მასკები

მსოფლიო • 1789653420

ილონ მასკის დედა აცხადებს, რომ შვილის სარდაფში სძინავს

ილონ მასკის დედა აცხადებს, რომ შვილის სარდაფში სძინავს. მეი მასკის თქმით, ცხოვრების მსგავსი სტილი მისთვის უცხო არაა.უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ის ასეთ სიტყვებს ამბობს: „თუ იატაკზე გასაშლელი ლეიბი მაინც მაქვს, მეტი არაფერი მჭირდება. მთავარია თავზე ჭერი გეხუროს და გვერდით ბოროტი ადამიანი არ გყავდეს. ეს ნამდვილი ფუფუნებაა“.როგორც ცნობილის, „სფეის იქსის“ დამფუძნებელს მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს და ურჩევნია, ღამეები მეგობრებთან ან დროებით საცხოვრებლებში გაატაროს. ამიტომ, როდესაც ილონს დედა სარაკეტო ბაზაში სტუმრობს, მეი მასკი დაწესებულების სარდაფში იძინებს ხოლმე.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1789331743

შეგვიძლია, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ესა თუ ის ზომა მივიღოთ, თუმცა არიან ნეგატიური ძალები, რომლებიც ისეთ საკითხებზე საუბრობენ, რომლებიც არ მოხდება - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის კრიტიკოსები „ძალიან ნეგატიურ ძალებს“ შეადარა, რომლებიც, მისი თქმით, ისეთ სცენარებზე საუბრობენ, რომლებიც არ განხორციელდება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.„ჩვენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩინეთს ვუსწრებთ. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ვართ და, გულწრფელად რომ ვთქვა, მსურს, ასე დარჩეს, რადგან ვინც ხელოვნური ინტელექტის სფეროში გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.ტრამპს კითხვა დაუსვეს, უნდა შეანელოს თუ არა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიამ განვითარება ან უნდა გამკაცრდეს თუ არა მისი რეგულირება.„შეგვიძლია, გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ. შეგვიძლია, ესა თუ ის ზომა მივიღოთ. თუმცა, ვფიქრობ, არიან ძალიან ნეგატიური ძალები, რომლებიც ისეთ საკითხებს წამოჭრიან, რომელთა წამოჭრაც არ უნდა ხდებოდეს და ისეთ საკითხებზე საუბრობენ, რომლებიც არ მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის შესახებ საჯარო დისკუსიები მას შემდეგ გამწვავდა, რაც ენობრივი მოდელის, Claude-ის შემქმნელი კომპანია Anthropic-ის ორმა მკვლევარმა განაცხადა, რომ სწრაფად განვითარებულმა ტექნოლოგიამ შესაძლოა, კაცობრიობის გადაშენება გამოიწვიოს.მკვლევრების გაფრთხილებების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი მოდელების განვითარების ტემპის შენელების ინიციატივით გამოვიდა.კომპანია Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარიო ამოდეიმ განვითარების ტემპის შენელებისა და ხელოვნური ინტელექტის რისკების მართვისთვის მეტი დროის გამონახვის მიზნით, სამსაფეხურიანი ჩარჩო წარადგინა. ინიციატივას მალევე შეუერთდა ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი, მათ შორის ილონ მასკი და OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

მსოფლიო • 1789156015

ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთ-ერთი ევროპარლამენტარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

