არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა 1773325800

არჩილ გორდულაძე: ევროპამ შვიდჯერ მიიღო რეზოლუცია, შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს

ევროპამ შვიდჯერ მიიღო რეზოლუცია, შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა".დეპუტატის თქმით, ევროპარლამენტარებისგან სულ ისმის აბსოლუტური ტყუილები, თვითონაც არეულები არიან ერთმანეთში და საერთოდ დაკარგული აქვთ რეალობის განცდა.„თუ არ ვცდები, ეს უკვე მეშვიდე რეზოლუციაა, რომელსაც ევროპარლამენტი იღებს. შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს. ადამიანები ხომ უნდა მიხვდნენ, რომ არ ჭრის ეს მაღალფარდოვანი განცხადებები. აბსოლუტური ტყუილები, სიცრუე, სადაც მიხეილ სააკაშვილზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, საუბრობენ კეზერაშვილზე და ნიკა გვარამიაზე, რომ მედია მენეჯერები არიან. ახლა მოვისმინეთ, რომ თურმე ელენე ხოშტარია ყოფილა პოლიტპატიმარი და ამავდროულად მარკეტა გრეგოროვას ნათქვამიც გვახსოვს, რომ თურმე საერთოდ არ იცის მან, რომ ხოშტარია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.არეულები არიან ერთმანეთში და საერთოდ დაკარგული აქვთ რეალობის განცდა. ვერ ხედავენ რა გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს მსოფლიოში. რეალურად, მათ არც არავინ ეკითხება. ჩვენ ხომ ვხედავდით, როგორ მიმდინარეობდა ე.წ. დებატები, სადაც სულ რამდენიმე ადამიანი საუბრობდა და დებატებად შეფუთეს“,- განაცხადა გორდულაძემ.მისივე თქმით ბრიუსელი უკვე იქამდეც მივიდა, რომ ერთ-ერთ მთავარ პრინციპს - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს დაუწყეს ბრძოლა.„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ახლა ბრიუსელი პირდაპირ გარე მართვაზეა დამოკიდებული და ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში საერთოდ არ არიან თავისუფლები, სამაგიეროდ ცდილობენ, რომ გლობალური ძალების ინტერესების გასატარებლად თავს დაესხან ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან და ვისთვისაც პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებია მნიშვნელოვანი. ბოლოს იქამდეც მივიდნენ, რომ რაც არის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლური პრინციპი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ამას ებრძვიან ეს ადამიანები. გრეგოროვას განცხადებაც ვნახეთ „იმედის" ტელევიზიის ჟურნალისტის მისამართით, რომ თურმე მათ არ აქვთ უფლება, რომ კითხვებიც კი დასვან“,- აღნიშნა გორდულაძემ.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1772093197

დავით მათიკაშვილი: ეტყობა, ჯო უილსონმა ახალი სიზმარი ნახა, რა ბედიც „მეგობრობის აქტს“ ეწია, იგივე ბედი ელოდება მორიგ ილუზორულ სიზმრებს

ჯო უილსონმა ეტყობა რაღაც ახალი სიზმარი ნახა, წინა სიზმარში არსებული მოცემულობა ჩავარდა და ე.წ. მეგობრობის აქტი თავზე გადაახიეს, ახლა მეორე სიზმარი ნახა და საქართველოს დაზიანებას რაღაც ტყუილებით ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ჯო უილსონის სიზმრების აქამდე საქართველოშიც არ ეჯერათ, ახლა ამერიკაშიც არ სჯერათ.„რა ბედიც „მეგობრობის აქტს“ ეწია, იგივე ბედი ელოდება მორიგ ილუზორულ სიზმრებს. ჯო უილსონი გამორჩეულია კეზერაშვილის დაფინანსებით. როგორც ჩანს, მას მესიჯი მისცეს, რომ თავიანთ აგენტურას, საქართველოში მეხუთე კოლონას, აცნობოს, რომ არ ინერვიულონ და მხარში უდგანან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც „საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1772006892

შალვა პაპუაშვილი: ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელებისა და ევროპელების სახე, მათი სიყალბე, ფარისევლობა, თითქოს რაღაც ღირებულებებზე დგანან

105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. მგონი, ეს პარალელი ძალიან ცხადია, ასევე ცხადია მისი შინაარსიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას გამოეხმაურა.პაპუაშვილის თქმით, ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაანახეს ხალხს ბრიტანელებისა და ევროპელების სახე.„რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა, უნდოდა, შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას, რათა შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა. ეს არის მთავარი საკითხი. აღარაფერს ვიტყვი იმ შინაარსზე, რაც განმარტებებში ჰქონდათ, აბსოლუტური სისულელე, როგორ თუ, ტელევიზიაში ითქვა, რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო. დიახ, კორუმპირებული კი არა, ზეკორუმპირებულია, ერთმანეთის დაჭერაზე არიან გადასული.რაც შეეხება მიზეზებს, რა თქმა უნდა, ბრიტანეთს ნამდვილად არ ანაღვლებს დეზინფორმაცია. ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი, „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე, „ტვ პირველის“ პატრონი, დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტულ-დეზინფორმაციული ტელეკომპანიის, პარტიული მედიის მფლობელები უზის თავისთან. მეორეც, ბრიტანეთი ახლახან აპირებდა, დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“, პარტიული მედია. პირდაპირ პარტიის კედლის გაზეთი უნდოდა, დაეფინანსებინა და ვერ შეძლო. დღემდე მალავს ბრიტანეთის ელჩი, აქამდე ჰქონდა თუ არა დაფინანსებული „ტაბულა“ . ასე რომ, დაივიწყეთ ეს, არანაირი ღირებულებები არ არსებობს. მგონი, უკვე დაგვანახა ეს თანამედროვე სამყარომ.ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელებისა და ევროპელების სახე. ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელებისა და ევროპელების მთელი სიყალბე, ფარისევლობა, რომ რაღაც ღირებულებებზე დგანან. 1 2 000 კაცი ჰყავთ დაჭერილი იმის გამო, რომ ვიღაცის კომენტარი არ მოეწონათ. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ფარისევლობა. დავფიქრდეთ, სინამდვილეში, რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს. ბრიტანეთის ელჩი კაბინეტიდან კაბინეტში დადის და ითხოვს, საქართველომ დაასანქციროს რუსეთი. ანუ აკრძალოს რუსეთიდან ენერგოპროდუქტების, ბენზინის, გაზის შესყიდვა. შემცირება ნიშნავს, რომ უნდა შეზღუდო, შეზღუდვა ნიშნავს, რომ უნდა დააწესო სანქცია, სანქციის დაწესება ნიშნავს ესკალაციას, ესკალაცია – ომს, სადაც ჩვენ ვიქნებით მარტო. შემდეგ მოვისმენთ ტკბილ განცხადებებს ბრიტანეთიდან და ბრიუსელიდან საქართველოსთან დაკავშირებით. ბრიტანეთი როცა ებრძვის მართალ სიტყვას, ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რასთან გვაქვს საქმე. ბრიტანეთის ელჩმა ეს ზღაპრები მოუყვეს საელჩოში თავის თანამშრომლებს უნდა ქართულად, უნდა – ინგლისურად. ამ ზღაპრების არავის აღარ სჯერა. ჩვენ ვიცით, რაც უნდათ. ეს არის თავდასხმა, 105 წლის თავზე თავს ესხმიან თავისუფალ ქართულ მედიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.

ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკა 1771582152

ლევან ხაბეიშვილი: პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენ, მინდა მოვუწოდო, არ ვიყოთ რაიმის ხელის შემშლელი, ყველას თავისი გზა აქვს, არ გვინდა ამდენი გაუგონარი სჯა-ბაასი, სამარცხვინოა ამის ყურება

აღარ გვინდა ყველა ეთერში დაჯდომა და თქმა, აი, „ლელო“ როგორი ცუდია, იმ გახარიას პარტიასაც დავანებოთ თავი, ყველას თავისი გზა აქვს, ყველა მინუს ივანიშვილი, ეს უნდა იყოს, არ აქვს ამას პარტიული კუთვნილება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, არ უნდა გაიკიცხონ ის ოპოზიციური ძალები, რომლებსაც ერთიანობა არ სურთ.„პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენ და რომლის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც ვარ, მინდა მოვუწოდო, არ ვიყოთ რაიმის ხელის შემშლელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება მეტი ერთიანობა გვინდოდეს, ან რაღაცა ისე არ იყოს, არ შეიძლება ამაზე უკან დახევა. ერთიანობა სადაც იქნება, ყველგან უნდა ვიყოთ, სიტყვა ერთიანობა სადაც იქნება, იქ უნდა ვიყოთ. კიდევ მინდა გთხოვოთ, რომ ის ხალხი, ვინც არ გვიერთდება, იმათ დასჯაში ნუ შევდივართ. დავანებოთ იმ ხალხს თავი, ზოგი საჩვენო საქმეს აკეთებს, ეგრე უყურებს და ეგრე წამს.გავიგეთ, რომ „ლელო“ არ შემოდის, აკეთებს იმ თავის საქმეს, გააკეთოს. აღარ გვინდა ყველა ეთერში დაჯდომა და აი, „ლელო“ როგორი ცუდია. მეტსაც გეტყვით, იმ გახარიას პარტიასაც დავანებოთ თავი. ყველას თავისი გზა აქვს. ყველა მინუს ივანიშვილი, ეს უნდა იყოს, არ აქვს ამას პარტიული კუთვნილება. ჩემი, როგორც ერთი გულშემატკივრის პოზიცია, ისე უნდა გაიგოს საზოგადოებამ. ყველა მინუს ივანიშვილი  – ვისაც არ უნდა, გააკეთოს მარტო, ნუ შედიხართ იმ ხალხის განსჯაში. ვინც ერთიანები ხართ, იმათ ილაპარაკეთ ერთმანეთში, ესაუბრეთ საზოგადოებას, იმათ იმოქმედეთ. არ გვინდა ამდენი გაუგონარი სჯა-ბაასი, სამარცხვინოა ამის ყურება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვიზეც ამბობდა, რომ დამნაშავე და კორუმპირებულია, საქმე არის აღძრული.„მე რომ პარლამენტში ვიყავი, მიკროფონს ვრთავდი და ვამბობდი, მიქაუტაძე არის კორუმპირებული. მაგ დროს გამოდიოდა ხალხი, ზარქუები, ვოლსკები და ამბობდნენ, ხაბეიშვილი ტყუის, მოიგონა – დაიჭირეს მიქაუტაძე კორუფციაზე. ღარიბაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი რომ მოდიოდა, ვამბობდი, კრიმინალია, ისინი მპასუხობდნენ, ხაბეიშვილი არის მასხარა – დაიჭირეს ღარიბაშვილი. ლილუაშვილზე ვამბობდი ქოლცენტრები აქვს-მეთქი, კობახიძე და მდინარაძე ატარებდნენ ბრიფინგს და არაო, კეზერაშვილს აქვს ქოლცენტრებიო, ორი წელი ზღაპრებს ლაპარაკობდნენ. ფარცხალაძეს აქვს ქოლცენტრები-მეთქი და ლამის დანასისხლად გადაიქცნენ, ფიზიკურად იწევდნენ პარლამენტში. ლილუაშვილს აქვს ქოლცენტრები-მეთქი და არაო, ციხეშია ახლა, სხვათაშორის ჩემს სართულზე, მეორე სართულზე ჰყავთ გამწესებული.მგონი, ჩინი უნდა მოემატებინათ და ეთქვათ, ეს არის მთავარი გამომძიებელიო. აღებული აქვთ ჩემი განცხადებები, „შპარგალკასავით“ და მიყვებიან ერთი-ერთში. კაცი არ დატოვეს, ვიზეც ვთქვი, რომ კორუმპირებულია, მიყვებიან და იჭერენ, მე რატო ვარ დამნაშავე. არ არსებობს საკითხი, სადაც კონკრეტულად ვამბობდი, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე და საქმეები არ იყოს აღძრული. ყველა ამ ადამიანზე პროკურატურაში თავის დროზე განცხადება მქონდა შეტანილი, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხი ეგოთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, იგი პოლიტიკური განცხადებების გამო არის დაკავებული და პროკურატურა მას რამე ქმედებას არ ედავება.„ვარ პოლიტიკური განცხადებების გამო ვარ დაკავებული, არცერთ მოქმედებას არ მედავებიან, აი, მაგალითად, გელა ხასაიას აბრალებენ, რომ ვიღაცა სცემაო. მე მოქმედებას პროკურატურა არ მაბრალებს, რომ ვიმოქმედე“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1770974000

შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს, ევროკავშირის სივრცე პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფრად იქცა - შალვა პაპუაშვილი

 გიორგი გახარია სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირია, შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა და ძებნაშია. შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული პირი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის სივრცე პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფრად იქცა.„გიორგი გახარია სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირია, რომელსაც შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, ის ძებნაშია. სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება, აღმოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც შესაძლოა, სხვადასხვა ოფიციალური პირები იყვნენ. ევროკავშირის სივრცე სამწუხაროდ იქცა პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფრად. ის არა მხოლოდ თავს აფარებს ბერლინს, არამედ ფულსაც იღებს. როგორც ვიცით, დანიშნული აქვს სტიპენდია. სტიპენდიის დანიშვნა პოლიტიკოსების დაფინანსების ახალი ფორმაა. ვიცით, რომ დავით კეზერაშვილიც თავს აფარებს ევროკავშირს. ზურაბ ადეიშვილს საერთოდაც ევროკომისიაში ხელს ართმევენ. ეს კიდევ ერთხელ იმ ღირებულებით უფსკრულს აჩვენებს, რომლიდანაც დღეს ევროკავშირი მაუწყებლობს. მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრია და არა შინაგან საქმეთა მინისტრი, ასე რომ მის დაკავებას იქ არ მოახდენს. ზოგადად, უფრო შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული პირი უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს. არ ვიცი, ვინ დაპატიჟა, ასეთი დაპატიჟებები ბევრი გვინახავს, მათ შორის მამუკა ხაზარაძე რომ ამბობდა ტრამპის ინაუგურაციაზე ვარ დაპატიჟებულიო და ქუჩაში რომ დაბორიალობდა მერე ყინვაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი

პოლიტიკა 1769871308

პაპუაშვილი მთივლიშვილზე: რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი. თანაც ისეთი უტიფარი, რომ ამ საკითხზე და შოვის ტრაგედიაზე სიყალბის გამო ევროკავშირმა დაფინანსებაზე უარი უთხრა

