთი „ენჯეოს“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც პირდაპირ რომ წაგიკითხოთ, ორ რამეს ამბობს. ერთი, თითქოს ეს საკითხი რომ პატრიარქთან შეთანხმებული იყო და ძალიან კარგად იცოდა, თანასწორობის უფლების აღიარებას რომ ითხოვდა ევროკავშირი, გავლილი და შეთანხმებული იყო. ანუ, ის, რაც ჩვენი კანონით არის აკრძალული, ბაღებში და სკოლებში პროპაგანდა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, სქესის შეცვლის დასაშვებობა, თურმე ეს, ამ „ენჯეოს“ განცხადებით, შეთანხმებული ყოფილა პატრიარქთან.მეორე - ჯერ ხომ პრორუსული კლიშეები შემოაქვთ კვლავ და თან ევროკავშირის საელჩოს დაფინანსებული „ენჯეო“ გვეუბნება ჩვენ, ქართველ ხალხს, რომ საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრე არ წარმოადგენს ეკლესიას და ქალბატონი თამთა მიქელაძე წარმოადგენს საქართველოს ეკლესიას. ის გველაპარაკება მისი სახელით, თუ როგორ უნდა გავიგოთ. ისევე, როგორც ბექა მინდიაშვილი, მეორე პერსონაჟი, რომელიც ცნობილია თავისი თავდასხმებით ეკლესიაზე. მთელი აბსურდი სიტუაციისა ის არის, რომ მისი „ენჯეო“ არის „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი”, ყველაზე არატოლერანტული ადამიანი საქართველოს ეკლესიის მიმართ, რომელიც მეუფე შიოს, არა მეუფე შიოთი, არამედ სახელით მოიხსენიებს და სხვა მეუფეებს სახელებით მოიხსენიებს, ევროკავშირის საელჩოს დაფინანსებულია ორივე „ენჯეო“. ამის სითამამე მაინც ეყოთ, წერილებს რომ წერენ, გამოვიდეს ევროკავშირის ელჩი და თქვას – უნდა გაუქმდეს თუ არა ის აკრძალვები, რომლებიც ამ კანონში არის და რა არის მისთვის მიუღებელი ამ კანონში. ნაცვლად ამისა, სცენაზე გამოიყვანეს ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი „ენჯეოები“, რომლებიც პირდაპირ დაესხნენ თავს ეკლესიას.ამის შემდეგ კი, ნამდვილად ევროკავშირის ელჩს მოუწევს განმარტების გაკეთება, ვინაიდან ეს არ არის არც თამთა მიქელაძის და არც ბექა მინდიაშვილის თვითშემოქმედება. ეს არის პირდაპირ სანქცირებული ევროკავშირის საელჩოს და ელჩის მხრიდან. ის აფინანსებს ორივე ამ ორგანიზაციას და არაერთხელ გამიფრთხილებია მე ყველა და ვინც აფინანსებს, ის არის პასუხისმგებელი. ახლა აიღოს ამ სიტყვებზე პასუხისმგებლობა, ვინაიდან ეს სიტყვები არის პირადად მისი ლეგიტიმაციით მიცემული. თუკი არ გაემიჯნება, გამოდის, რომ ეს არის პირდაპირ თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე ევროკავშირის საელჩოს მხრიდან. მოვუწოდებ და მივმართავ, ეს, უპირველეს ყოვლისა, მათთვის არის მნიშვნელოვანი. როგორც იქცეოდნენ, მათ შორის საელჩო და პირადად ელჩი როგორც იქცეოდა, რომ ერეოდა ქართველი ხალხის ნების ფორმირებაში, ამის ბრალია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

თამთა მიქელაძე

პოლიტიკა 1753179022

თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად პატრიარქს თანასწორობის უფლების დაცვისა და აღიარების საკითხები გავლილი და შეთანხმებული ჰქონდა მინიმუმ 2014 წლის შემდეგ

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად პატრიარქს თანასწორობის უფლების დაცვისა და აღიარების საკითხები გავლილი და შეთანხმებული ჰქონდა მინიმუმ 2014 წლის შემდეგ.„გუშინ ყველამ ნახეთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, რომელიც ზუსტად იმეორებდა ქართული ოცნების პროპაგანდის სულისკვეთებას ამ თემაზე.თუ კარგად დავაკვირდებით, უშუალოდ საპატრიარქოს ვებ-გვერდზე და ფბ-გვერდზე არ დევს ამ შინაარსის განცხადება.სინამდვილეში ეს გვერდი საპატრიარქოში მეუფე შიო მუჯირის ფრთას წარმოადგენს და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მივიჩნიოთ საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციად.კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით).პატრიარქს არა ერთი განცხადება აქვს გაკეთებული ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერად და მან ძალიან კარგად იცოდა, რომ თანასწორობის უფლების დაცვას და აღიარებას ევროკავშირი ითხოვს სახელმწიფოებისგან. ეს გავლილი და შეთანხმებული თემა იყო მინიმუმ 2014 წლის შემდეგ.ამიტომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რუსული განათლების და ყაიდის მეუფე შიო მუჯირი ჯერ (და იმედია, არც მომავალში) არ წარმოადგენს ეკლესიას და მისი და "ქართული ოცნების" შეთანხმებული, ნაყიდი თუ დავალებული საერთო გზავნილები ვერ ლეგიტიმიზირდება, როგორც ეკლესიის პოზიცია“, - წერს სოციალურ ქსელში თამთა მიქელაძე.

თანამოსაყდრე

საზოგადოება 1752410539

რა თქვა მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაზე

„დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ დღეს ქადაგებისას.მისივე თქმით, თუ ჩვენ გვინდა, რომ სიყვარული უფლისადმი იყოს გულწრფელი, მაშინ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც.„გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე. თუ ჩვენ გვინდა, რომ სიყვარული უფლისადმი იყოს გულწრფელი, მაშინ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც. როგორც ამბობს უფალი, რომ ამ ორ მცნებას ეფუძნება მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“, - აღნიშნა მეუფე შიომ.დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თორმეტ მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ აღავლინა. დასრულების შემდეგ, კი მრევლს ქადაგებით მიმართა.

თანამოსაყდრე

საზოგადოება 1752333360

რა თქვა მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაზე

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრეპავლობას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება მეუფე შიომ აღასრულა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა:„სული წმინდის გარდამოსვლის შემდეგ პეტრე მოციქული იყო პირველი, რომელმაც დაიწყო ხმამაღლა ქადაგება ქრისტესი და მრავალი ადამიანი მოაქცია სარწმუნოებაზე. დიდი იყო პავლე მოციქულის ქადაგების ძალა. ძალიან ბევრი იღვაწა მან სახარების გავრცელებისთვის. მართალია, იგი არ იყო მოციქულთა შორის იესო ქრისტეს მიწიური სიცოცხლის დროს, მაგრამ მან თავისი ნათელი გონებით, ჩასწვდა იმას, რომ იესო ქრისტე არის აღთქმული მესია, რომელიც მოვიდა კაცობრიობის სახსნელად. სიტყვა მოციქული ნიშნავს წარგზავნილს და ჩვენც ყველანი წარგზავნილები ვართ ღვთის მიერ ამ ქვეყნად, რომ შევიმეცნოთ და დავამოწმოთ ჭეშმარიტება ჩვენი ცხოვრებით. ესე იგი, ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, რაც ჩვენ გვაახლოებს მოციქულებთან, განსაკუთრებით კი მოციქულ პეტრესთან და მოციქულ პავლესთან“, - აღნიშნა მეუფემ.