კონკურენციის საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარი სტეფანი იონ-კურტენი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.ევროპარლამენტარი „ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად“ აფასებს ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ კოსმოსური შეთანხმების ღიად მხარდაჭერას, რომელიც კონკურენციის შემოწმებას ელოდება.პარიზში, კოსმოსური სამიტის ფარგლებში გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბლოკის წამყვანი თანამგზავრების კომპანიების მიერ დაგეგმილ 6.5 მილიარდი ევროს ოდენობის ერთობლივ საწარმოს ინდუსტრიულ ლიდერად მიიჩნევს და ბლოკმა მომავლის კოსმოსურ ეკონომიკაში ლიდერობა უნდა დაიკავოს. მისმა განცხადებებს მკაცრი საყვედური მოჰყვა ევროპარლამენტის ლიბერალი წევრის, სტეფანი იონ-კურტენის მხრიდან, რომელმაც ევროპარლამენტის ბოლო ყოველწლიური კონკურენციის ანგარიში წარადგინა.„მედიის მიერ გაშუქებულ კონფერენციაზე შერწყმის მხარდაჭერა ყოველგვარი არსებითი განხილვის გარეშე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და გადაცდომაა“, – დაწერა ფრანგმა ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელში.ფონ დერ ლაიენი გულისხმობდა „პროექტ ბრომოს“, თანამგზავრების მწარმოებელ კომპანიების – Airbus-ის, Leonardo-სა და Thales-ის ერთობლივ საწარმოს, რომელიც, სულ მცირე, ნაწილობრივ კონკურენციას გაუწევს Starlink-ის თანამგზავრულ-ინტერნეტ სერვისს, რომელსაც ილონ მასკის SpaceX მართავს და რომლის ღირებულება დაახლოებით ორი ტრილიონი დოლარია.

სხვადასხვა

მსოფლიო • 1788761508

ილონ მასკმა პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა ულტრამემარჯვენე პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.მასკმა პარტიის ლიდერის, ალის ვაიდელის პოსტს უპასუხა, რომელშიც ვაიდელი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კანდიდატს, ულრიხ ზიგმუნდს არჩევნებში მიღწეულ შედეგს ულოცავს.„ყოჩაღ“, – დაწერა მასკმა („Gut gemacht“).მასკის კომენტარს ულრიხ ზიგმუნდი გამოეხმაურა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„გერმანია კვლავ გახდება ადგილი, სადაც ინვესტირება ღირს“, – დაწერა ზიგმუნდმა.

უკრაინის პრეზიდენტი

მსოფლიო • 1787733350

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ 26 აგვისტოს გამოცემულ პრეზიდენტის განკარგულებაშია ნათქვამი.მასკს ჯილდო ადამიანების სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უკრაინისა და აშშ-ს ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი მიღწევებისთვის გადაეცა.

ილონ მასკი

მსოფლიო • 1787294814

Financial Times: უკრაინა ილონ მასკს Starlink-ის გამოყენების ნებართვას სთხოვს, რათა რუსულ სარაკეტო დანადგარებს დაარტყას

უკრაინა ცდილობს მიიღოს ნებართვა Starlink-ით აღჭურვილი დრონების გამოყენებაზე რუსული ბალისტიკური სარაკეტო დანადგარების წინააღმდეგ, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 200 კილომეტრამდე მანძილზე. ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამისთვის ილონ მასკის თანხმობა იქნება საჭირო.გამოცემის ინფორმაციით, წლის ბოლომდე უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად Patriot-ის სისტემების ასობით რაკეტა დასჭირდება. ამ პრობლემის საპასუხოდ, კიევი გამოსავალს ეძებს და საკუთარ დრონებზე Starlink-ის ინტეგრირების ნებართვას ითხოვს, რათა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ საკვანძო სამიზნეებს უფრო მაღალი სიზუსტით დაარტყას.Starlink-ის სისტემით აღჭურვილი დრონები SpaceX-ის თანამგზავრულ ქსელს იყენებენ, რაც ოპერატორებთან დიდ მანძილზე ბევრად უფრო სტაბილურ კავშირს უზრუნველყოფს, ვიდრე სტანდარტული რადიოარხები. ამასთან, ისინი ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ჩვეულებრივი რადიოელექტრონული დაბრკოლებებისადმი.აღნიშნულმა დრონებმა უკრაინის ტერიტორიაზე, საბრძოლო მოქმედებებისას, საკუთარი ეფექტიანობა უკვე დაამტკიცეს. ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის საზღვრებს მიღმა მათი გამოყენების ნებართვა რუსულ სარაკეტო დანადგარებზე ნადირობის პროცესს მნიშვნელოვნად წაადგება.Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრ სახლში ივლისში გამართული შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს სთხოვა, ილონ მასკთან ეშუამდგომლა Starlink-ის გამოყენების ნებართვაზე.თუმცა ტრამპს მკაფიო პასუხი არ გაუცია და, ოვალურ კაბინეტში შეხვედრაზე მყოფთა ცნობით, აღნიშნული გეგმა არ მოუწონებია.გამოცემის წყაროები დასძენენ, რომ, მათი შეფასებით, მასკი კიევს ამის ნებართვას არ მისცემს. მანამდე მასკმა მხარი დაუჭირა უკრაინის მიერ Starlink-ის აქტიურ გამოყენებას კავშირგაბმულობისა და თავდაცვითი ოპერაციებისთვის. თუმცა, მან უკრაინულ მხარეს უარი უთხრა სისტემის გამოყენებაზე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მისატანად.