ის, რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გელა მთივლიშვილთან დაკავშირებით.როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, „თანაც ისეთი უტიფარი სიყალბის, რომ, როგორც თავად რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ საკითხზე და შოვის ტრაგედიაზე მსგავსი დონის სიყალბის გამო მას ევროკავშირმა დაფინანსებაზე უარი უთხრა“.„ის, რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი.თანაც ისეთი უტიფარი სიყალბის, რომ, როგორც თავად რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ საკითხზე და შოვის ტრაგედიაზე მსგავსი დონის სიყალბის გამო მას ევროკავშირმა დაფინანსებაზე უარი უთხრა. ანუ იმ დონის უტიფარი სიყალბეა, რომ ბრიუსელისთვისაც კი, რომელიც ყველანაირ საბაბს ეძებს, რომ შარი მოგვდოს და ბრალი დაგვდოს, წითელი ხაზი აღმოჩნდა.წესით, ამ ერთი ფაქტის მოყვანითაც შემეძლო ეს თემა დამეხურა, თუმცა, ვინაიდან, ამ ადამიანს არც ჩემი სიტყვა ესმის და როგორც თავად ამბობს, არც ევროკავშირის, და სოცქსელს ამ სრულიად ყალბი ბანერით აბინძურებს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რა არის სიყალბე და რა - სიმართლე.რაც შეეხება სიმართლეს. სიმართლე ის არის, რომ ჩემი ერთდერთი დამსახურება, რომ ჩემს ბიძაშვილთან ერთად მის მიერ ნახსენები ნაკვეთის თანამესაკუთრე (და არა ერთადერთი მესაკუთრე) ვარ, არის იმაში, რომ პაპაჩემის შვილიშვილი ვარ.ამ ნაკვეთს და მის მიმდებარე არანაკლებ ნაკვეთებს (რომელსაც ის რატომღაც არ აჩენს) იმ მომენტიდან, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში საკუთრების უფლება გაჩნდა, პაპაჩემი ფლობდა, ნაწილს საკუთრებად, ნაწილს კი იჯარით.პაპაჩემი 2003 წელს გარდაიცვალა და მემკვიდრეობა მე და ჩემს ბიძაშვილს დაგვიტოვა. ის, რაც მას საკუთრებაში ჰქონდა, საკუთრებად გადმოვიფორმეთ, ხოლო ის, რაც იჯარის ხელშეკრულებით იყო, მასზე ახალი იჯარის ხელშეკრულება დავდეთ. ვინაიდან იჯარის პროცედურებს რეგიონში სხვადასხვა უწყებებში სიარული, წერილების წერა და თანხმობები სჭირდებოდა, ყველგან ორივეს რომ არ გვეარა, შევთანხმდით, რომ ნაკვეთების ამ ნაწილზე იჯარის ხელშეკრულების დადებას ჩემი ბიძაშვილი აიღებდა თავის თავზე. თუმცა ამის შემდეგაც ეს იყო ჩვენი საერთო ქონება და იჯარის თანხასაც ერთად ვიხდიდით. 2005 წლიდან შესაძლებელი გახდა იჯარით აღებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა. გამოსყიდვის ფასი სახელმწიფოს მიერ კანონით დადგინდა. თავდაპირველად არც ვჩქარობდით გამოსყიდვას, თუმცა ვინაიდან დაანონსდა, რომ 2010 წლის შემდეგ რეგულაციები შეიცვლებოდა, გამოსყიდვის პროცედურები დავიწყეთ. ვინაიდან, იჯარის ხელშეკრულება მხოლოდ ჩემი ბიძაშვილის სახელზე იყო, გამოსყიდვაც იურიდიულად მხოლოდ მას შეეძლო. ასე რომ შევთანხმდით, რომ მას გამოესყიდა და მერე, როცა იქნებოდა, გაგვემიჯნა საკუთრება. შესყიდვის თანხაც ერთად დავდეთ და ამის შემდეგ ამ ნაკვეთებზე ქონების გადასახადსაც ერთად ვიხდიდით. ასე რომ, ეს ნაკვეთები ჩვენს ფაქტობრივ თანასაკუთრებაში იყო. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის რაიმე ოჯახური ისტორია, რომელიც ორმა ადამიანმა ვიცით. ქიზიყში პაპაჩემს და მის ოჯახს ყველა პირადად თუ არ გვიცნობს, გაგონილი მაინც აქვთ, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. ასე რომ, ის ტერიტორია ჩემი და ჩემი ბიძაშვილის საკუთრება რომ არის, ეს ყველამ იცის.ასე ჰარმონიულად მიდიოდა ჩვენი ცხოვრება, მიწაც იხვნებოდა და ღვინოც იწურებოდა, სანამ 2020 წელს პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. ვინაიდან ვიცოდი, რომ მოხელის დეკლარაციის შევსება იქნებოდა საჭირო, გადავწყვიტე ის, რაც ჩემი ქონება იყო, სამართლებრივადაც მომეწესრიგებინა, რომ შემდეგ, გადმოფორმების თუ ნაკვეთების გაყიდვის შემთხვევაში, კითხვა არ ყოფილიყო, საიდან ეს ქონება და გაყიდულიდან თანხა მე რატომ შემხვდა. ჩემს პირველივე დეკლარაციაში ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს - ჩემმა მეუღლემ დაირეგისტრირა სოფლის სახლი, რომელიც ბებიამისს მანამდეც მისთვის ჰქონდა ნაჩუქარი, მე კი ჩემზე ის ნაკვეთები რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. ამ ნაკვეთებიდან მაგალითად სახნავი მიწა მე და ჩემმა ბიძაშვილმა პირდაპირ შუაზე გავყავით და ცალ-ცალკე დავირეგისტრირეთ (სხვათა შორის აქაც 1 ლარად, მაგრამ რატომღაც ამ ადამიანისთვის იქვე, გზის გადასწვრივ მდებარე სახნავი მიწა საინტერესო არ აღმოჩნდა), ხოლო იმ ნაკვეთებზე, რომლებიც ფიზიკურად რთული გასამიჯნია, თანამესაკუთრეებად დავრეგისტრირდით.ახლა რაც შეეხება 1 ლარს. ეს სამარცხვინო მანიპულაცია, ჯერ 2023 წელს "ბათუმელებმა" იკადრა, თითქოს სახელმწიფოსგან 1 ლარად ვიყიდე რაღაც - რაც ისეთი მამალი ტყუილი იყო, რომ ბოლოს ბოდიშები იხადეს და სტატიები წაშალეს. ახლა კი ეს ადამიანი არ იშლის მანიპულაციებს.საქმე კი შემდეგშია, რომ ეს ვითომ რაღაც დასამალი 1 ლარიანი გარიგების ამბავი "ბათუმელებმაც" და ამ ადამიანმაც ჩემივე დეკლარაციიდან იციან და აქ არც გამოსაკვლევი იყო რამე და არც ფარდაასახდელი. სინამდვილეში საქმე ორ ბიძაშვილს შორის პაპის დანატოვარის გაფორმებას ეხება.ისტორია კი ასეთია. როდესაც 2020 წელს გადავწყვიტე, რომ ყველაფერი რაც საკუთრებაში თუ თანასაკუთრებაში მქონდა შესაბამისად ასახულიყო რეესტრში, რათა პოლიტიკაში შემოსვლისას ყველა ქონება თავიდანვე მოწესრიგებულად ამესახა დეკლარაციაში და რეესტრში მივედით, ჩვენც და რეესტრიც აღმოვჩნდით დილემის წინაშე - როგორ გაიფორმო ის, რაც შენ ისედაც გეკუთვნის. რეესტრს სჭირდება დოკუმენტი, რაიმე ხელშეკრულება, რომ ცხოვრებისეული რეალობა სანივთოსამართლებრივ მოცემულობად ასახოს და საკუთრება დაარეგისტრიროს. ვინაიდან ჩვენს შორის ახალი არაფერი ხდებოდა, ორივე თავიდანვე ამ ნაკვეთებს თანასაკუთრებად ვფლობდით და მხოლოდ ამის აღიარება გვინდოდა, შევთავაზეთ, რომ საკუთრების აღიარების განცხადება დაეწერა ჩემს ბიძაშვილს, მაგრამ ასეთი ფორმა რეესტრს არ ჰქონდა. ამიტომ ყველაზე სწორ გზად სიმბოლურ თანხად ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება დარჩა - ეს ფორმა თან აჩვენებდა, რომ ეს ნაკვეთები უსასყიდლოდ არ მიმიღია და არავის უჩუქებია ჩემთვის და ამასთან, სიმბოლური თანხა 1 ლარი კეთილსინდისიერად აჩვენებდა, რომ ეს ნასყიდობის ხელშეკრულება სიმბოლურია და არა კომერციული, სადაც ხელშეკრულების ორივე მხარე აჩვენებს, რომ რაღაც სხვა ვალდებულების გამო მოხდა საკუთრების რეგისტრაცია.კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი - ის რომ სპეციალურად სიმბოლურ თანხად იყო ხელშეკრულება, რატომ იყო სიმბოლურ თანხად და მანამდე რომ ფაქტობრივი თანამესაკუთრე ვიყავი - რაიმე გამოძიებით კი არ მოიპოვა ამ ადამიანმა, ჩემს 2021 წლის პირველივე დეკლარაციაში და მას შემდეგ ჩემს ყველა დეკლარაციაში შავით თეთრზე წერია და ამ პოსტზე ფოტოდ მაქვს დართული.ამიტომ, სიმბოლურ თანხად შეძენა პირდაპირი განზრახვა იყო, სწორედ იმის საჩვენებლად, რომ დავირეგისტრირე ის, რაც 90-იანებიდან მოყოლებული როგორც პაპაჩემის ოჯახის წევრს - იჯარით, შემდეგ 2003 წლიდან ჩემს ბიძაშვილთან ერთად - ასევე იჯარით, ხოლო 2011 წლიდან ჩემს ბიძაშვილთან ერთად თანასაკუთრებით ისედაც მქონდა.სიმბოლურ თანხად უძრავი ქონების თუ კომპანიის წილის ნასყიდობაში არათუ ახალი არაფერია, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ეს პრაქტიკა დამკვიდრებულია სახელმწიფოს მიერაც, როდესაც სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს ნაკვეთს იმის საჩვენებლად, რომ ამაში რეალურად საკუთრების უფლების აღიარება ან სხვა ვალდებულებების შესრულება იგულისხმება. და, თუ არც ჩემი და არც სახელმწიფოსი გჯერათ, მაშინ იქნებ ისიც ნახოთ კეზერაშვილმა როგორ გადაუფორმა ტელევიზიის წილი 1 ლარად მის ამჟამინდელ მეწილეებს. რამე კითხვები იყო ამ გარიგებაზე?ასე რომ, ამ ტყუილს თავიდანვე მოკლე ფეხები და ბოროტი განზრახვა რომ ჰქონდა, იმიტომაც არავინ მოჰკიდა მის გავრცელებას ხელი.რა არის ამ ისტორიის მორალი:პირველი - ეს ბანერი და მისით წარმოჩენილი ამბავი ყალბი ჟურნალისტიკის მაგალითია, ვინაიდან▪️ამ ისტორიას სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. არადა ის, როგორც ეს სიყალბე გავრცელდა, კარგად აჩვენებს რა აღქმის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ ამ ყალბი ბანერით - თითქოს სახელმწიფომ გადმომცა რაღაც ნაკვეთი, რაც კიდევ ერთხელ სრული ტყუილია.▪️ეს ნაკვეთები პაპაჩემის დროინდელია და ჩემი კავშირი აქედან მოდის, როგორც მისი მემკვიდრის.▪️პაპაჩემის გარდაცვალების შემდეგ, 2003 წლიდან ამ ნაკვეთს მე და ჩემი ბიძაშვილი ჯერ იჯარით, 2011 წლიდან დღემდე კი როგორც თანამესაკუთრეები ვფლობთ.▪️სიმბოლურ თანხად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, იმის გამჭვირვალედ საჩვენებლად, რომ ამ ნასყიდობის უკან უფლებების და ვალდებულებების სხვა ისტორია დგას და სწორედ ჩვენს შორის თანამესაკუთრეობის რეალური ისტორიის ასახვა მოხდა 2020 წელს და განმარტებულია ჩემს 2021 წლის დეკლარაციაში.მეორე - ის, რომ ეს სიყალბეა, იმითაც ჩანს, რომ ვინც ჩაიხედა საკითხში, არავინ ხელი არ მოჰკიდა ამ სიყალბის გავრცელებას, და როგორც თავად ეს ადამიანი ამბობს, ევროკავშირმაც კი უარი უთხრა დაფინანსებაზე.დაბოლოს, არ ენდოთ ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე მედიას“, - წერს იგი. 