მასკი ტრამპი

მსოფლიო • 1786788738

დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა ურთიერთობა აღადგინეს - The Wall Street Journal

დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა ურთიერთობა აღადგინეს.The Wall Street Journal-ის ცნობით, 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე ამერიკელი მილიარდერი რესპუბლიკელების მხარდასაჭერად 100 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ეს ფინანსები კი საკვანძო შტატებში ამომრჩეველთა მობილიზებას მოხმარდება.გამოცემა წერს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას მასკი ტრამპის მთავარი მოკავშირე იყო. მაშინ მან საარჩევნოდ 300 მილიონ დოლარამდე გაიღო. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ბიზნესმენმა მთავრობის მუშაობის ოპტიმიზაციის დროებითი დეპარტამენტი ჩაიბარა. თუმცა, მათი თანამშრომლობა მალევე დაიძაბა.კავშირის გაწყვეტა არცერთი მხარისთვის აღმოჩნდა მომგებიანი. WSJ-ის ინფორმაციით, შერიგების პროცესი დაპირისპირების პარალელურად დაიწყო. ამ საქმეში გადამწყვეტი როლი ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ითამაშა. ის მასკთან კონტაქტს კონფლიქტის დროსაც ინარჩუნებდა.ურთიერთობის აღდგენის მიუხედავად, მილიარდერი პოლიტიკაში ძველებურად აღარ დაბრუნდება. მედიის ცნობით, მასკი უშუალო პოლიტიკურ აქტიურობაზე უარს იტყვის და რესპუბლიკელებს ამჯერად მხოლოდ ფინანსურად დაეხმარება.

უკრაინა

მსოფლიო • 1786122960

ამერიკული გამოცემა The Atlantic: სულ რაღაც რამდენიმე დღეში გაქრა ის ოპტიმიზმი, რომელიც უკრაინის პერსპექტივების გარშემო თვეების განმავლობაში იქმნებოდა