მიხეილ ბინიაშვილი

სამართალი 1769860189

გერმანული მედიის ცნობით, დავით კეზერაშვილის ახლო გარემოცვის წევრს, მიხეილ ბინიაშვილს ქოლცენტრების საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა - ზარალი 230 მილიონ ევროს აჭარბებს

გერმანიის ხელისუფლებამ ოფიციალურად წაუყენა ბრალდება ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მიხეილ ბინიაშვილს, რომელიც ეჭვმიტანილია საერთაშორისო კიბერთაღლითური ქსელის, "მილტონის ჯგუფის" საქმეში, ამავე ქსელში შედიოდა ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი ამანთ იოსიფი, რომლის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ინფორმაციას ამის შესახებ ალბანური და გერმანული მედია ავრცელებს.პრესა წერს, რომ მხოლოდ გერმანულენოვან ქვეყნებში თაღლითურმა ქსელმა ქოლცენტრების მეშვეობით 1000-ზე მეტ მოქალაქეს, 230 მილიონ ევროს ოდენობით მიაყენა.ბამბერგის გენერალური პროკურატურის და ბავარიის კიბერდანაშაულის ცენტრის ცნობით, მიხეილ ბინიაშვილი, ასევე ცნობილი როგორც „მიშკა“, ხელმძღვანელობდა ქსელს, რომელიც მოქმედებდა ალბანეთში, საქართველოში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და უკრაინაში ქოლცენტრების მეშვეობით და ევროპის მოქალაქეებს ყალბ საინვესტიციო პლატფორმებს სთავაზობდა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბინიაშვილი მხოლოდ ტირანაში დაახლოებით 600 თანამშრომლით დაკომპლექტებულ ქოლცენტრს მართავდა, რომელიც მინიმუმ 28 თაღლითურ პლატფორმას აერთიანებდა და გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში ასობით მოქალაქეს ფინანსურ ზიანს აყენებდა. მას ასევე ბრალი ედება PumaTS-ის სახელწოდების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, რომელსაც ინტერნეტში 400-ზე მეტი თაღლითური ფინანსური ვებსაიტი იყენებდა.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1766517086

ლევან ნიკოლეიშვილი: ლილუაშვილის გოიმურად და ვითომ ჩეკისტურად დალაგებული სქემა ხაბეიშვილის ფაქტორით იშიფრება!