ამ ზაფხულის დასაწყისში უკრაინამ, როგორც იქნა, ხელში ჩაიგდო ინიციატივა ამ სასტიკ, ოთხწლიან ომში - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საკმარისად ჰქონდა გამარჯვებები და ტექნოლოგიური მიღწევები დასავლელი მხარდამჭერებისთვის წარსადგენად, როდესაც ამტკიცებდა, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, - წერს ამერიკული გამოცემა The Atlantic სტატიაში სათაურით „უკრაინის ხანმოკლე აღმავლობა“.„მისი დაპირისპირება დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში გასულ წელს ჩრდილში მოექცა უფრო ახალი შეხვედრების ფონზე, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი თითქოს მზადყოფნას გამოთქვამდა, უკრაინას გამარჯვებაში დახმარებოდა. გასულ თვეს თურქეთში ზელენსკისთან დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეკმაყოფილებინა კიევის კრიტიკული საჭიროება საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით და ლიდერებს შორის არსებული პერსპექტიული განწყობის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა: „იმ ოთახში დიდი სიყვარული და დიდი ერთიანობა სუფევდა“, - ნათქვამია სტატიაში.ვაშინგტონში ზელენსკის ასევე ჰყავდა ელჩი, რომელსაც გავლენიანი კავშირები ჰქონდა. ოლგა სტეფანიშინა, ყოფილი ვიცე-პრემიერი, ოფიციალურ პირებსა და კანონმდებლებს უწყვეტად აწვდიდა ინფორმაციას უკრაინის საბრძოლო წარმატებების შესახებ.წლის დასაწყისიდან მოპოვებული ეს დინამიკა სულ რაღაც რამდენიმე დღეში ჩაქრა. გასულ კვირას ზელენსკისთან შეხვედრაზე, ტრამპმა უარი თქვა დამატებითი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე, რომლებიც კიევს რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად ჰაერივით სჭირდება. მან უკან წაიღო დაპირებაც, რომლის მიხედვითაც უკრაინულ კომპანიებს ამ სისტემების ადგილზე წარმოების უფლება უნდა მიეღოთ.მომიტინგეები უკვე კვირებია კიევში იკრიბებიან და ზელენსკისგან თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. პროცესებში მისი ხელახლა ჩართვა შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს ზელენსკის იმ გეგმისთვის, რომლითაც უკრაინამ ზამთარი უნდა გადააგოროს.როგორც გასულ კვირას გამოცემა The Atlantic პირველად იუწყებოდა, ზელენსკიმ შეხვედრისას ტრამპს სთხოვა, ილონ მასკთან თავისი გავლენა გამოეყენებინა - მასკის კომპანია SpaceX ფლობს Starlink-ის თანამგზავრულ სისტემას. ზელენსკის ამ სისტემის გამოყენება იმ სარაკეტო ბატარეების დასამიზნებლად სურს, რომლებითაც რუსეთი კიევსა და სხვა ქალაქებს უმოწყალოდ ბომბავს. ტრამპმა არც ამ წინადადებასთან დაკავშირებით აიღო რაიმე ვალდებულება.თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ფედოროვი არაოფიციალური არხებით ცდილობს მასკის დაყოლიებას, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერჯერობით პოზიციას არ თმობს.მასკი ფედოროვთან დავას კვლავ განაგრძობს იმ საფრთხეებზე, რომელიც ომის შემდგომ ესკალაციას მოჰყვება. „მასკი გამუდმებით იმას იმეორებს, რომ გარიგებაზე წასვლის დროა“, - აღნიშნა ფედოროვის გარემოცვის წევრმა.„სულ რაღაც რამდენიმე დღეში გაქრა ის ოპტიმიზმი, რომელიც უკრაინის პერსპექტივების გარშემო თვეების განმავლობაში იქმნებოდა. არადა, ამ ზაფხულის დასაწყისში, ზელენსკის წინ დიდი გეგმები ჰქონდა: ამერიკული რაკეტების ახალი პარტია კიევის დასაცავად, ამავე რაკეტების ადგილზე წარმოების უფლება და, ფედოროვისა და მასკის მოლაპარაკებების წყალობით, რუსეთის სიღრმეში დარტყმების მიყენების პოტენციური შესაძლებლობა. უკრაინული ინოვაციებისა და ფრონტზე მოპოვებული უპირატესობის გამო, მას ტრამპის მხრიდან დიდი პატივისცემა ერგო, ხოლო ავტორიტეტული ახალგაზრდა ელჩის დამსახურებით, ვაშინგტონთან ურთიერთობებიც საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, ტრამპმა ინტერესი დაკარგა და Patriot-ის რაკეტებთან დაკავშირებულ ადრინდელ დაპირებებს აჭიანურებს. მასკთან მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ სრულდება. ზელენსკის მიერ პოპულარული თავდაცვის მინისტრის გათავისუფლებას ქვეყნის შიგნით პროტესტი მოჰყვა. უკრაინას კი აღარ ჰყავს ელჩი, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელებას ლობირებას გაუწევდა, რადგან კორუფციის ბრალდებებზე პასუხის გასაცემად სამშობლოში დაბრუნდა. ვითარების ასეთ მკვეთრ ცვლილებას თითქოს ხაზს უსვამს ისიც, რომ რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიშები გააძლიერა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის დასუსტებული რესურსით ისარგებლა“, - აღნიშნულია სტატიაში.