როცა ნაცმედიები ლილუაშვილს ქოლცენტრებთან კავშირში “ამხელდნენ”, მათი ე. წ. “ნიუსპოვოდი” და ლილუაშვილის მთავარი მამხილებელი იცით ვინ იყო? ვინ “ებრძოდა” მას თავგამოდებით და ვის ციტირებდნენ ნაცმედიები? ვინ იყო ის ერთადერთი ყველაზე შეუპოვარი პოლიტიკოსი, ვინც ბოლომდე ჩაჰყვა ლილუაშვილს?! - თავად ლილუაშვილის დახელფასებული აგენტი, ლევან ანიტა ხაბეიშვილი - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, გასკდა ამბავი, რომ ნაცების მედიები ქოლცენტრებიდან ფინანსდებოდა და ლილუაშვილსაც ჰქონდა თავისი “პაიოკი”.„ლილუაშვილის გოიმურად და ვითომ ჩეკისტურად დალაგებული სქემა ხაბეიშვილის ფაქტორით იშიფრება! გასკდა ამბავი, რომ ნაცების მედიები ქოლცენტრებიდან ფინანსდებოდა და ლილუაშვილსაც ჰქონდა თავისი “პაიოკი”. დაზღვევის მიზნით ლილუაშვილმა დაალაგა და ნაცების ტელევიზიები მას “ამხელდნენ” იქ, სადაც არაფერი ხდებოდა - თავს ესხმოდნენ არასწორ მისამართებზე, რეალური ქოლცენტრები კი გუგუნებდა, არც მაშინდელი სუსი იყო მომკითხავი და არც “კრიტიკული მედია”.მეტი დამაჯერებლობისთვის ლილუაშვილმა ნაცმედიას უჩივლა და პროცესიც მოიგო. მაგრამ ჰოლივუდური კვანძი ერთი სასაცილო ამბით იხსნება: როცა ნაცმედიები ლილუაშვილს ქოლცენტრებთან კავშირში “ამხელდნენ”, მათი ე. წ. “ნიუსპოვოდი” და ლილუაშვილის მთავარი მამხილებელი იცით ვინ იყო? ვინ “ებრძოდა” მას თავგამოდებით და ვის ციტირებდნენ ნაცმედიები? ვინ იყო ის ერთადერთი ყველაზე შეუპოვარი პოლიტიკოსი, ვინც ბოლომდე ჩაჰყვა ლილუაშვილს?! - თავად ლილუაშვილის დახელფასებული აგენტი ლევან ანიტა ხაბეიშვილი… მთავარ როლებში: გრიგოლ და სანდრო ლილუაშვილები ანიტა ხაბეიშვილი ნოდარ მელაძე დავიდ კეზერაშვილი გიორგი თარგამაძე დები ქაჯაიები და სხვები კოსწიუმების მხატვარი ნიკა გვარამია მუსიკა ნიკა მემანიშვილი“ - წერს ნიკოლეიშვილი.

შალვა კერესელიძე

პოლიტიკა 1764060998

შალვა კერესელიძე: აუცილებლად დადგება დრო, როცა 20 ივნისზე ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი, ვერავინ შეძლებს საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე თავის არიდებას

გიორგი გახარიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის მოგერიებისთვის, ქართული სახელმწიფოს და ქართული მიწების დაცვისთვის, მათ შორის „ოცნების“ ხელისუფლების დაცვისთვისაც 13-წლიანი აბსურდული მუხლით სდებთ ბრალს. აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში დრო, როცა 20 ივნისზე ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება და ვერავინ შეძლებს საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე თავის არიდებას.„მადლობა ღმერთს, რომ გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო, ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია 2019 წლის  20 ივნისის შემდეგ. გიორგი გახარიას მიმართ არაერთი ასეთი საქებარი სიტყვები მოგვისმენია, რაც შემდგომ სანაქებო პრემიერ-მინისტრად ორჯერ წარდგენით დაგვირგვინდა, მაგრამ ექვსი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 20-ივნისი თურმე დანაშაული იყო, რის გამოც გენერალურმა პროკურატურამ არ არსებულ და გაყალბებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გიორგი გახარიას ერთ დღეში პოლიტიკური ბრალი წარუდგინა და სასამართლომ 13-წლიანი ორი დაკვეთილი პატიმრობა შეუფარდა.რამდენიმე თვით ადრე კიდევ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩადენილ დანაშაულებს „იძიებდა“, გამოკითხვაზე არ დაუბარებია მთავარი მოქმედი გმირები, მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ახალაიები, კეზერაშვილი, ნაცური პოლიტიკური წარსულის მქონე სასამართლოს წარმომადგენლები, მაგრამ კომისიაზე ყოვლად გაუგებრად დაიბარეს გიორგი გახარია და ბრალი წარუდგინა ნაცური პოლიტიკური წარსულის მქონე მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანურმა სასამართლომ. ხსენებულმა სასამართლომ, 26 მაისის მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევის საქმეზე ვანო მერაბიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის მიუსაჯა 4 წელი და 6 თვე, დათა ახალაიას – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ამავე მუხლით წარედგინა ბრალი. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, 5-დან 8 წლამდე ედებათ ბრალი 7-ნოემბრის მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევის შემოქმედებსაც – მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს. გიორგი გახარიას კი, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის მოგერიებისთვის, ქართული სახელმწიფოს და ქართული მიწების დაცვისთვის, მათ შორის „ოცნების“ ხელისუფლების დაცვისთვისაც 13-წლიანი აბსურდული მუხლით სდებთ ბრალს.20-ივნისს ჰყავს ერთადერთი ორგანიზატორი ირაკლი კობახიძე, რომელმაც გავრილოვი ჯერ საქართველოში ჩამოიყვანა, მერე ღვინით უმასპინძლა და შემდეგ ამ დარბაზში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა. შემდეგ გულწრფელ, სამართლიან პროტესტს ბაქოში ემალებოდა და ვიდრე თანამდებობიდან გადააყენებდნენ, თვითონ დროულად რომ გადამდგარიყო, 20-ივნისი არ მოხდებოდა. იმდენად გიჭირთ ამ საქმის შეკერვა, რომ, ერთი მხრივ, თქვენივე პროკურატურა ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, მაგრამ რეზინის ტყვიებით ადამიანების მძიმე დაზიანებას გიორგი გახარიას აბრალებთ. საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე ამ ყველაფერს სახელი რომ დავარქვათ და შეფასება მივცეთ, ეს არის გიორგი გახარიას მიმართ ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება და პოლიტიკური დევნა, რომელიც არაერთხელ ითქვა საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნების წინ.დღევანდელი ნაცური პოლიტიკური წარსულის სასამართლო დღეს ასე გამოიყურება: სააკაშვილზე, ახალაიაზე, ადეიშვილზე, მერაბიშვილზე მეტი სასჯელი გიორგი გახარიას მხოლოდ იმიტომ, რომ დაიცვა ქართული სახელმწიფო გადატრიალებისგან და ოკუპაციის რისკის ქვეშ მყოფი ძირძველი ქართული მიწები დაიცვა მცოცავი ოკუპაციისგან. მერწმუნეთ, აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში დრო, როცა 20 ივნისზე ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი. მუდამ გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება და ვერავინ შეძლებს საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე თავის არიდებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩორჩანას და 20 ივნისის შემდეგ „ოცნების“ ხელისუფლებამ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად ორჯერ აირჩია“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კონსტანტინე გამსახურდია

პოლიტიკა 1762330285

აგ­ვის­ტოს ომ­ში სა­ქარ­თვე­ლომ არა თუ და­იბ­რუ­ნა და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტორი­ე­ბი, არა­მედ დაკარგა კოდორის ხეობა, რა­ზეც პასუხისმგებლობა უნ­და და­ე­კის­როს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს - კონსტანტინე გამსახურდია ლეილა ცომაიას 2008 წლის წერილს აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, ამჟამად ოპოზიციონერი აქტივის, ლეილა ცომაიას მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ამავე წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ წერილს ავრცელებს.წერილში, ლეილა ცომაია, საუბრობს მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ბრალეულობაზე და წერს, რომ "აგვისტოს ომმა ცხადყო და ნათლად წარმოაჩინა მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთავარსადლისა და მისი მაღალჩინოსანი სამხედროების სრული დილეტანტიზმი და პროფანიზმი, სამხედრო მოუმზადებლობა და უუნარობა".ამავე დროს, ცომაია აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომში საქართველომ არათუ დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები, არამედ დაკარგა კოდორის ხეობა და კიდევ ერთხელ განადგურდა გენოფონდი, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა დაეკისროს მიხეილ სააკაშვილს."რამდენადაც ქ-ნი ლეილა ცომაია კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, უინტერესო არ იქნებოდა მისი ამ წერილის გაცნობა 2008 წლის აგვისტოს ომზე"განმათავისუფლებელი"2008 წ. 18 სექტემბერი7-23 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ხანგრძლივმოქმედი კოლაფსი და საყოველთაო კატასტროფა მოუტანა ქართველს ერს. ამ ქარიშხალივით თავსდატეხილმა ომმა თავზარდამცემად გააშიშვლა ილუზიონისტ-პოლიტიკანის,მიხეილ სააკაშვილის ავანტიურისტული ვნებანი – თავს მოეხვია წასაგებად განწირული ომი, რისთვისაც მან დროც, თავისი “დიდი მასწავლებლის” – შევარდნაძის მსგავსად, აგვისტო შეარჩია, როდესაც მნიშვნელოვნად დაქვეითებულია სამხრეთელი ქართველების შრომისა და ბრძოლის უნარიც, რომ არაფერი ვთქვათ ბაქი-ბუქა პრეზიდენტის “სამხედრო ძლიერების” ბლეფზე. ემზადებოდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ამ საპასუხისმგებლო ომისათვის? დიახ, ემზადებოდა! 2006 წლის 15 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა 179 ხმით მიიღო დადგენილება რუსი “სამშვიდობო ჯარების” ცხინვალის მხარიდან გაყვანის შესახებ (მანამდეც არსებობდა რიგი დადგენილებები ამ საკითხთან დაკავშირებით) და 1992 წლის 24 ივნისის დაგომისის ხელშეკრულების გადახედვის შესახებ, თუმცა, ოპოზიცია ითხოვდა ამ ხელშეკრულების სრულ დენონსაციას.ყოველწლიურად იზრდებოდა სახელმწიფოს თავდაცვის ბიუჯეტი და ჯარის რიცხვითი რაოდენობა (იგი, საბოლოოდ 2008 წლის 15 ივლისის პარლამენტის დადგენილებით, 37000-ით განისაზღვრა).2007 წლის ბოლო თვეებში, სააკაშვილის ხელისუფლების მხარდამჭერთა მხრიდან აქტიურად ვრცელდებოდა ხმები ცხინვალის რეგიონის დაბრუნების მზადების შესახებ და ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული აქტის ჩაშლა მთლიანად ოპოზიციის მიერ ნოემბერში საპროტესტო აქციების გაშლას ბრალდებოდა. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მთავარი პირობა, მომავალ საპრეზიდენტო ვადაში ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნება იყო. ამგვარი აღმშენებლური ამბიციები (გახსოვთ, ალბათ, მან ორივე საპრეზიდენტო ინაუგურაციის დროს ფიცი დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო) მას პირველ საპრეზიდენტო ვადაშიც გააჩნდა და ცხინვალის რეგიონში “ძლევამოსილი შესვლის” რეალური მცდელობაც ჰქონდა (2004 წ. ივნისი და აგვისტო-სექტემბერი). ამ ავანტიურისტული სულისკვეთებითა და პარანოიდული ჟინით გამოსტაცა ხელიდან დაუმორჩილებელ თავდაცვის მინისტრ ირ. ოქრუაშვილს (რომელიც მტკიცე შემართებითა და თავდაჯერებით აცხადებდა, რომ 2007 წლის 1 იანვარს იგი ცხინვალში შეხვდებოდა) შიდა ქართლის საქართველოსთვის დაბრუნების შედარებით რეალური ინიციატივა, რისთვისაც მას გააფთრებით შეებრძოლა – 2006 წლის ნოემბერში იგი თანამდებობიდან გადააყენა, ხოლო 2007 წლის 27 სექტემბერს, კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა, 10 მილიონი ლარი გირაოს სახით გამოსძალა, საქართველოდან განდევნა (მას საფრანგეთის ვიზა და გერმანიის ბილეთი საპატიმროში მიუტანეს) და ემიგრაციაშიც მასზე სისხლის სამართლის დევნა გამოაცხადა. ოქრუაშვილის ნაცვლად კი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე სრულიად უსახური და არაჯანსაღი ჰაბიტუსის (გავრცელებული ხმებით იგი მორფინისტია) პიროვნება დავით კეზერაშვილი აღაზევა.ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს ერთი დღითაც კი არ ჩაუცვამს სამხედრო ფორმა და არც ნირი შეცვლია, არამედ მას და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, ომის დაწყებიდან ოთხი დღის განმავლობაში, პირიდან ღიმილი არ მოსცილებიათ, როცა ბარბაროსი მტრისაგან ულმობლად იწირებოდნენ ხელისუფლებისაგან სრულიად დაუცველი ადამიანები, სრულად წყდებოდნენ ოჯახები და სისხლიდან იწრიტებოდა საქართველო. ჩვენი ქვეყნის ეს ორი უმაღლესი ხელისუფალი კი სასოწარკვეთილ, დაბნეულ გაოგნებულ ხალხს, პარლამენტის წინ მიტინგებზე უხმობდნენ და იმედისა და რაიმე გონივრული სტრატეგიის ნაცვლად ხელში დროშებს აჩეჩებდნენ, მათ წინაშე ბაქი-ბუქობდნენ და ტაშ-ფანდურობდნენ. უმაღლესი მთავარსარდლისა და პარლამენტის თავმჯდომარის ამგვარ არაადექვატურ ქმედებებს, ბარბაროსი მტრის თბილისში შემოჭრის მცდელობამ უცვალა ნირი. აი, მაშინ კი დამფრთხალ-დამდუღრული სახით გამოვიდა დავით ბაქრაძე და ტელევიზიით განგვიცხადა: ყველამ საკუთარი შესაძლებლობებით დაიცავით თავიო და პრეზიდენტ-მთავარსარდლის დანაბარებიც გადმოგვცა: მშვიდად შეხვდით განსაცდელს, გარეთ არ გამოხვიდეთ, თუ მტერი სახლებში შემოგეჭრათ ხელები არ გაანძრიოთო, ანუ მტერს ხელებაწეული და დაჩოქილი შეხვდითო. თავად ბაქრაძეს კი სახეზე აშკარად ეწერა გაქცევის მზადება, სავარაუდოდ, პრეზიდენტ-მთავარსარდალთან ერთად.დიახ, ეს მუხანათური გადაწყვეტილება ბაქრაძის ჩამქრალ გასაიდუმლოებულ მზერაში აშკარად ბუდობდა. ხელისუფლებას არაოფიციალურად ჩამოცილებული იყო სახელმწიფოს პრემიერ მინისტრი ლადო გურგენიძე, რომელიც, ომის დაწყებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ არ ჩანდა სახელისუფლო ავანსცენაზე და იგი მხოლოდ ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს გამოჩნდა მოკრძალებული საქმიანობით – კაბინეტური შეხვედრები გამართა მთავრობის წევრებთან. ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ჯარისკაცს,რომლებმაც გვითხრეს, რომ მათ ბოლო ორის თვის განმავლობაში, ყოველ დღე ემზადებოდნენ ცხინვალში შესასვლედად, მათ იცოდნენ, რომ უნდა ებრძოლათ შიდა ქართლის დასაბრუნებლად.(ჩვენ მათ სახელებსა და გვარებს და დისლოკაციის ადგილებს შეგნებულად არ ვასახელებთ).ომიდან გამოსული, გადარჩენილი ჯარისკაცები კი გვეუბნებოდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ტყვია-წამალი და თვით ავტომატებიც კი, უიარაღო ბიჭები, ბრძოლის ჟინჩაკლული იღუპებოდნენო.მაგალითად, ვაზიანის 700-კაციან ბატალიონიდან მხოლოდ 300 ჯარისკაცი გადარჩენილა.რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა, ბლეფად აქცია პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ყბადაღებული და რეკლამირებული ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და სიძლიერე და ნათლად წარმოაჩინა თავზარდამცემი რეალობა: საერთოდ არ გვყოლია სამხედრო ავიაცია, არ გვქონია არანაირი საზენიტო დანადგარები, ხუხულა ყოფილა სანავიგაციო სისტემა, არ გვყოლია არანაირი დაზვერვა, არ გვქონია საკმარისი ავტომატები და ტყვია-წამლებიც კი, ეს ყოველივე მაშინ, როცა ქვეყნის სამხედრო თავდაცვის ბიუჯეტი ორჯერ აღემატება სამოქალაქო ბიუჯეტს, ხოლო ჯარისკაცების წვრთნა და სამხედრო მომზადება მხოლოდ რეკლამისთვის განკუთვნილი მოკლემეტრაჟიანი კინოსერიალები ყოფილა.