ილონ მასკი

მსოფლიო • 1785310162

თაღლითებმა პენსიონერს ილონ მასკის სახელით სიყვარული აუხსნეს და ფული გამოსძალეს (იაპონია)

იაპონიაში, ქალაქ კამიკუსას 65 წლის მცხოვრები ილონ მასკის სახელით ორჯერ მოატყუეს. პოლიციამ საქმეზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავა.ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულმა კაცმა, სახელად ონო რიოიმ, თანამზრახველებთან ერთად სოციალურ ქსელებში ილონ მასკის ანგარიში გააყალბა და მილიარდერის ნამდვილი გვერდის გამომწერებს მისი სახელით შეტყობინებებს უგზავნიდა.ერთ-ერთი მსხვერპლი 65 წლის პენსიონერი აღმოჩნდა, რომელსაც თაღლითი სიყვარულს უხსნიდა, ეუბნებოდა, რომ ის სჭირდებოდა, მოგვიანებით კი ფულის თხოვნა დაიწყო. მეტი დამაჯერებლობისთვის მან ქალთან ვიდეოზარითაც ისაუბრა, რა დროსაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მასკად გაასაღა თავი.ქალმა დაიჯერა და თაღლითისთვის ფულის გადარიცხვა დაიწყო. მოგვიანებით მას ეჭვი შეეპარა და პოლიციას მიმართა, თუმცა დამნაშავეებთან ურთიერთობას მაინც აგრძელებდა. რამდენიმე თვის შემდეგ მან მათთვის ფულის გაგზავნა კვლავ დაიწყო.სულ პენსიონერმა დამნაშავეებს 1,85 მილიონი იენა (დაახლოებით 12 000 აშშ დოლარი) გადასცა. პოლიციას ეჭვობს, რომ ონო რიოი ასევე ფულის გათეთრების სქემაში მონაწილეობდა. გამოძიება მის შესაძლო თანამზრახველებს ადგენს.

ილონ მასკი

მსოფლიო • 1784924618

ილონ მასკი The Economist-თან ინტერვიუში: „ხელოვნური ინტელექტი ხუთ წელიწადში ადამიანის ინტელექტს გადააჭარბებს - სამუშაომ და ფულმა შეიძლება ღირებულება დაკარგოს“