მთელი ომის განმავლობაში გულისმომკვლელად და აღმაშფოთებლად მწირი იყო ინფორმაციები ომის მსვლელობისა და მდგომარეობის შესახებ. სააკაშვილის მიერ მონოპოლიზირებულ ტელევიზიებში აშკარად იგრძნობოდა მკაცრი სახელმწიფო ცენზურა, მაშინ, როდესაც დღევანდელი ტექნიკური პროგრესის პირობებში სრულიად შესაძლებელია პირდაპირი ტრანსლიაცია საომარი მოქმედებებისა. ასე იყო ერაყის ომის, იუგოსლავიის და თვით ჩეჩნეთის ომის დროსაც. ჩვენ კი მხოლოდ უცხოური ტელეკომპანიების მოიმედენი ვიყავით, რომ ის ინფორმაციები მაინც მიგვეღო, რასაც ეს ტელეკომპანიები ავრცელებდნენ საინფორმაციო მეტრაჟით. ქართველ ჟურნალისტებს, ვითომდაც მათი უსაფრთხოების მიზნით ომის მოქმედების ზონებში არ უშვებდნენ. შესაბამისად არაფერი ვიცით, როგორ იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები, რა სამხედრო ტექნიკით, როგორი განლაგებით, საერთოდ იყო თუ არა ომის ეპიცენტრში თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ტელეეკრანზე მხოლოდ 17 აგვისტოს გამოჩნდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. სად იყო და როგორ მოქმედებდა ჩვენი გენერალიტეტი, უშიშრობისა და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საზღვრის დეპარტამენტის უფროსი ბიწაძე, რომლებიც ერთიანად გამქრალი იყვნენ არეალიდან. ჩვენ იძულებულნი ვიყავით გვესმინა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ ორწუთიან ბრიფინგებზე გაჟღერებული ქართველი მეომრების გმირობებზე, თავგანწირვაზე და ქართველი მეომრების მიერ ჩამოგდებულ 30-მდე ოკუპანტების თვითმფრინავზე, მაშინ, როცა დღემდე არ არსებობს არც ერთის დამადასტურებელი კადრი. ომის შედეგი კი კატასტროფულია, როგორც ფიზიკური სამხედრო ძალისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგებით ასევე ნგრევის მასშტაბებით, რითაც ეს ომი დიდად გასცდა 1992-93 წ. წ. აფხაზეთის ლოკალურ ომს.დღეს ჩვენ ორკვირიანი ომის შედეგად გვყავს 130 000-მდე დევნილი, 20 000-ზე მეტი დაღუპული (თუმცა ოფიციალური ხელისუფლება ამ ციფრს 2 000-მდე ამცირებს). გადამწვარ-გადაბუგულია თითქმის მთელი საქართველოს ტყე-პარკი და მინდვრები, სრულიად დანგრეული, გაძარცული და გაჩანაგებულია სამხედრო და თვით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც, აფეთქებულია სარკინიგზო ხიდები და ა. შ. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა ავიაგამანადგურებლებით თბილისშიც შემოაღწია და მოიცვა სრულიად საქართველო, რუსმა ოკუპანტებმა ყველგან ჩვეული მაოხრებული კვალი დატოვეს.პრეზიდენტისა და მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან აშკარაა მცდელობა ტაბუ დაადოს და მიჩქმალოს ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობის) საკითხი, რომლის ტერიტორია ჩვენ, ამ ომის შედეგად დავკარგეთ და იქ დღეს საქართველოს დროშების ნაცვლად აფსუა სეპარატისტების დროშა ფრიალებს. იმის ნაცვლად, რომ ამ სტრატეგიული ხეობის შესანარჩუნებლად მაინც გადაგვესროლა მთელი ძალები, სეპარატისტებსა და ოკუპანტებს ხეობა, თითქმის უბრძოლველად დავუთმეთ, საიდანაც, აგრეთვე გვყავს დევნილები.აგვისტოს ომმა ცხადყო და ნათლად წარმოაჩინა მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთავარსადლისა და მისი მაღალჩინოსანი სამხედროების სრული დილეტანტიზმი და პროფანიზმი, სამხედრო მოუმზადებლობა და უუნარობა, ბლეფად აქცია ჩვენი, ვითომცდა “ევროპული სტანდარტების შესაბამისი, “სამხედრო ძლიერება”. ამ მხრივ სულაც არ გვქონია მნიშვნელოვანი პროგრესი შევარდნაძისეულ თავდაცვისუნარიანობასთან, ხოლო საჰაერო თავდაცვა კვლავ არ გასცილებია დავით თევზაძის ლაკატკის დონეს. საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებისადმი პასუხისმგებლობის ხარისხიც შევარდნაძის დონის იდენტური აღმოჩნდა; ისევე როგორც შევარდნაძემ, არც სააკაშვილმა მოახდინა საომარი კონფლიქტს ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მაშინ, როცა სეპარატისტების ლიდერმა, ომის დაწყებამდე მზრუნველად გახიზნა ოსი მოსახლეობა და ეს პროცესი არ ყოფილა გასაიდუმლოებული თუ დახურული, არამედ იყო საჯარო. სააკაშვილმა, როგორც 24 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, იცოდა, რომ რუსეთი ემზადებოდა აგვისტოს ომისათვის და ამის შესახებ აფრთხილებდა კიდეც მსოფლიოს, მაგრამ ევროპამაც, დასავლეთმაც და ამერიკამაც წაუყრუეს. მათ ამგვარი ყრუდქმნილი მდგომარეობა შეინარჩუნეს ომის დაწყებისა და მსვლელობის თითქმის ოთხი დღის განმავლობაში ანუ, სანამ მთლიანად არ დაიბომბა შიდა ქართლის ტერიტორიები და არ ამოხოცეს ქართველი მოსახლეობა და ქართული ჯარი.საქართველო იქცა რუსეთ-ამერიკის ბრძოლის ველად და ამ ომში დამარცხდა, როგორც საქართველო, ასევე რუსეთიც, რომელსაც ამერიკამ “დუმილის პოლიტიკით” თავისივე დადგმულ ხაფანგში გააყოფინა თავი, რითაც მსოფლიოსათვის საშიშ აგრესორად წარმოაჩინა და საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია და, პერსპექტივაში, სახელმწიფოეობრივად დაასუსტა იგი.ნიშანდობლივი იყო, რომ სააკაშვილი, რუსი ოკუპანტების შეფასებისას ისტორიულ პარალელს განუხრელად ავლებდა მხოლოდ 1921 წლის ანექსია ოკუპაციის ფაქტთან და არამც და არამც გაკვრითაც არ ახსენებდა 1991-92-93 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალებასა და რუსეთის მიერ დასავლეთ საქართველო-აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაცია-ანექსიის ფაქტს, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სამხედრო ძალით დამხობა იყო მსოფლიო შეთქმულების შედეგი და ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა, როგორც დასავლეთი და ევროპა, ასევე ამერიკაც და რუსეთიც. სააკაშვილს კი არ სურს დაუპირისპირდეს, დღეს უკვე თავის პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებს, ანუ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პერიოდის ხსნებით სააკაშვილს არ სურს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის მიზეზ-შედეგობრივი კვანძის გახსნა, რომელსაც უფრთხის მსოფლიოც. ეს ტაბუდადებული ისტორიული მონაკვეთია, რომელშიც მნიშვნელოვანია კვარცხლბეკის ფაქტორიც.ზვიად გამსახურდია (შევარდნაძისა და სააკაშვილისაგან განსხვავებით) ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული და ერთიანი საქართველოს პრეზიდენტი იყო. სააკაშვილის მკრეხელური მცდელობა, რომ თითქოს – “დღევანდელი საქართველოსა და ქართველების გმირობამ პირველად, საქართველოს ისტორიაში აღაფრთოვანა მსოფლიო”, სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ მოახდინოს ფასეულობების დევალვაცია.თბილისი კი, რუსი ოკუპანტების შემოსევებისაგან ჭეშმარიტად იხსნა მართლმადიდებელი მრევლის ერთობლივმა გულითადმა ლოცვებმა, რომლებსაც ისინი თავიანთ წინამძღვრებთან ერთად ღამისთევით აღავლენდნენ ეკლესიებში. სასწაულთმოქმედი ხატებით ეწყობოდა მლოცველთა მსვლელობები მთელ თბილისში, მრავალრიცხოვანი მრევლის მიერ, ომის დაწყებამდე და ომის პერიოდშიც. ასევე ღვთის ნებითა და წყალობით იყო საერთაშორისო პოლიტიკური ძალების ზეწოლაც, რომ რუს ოკუპანტებს ხელი აეღოთ თბილისში შეჭრის განზრახვისაგან, შეეწყვიტათ ომი და დაეწყოთ გასვლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან.აგვისტოს ომში საქართველომ არა თუ დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები, არამედ დაკარგა მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაწილი – კოდორის ხეობა და კიდევ ერთხელ განადგურდა გენოფონდი, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა დაეკისროს ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს. (ლ. ცომაია)“ – ვკითხულობთ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