ილონ მასკმა The Economist-ის მთავარ რედაქტორს, ზანი მინტონ ბედოუსს, ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც ტეხასში, Tesla Gigafactory-ში ჩაწერა. თითქმის საათ-ნახევრის განმავლობაში, მეწარმე ჩვენი დროის ყველაზე განხილვად თემებს შეეხო: ხელოვნურ ინტელექტს, შრომის ბაზრის მომავალს, ეკონომიკას, უკრაინაში ომს და ევროპაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. საუბარი ზოგჯერ დაძაბული იყო, ორ რესპონდენტს შორის მწვავე დაპირისპირების მომენტებით.ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ინტელექტს გადააჭარბებსმასკის თქმით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ინტელექტს გაუტოლდება და გადააჭარბებს, ხოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს ექნება ხელოვნური ინტელექტის დონე, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ადამიანის ინტელექტის ჯამს.მეწარმე ამტკიცებს, რომ ამ ეტაპის მიღწევის შემდეგ, პრაქტიკულად არ იქნება ისეთი ამოცანები, რომელთა შესრულებაც ხელოვნურ ინტელექტს ადამიანებზე უკეთ არ შეეძლება, გარდა თავად ადამიანის ექსპერტიზისა. შედეგად წარმოქმნილი ხარვეზის ასახსნელად, ის ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ურთიერთობას ადარებს ადამიანებსა და შიმპანზეებს შორის არსებულ ურთიერთობას.მიუხედავად იმისა, რომ ეს სცენარი შეიძლება საშიშად მოგეჩვენოთ, მასკი თვლის, რომ ეს არაჩვეულებრივი სიუხვის ეპოქის დასაწყისს აღნიშნავს, რომელშიც საქონელი და მომსახურება საკმარისი რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკები ოპტიმისტური პერსპექტივის შენარჩუნებით, მასკი აღიარებს, რომ ხელოვნური ინტელექტი რეალურ რისკებს შეიცავს, მათ შორის კაცობრიობის არსებობისთვის უკიდურეს საფრთხეს.თუმცა, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის თქმით, ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეჩერება არ არის სიცოცხლისუნარიანი გამოსავალი. ამიტომ, ის გვთავაზობს სექტორის უდიდეს კომპანიებს შორის თანამშრომლობის სისტემას.იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე მოწინავე ხელოვნური ინტელექტის კომპანიებმა დროებით გაუზიარონ ახალი მოდელები კონკურენტებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, გამოცადონ ისინი ერთი-ორი კვირის განმავლობაში საჯარო გაშვებამდე. მიზანია უსაფრთხოების ნებისმიერი პრობლემის იდენტიფიცირება და გამოშვებამდე გადაწყვეტილებების შეთავაზება.მასკი თვლის, რომ კომპანიებს შორის კონკურენციამ შეიძლება უფრო ძლიერი გარანტიები შესთავაზოს, ვიდრე მხოლოდ მთავრობის ზედამხედველობა, რაც შესაძლოა აშშ-სა და ჩინეთის უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიებს მოიცავდეს.სამუშაომ და ფულმა შეიძლება ღირებულება დაკარგოსინტერვიუს დროს წამოჭრილი ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური სცენარი ეკონომიკის მომავალს ეხება.მასკის თქმით, რობოტები მალე შეძლებენ საქონლისა და მომსახურების პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგის წარმოებას, რაც ფულის კონცეფციას სულ უფრო არასაჭიროს გახდის.მისი კითხვა პროვოკაციულია: თუ ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება, უხვად იქნებოდა ხელმისაწვდომი, რა ფუნქციას შეასრულებდა ფული?ამ კონტექსტში, სამუშაოც განიცდის ღრმა ცვლილებებს. მასკი პროგნოზირებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ დავალებას ადამიანებზე უკეთ შეასრულებს, სამუშაოს აუცილებლობიდან პირად არჩევანად გადააქცევს. თუმცა, გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით, ის აღიარებს, რომ ეს გზა რთული და სირთულეებით სავსე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ის ვარაუდობს, რომ მთავრობებს შეუძლიათ მოქალაქეებისთვის ფინანსური მხარდაჭერა გაუწიონ ცვლილებების ამ პერიოდში, ის დეტალურად არ საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ასეთმა სისტემამ პრაქტიკაში იმუშაოს.ევროპის კრიტიკა და იმიგრაციის დებატებიინტერვიუს ბოლო ნაწილი ფოკუსირებულია მასკის მიერ ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართ ხშირად გამოთქმულ პოზიციებზე.მეწარმე უარყოფს ექსტრემისტული მოძრაობების მხარდაჭერის ბრალდებებს და ამის ნაცვლად ამტკიცებს, რომ მხარს უჭერს სამ პრიორიტეტზე დაფუძნებულ პოლიტიკას: სასაზღვრო უსაფრთხოება, ქალაქის უსაფრთხოება და მდგრადი სახელმწიფო ხარჯები.მასკმა ასევე გაიმეორა თავისი რწმენა, რომ იმიგრაცია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს რამდენიმე ევროპული ქვეყნისთვის და ისიც კი ივარაუდა, რომ დიდ ბრიტანეთს შეიძლება სერიოზული სოციალური პრობლემები შეექმნას მომდევნო ათწლეულებში.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა • 1782802601

გურამ მაჭარაშვილი: ილონ მასკი, დონალდ ტრამპი და სხვა ევროპელი თუ უკრაინელი მაღალჩინოსნებიც ღიად ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინაში პროქსი-ომი მიმდინარეობს - ეს ის მოცემულობაა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს პროქსი ომად აფასებენ არა მხოლოდ ილონ მასკი, არამედ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბრობენ ასევე ამერიკელი ოფიციალური პირები, უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნები და ევროპელი პოლიტიკოსებიც.მაჭარაშვილის განცხადებით, სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმების პროცესი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელმა, ბორის ჯონსონმა ჩაშალა.მისი თქმით, საქართველო სწორედ იმ პოლიტიკას ატარებდა, რომელიც ქვეყანას მსგავსი სცენარისგან იცავდა.„არამარტო ილონ მასკი, თავად შტატების პრეზიდენტი ტრამპიც ამბობს, რომ უკრაინის ომი პროქსი ომია. ტრამპის წარმომადგენლები, სახელმწიფო მდივანი და თავად ზელენსკის გარემოცვის წევრები, რომელთაგან ზოგი გაიქცა, ზოგი კი დააკავეს, ასევე საუბრობენ იმაზე, რომ როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლის შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო, ეს პროცესი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელმა, ბორის ჯონსონმა ჩაშალა.ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფო მდივნის, სენატორების ან ევროპელი ლიდერების განცხადებები. ეს არის იმ უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებიც, რომლებიც სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ და აცხადებენ, რომ შეთანხმება სწორედ ბორის ჯონსონმა ჩაშალა. ეს არის მოცემულობა.ამერიკელი სენატორები ამბობენ, რომ ჩვენი ჯარისკაცები სახლში არიან, ხოლო უკრაინელების სისხლზე ჩვენი ეკონომიკა ვითარდებაო. გერმანიის კანცლერმაც განაცხადა - რომ არა უკრაინის ომი, გერმანიის სამხედრო ინდუსტრია ასე არ გაიზრდებოდაო.მეტი როგორ უნდა დაუმტკიცდეს მსოფლიო საზოგადოებას, რომ ეს პროქსი ომია, გამოსაყენებლად გამოცხადებული ომი, რომელსაც ჯერ დასასრული არ უჩანს.ეს არის ის მოცემულობა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით - რომ ამ დღეში აღმოვჩნდებოდით, თუ უარესში არა. უკრაინა საქართველოზე ათჯერ დიდია - მოსახლეობითაც, ტერიტორიითაც და სხვა შესაძლებლობებითაც. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა საქართველო, რომ დაგვეჯერებინა ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციისთვის, ელჩისთვის, ევროპარლამენტისა და მათი აქაური აგენტურისთვის.ეს არის რეალობა, რომელსაც ყოველდღიურად გვაჩვენებენ უცხოელი წარმომადგენლები და რომელსაც უკვე ვეღარ მალავენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ილონ მასკი

მსოფლიო • 1782285079

Bloomberg: SpaceX-ის აქციები გაიაფდა. ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის

Bloomberg Billionaires Index-ის შეფასებით, ილონ მასკის ქონება ერთ ტრილიონ დოლარზე დაბლა — 957 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ეს მისი კომპანიის, SpaceX-ის აქციების საბირჟო ფასის კლებამ გამოიწვია.23 ივნისის სავაჭრო სესიის დახურვისას SpaceX-ის აქციები 156 დოლარად ფასდებოდა, თუმცა დღის განმავლობაში მასკის კომპანიის აქციების ფასი 225 დოლარამდეც კი გაიზარდა.24 ივნისის ძირითადი საბირჟო სესიის გახსნამდე SpaceX-ის აქციების ფასმა კლება განაგრძო.SpaceX-ის აქციებით ვაჭრობა ბირჟაზე 12 ივნისს, თითო აქციაზე 150 დოლარის ნიშნულით დაიწყო. ამგვარად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, თავად მასკი კი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა.Bloomberg Billionaires Index-ისგან განსხვავებით, ჟურნალი Forbes მასკს კვლავ ტრილიონერად მიიჩნევს და მის ქონებას 1,1 ტრილიონ დოლარად აფასებს.

✕