შალვა კერესელიძე

პოლიტიკა 1761645537

შალვა კერესელიძე: ეროვნულობაზე, პატრიოტიზმზე როცა ვსაუბრობთ, ქრთამის აღებაზე, გამდიდრებაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, არამედ ხალხის წინაშე პრობლემები სწორად, სახელმწიფოებრივად გავიაზროთ

ეროვნულობაზე, ქართველობასა და პატრიოტიზმზე როდესაც ვსაუბრობთ, ქრთამის აღებაზე, გამდიდრებაზე, სახელმწიფო ქონების მითვისებაზე და თანამდებობების ბოროტად გამოყენებაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, არამედ ხალხის წინაშე არსებული ურთულესი პრობლემები სწორად, სახელმწიფოებრივად უნდა გავიაზროთ და გავისიგრძეგანოთ, – ამის შესახებ  პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, „არაბ ინვესტორებზე მიწების გასხვისება და შემდგომ არაბული ტიპის დასახლებების მშენებლობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა“.„თუმცა არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის ტურისტული და რეკრეაციული ტყე-პარკების გადაცემა არაბი ინვესტორებისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითი კრწანისის ტყე-პარკია, სადაც შექმნილია ნამდვილი ცოცხალი მუზეუმი, რომელიც საზოგადოებისთვის საუკეთესო ტურისტულ-რეკრეაციულ და დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ხელისუფლებას სურს, გაასხვისოს არაბ ინვესტორებზე, რათა შემდგომ გაშენდეს არაბული ტიპის დასახლება. სინამდვილეში, ასეთი ფორმით შემოსული ინვესტიცია, ხელისუფლებასთან წინასწარ შეთანხმებით, გულისხმობს მყიდველების ინტერესების გათვალისწინებასაც. ეს მყიდველები კი ძირითადად გახლავთ თვითონ ინვესტორების მიერ არაბული ქვეყნებიდან ჩამოყვანილი არაბი მოქალაქეები, ვისთვისაც საქართველოს ეკოსისტემა სასიცოცხლოდ სუფთა წყაროს წარმოადგენს, რაც, თავისი შინაარსით, ბიზნესურად საქართველოს დემოგრაფიულ ექსპანსიას ნიშნავს.სამწუხაროდ, ამ ყველაფერის ნებას რთავს ხელისუფალი, რომელიც მუდამ გვესაუბრება სამშობლოს სიყვარულზე, ეროვნულობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, რწმენაზე, ტრადიციებზე, თუმცა, ამავე დროს, საკუთარ ხალხთან შეუთანხმებლად, არაბ ინვესტორებზე, პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრებზე თუ სხვა ჩინოვნიკებზე ასხვისებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ტყე-პარკებს, ტყეებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, სახელმწიფო ქონებებს, უვიზო რეჟიმებს ვუწესებთ გაურკვეველი წარმომავლობის სახელმწიფოების მოქალაქეებს, მაშინ როდესაც საკუთარი მოქალაქეები საკუთარ სამშობლოს ტოვებენ და თავის გადასარჩენად მიდიან ემიგრაციაში და საქართველო ყოველ წელს ბუნებრივი მატების გარეშე ხვდება. დიდი ხანია, უკვე გარდაცვლილთა რაოდენობა ჭარბობს შობადობის რაოდენობას. გახლეჩილია ქართული ოჯახები, ქვეყნიდან ყოველწლიურად გაედინება თაობა, რომელმაც ქვეყნის მომავალი უნდა შექმნას და ქართული გენოფონდი გაამრავლოს. დროთა განმავლობაში ამ ყველაფერმა გამოიწვია ქართული მოსახლეობის ხვედრითი წილის შემცირება მთლიან მოსახლეობაში, დაიცალა 200 სოფელზე მეტი, ხოლო ერთი მაგდენი სოფელია, სადაც თითო-ოროლა კაცი თუ ცხოვრობს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხმამაღლა გაიძახით, რომ დედა დედაა და მამა კიდევ მამა. ვფიქრობ, ამის ახსნა ყველა ქართველისთვის დიდი შეურაცხყოფაა. დიახ, ეს სანაქებო ღარიბაშვილის სიტყვებია, მექრთამეობის და ფულის მოპარვის გამო დასაჭერად რომ გყავთ გამზადებული და ეს ის ღარიბაშვილია, რომელიც პრემიერობიდან პირველად კორუფციის გამო გაუშვით და კორუფცით გაშვებული და მეორედ უკან მობრუნებული პრემიერ-მინისტრი ამ ტრიბუნიდან მექრთამეობას, ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვას სამარცხვინო საქციელად მიიჩნევდა და ასეთ ქმედების ჩამდენ ხალხს კეზერაშვილებთან აიგივებდა ხოლმე. სინამდვილეში, კიდევ ქართველობას და ოჯახურ ღირებულებებს ამოფარებული, თვითონ და თავდაცვის მინისტრად წოდებული ჯუანშერ ბურჭულაძე ერთად ძარცვავდნენ სამხედრო ბიუჯეტს. ისევე როგორც ინფრასტრუქტურაში გაპარსეს საბავშვო ბაღების და სკოლების სარეაბილიტაციო ბიუჯეტი, ენერგეტიკაში უშუქო სოფლებისთვის განკუთვნილ ელექტროენერგიაზე მაინერები ჰქონდათ დაერთებული და ხალხს კიდევ დენი არ აქვთ. ამიტომ, როდესაც ეროვნულობაზე, ქართველობასა და პატრიოტიზმზე ვსაუბრობთ, ქრთამის აღებაზე, გამდიდრებაზე, სახელმწიფო ქონების მითვისებაზე და თანამდებობების ბოროტად გამოყენებაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, არამედ ხალხის წინაშე არსებული ურთულესი პრობლემები სწორად, სახელმწიფოებრივად უნდა გავიაზროთ და გავისიგრძეგანოთ“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკა 1761644674

ლევან ხაბეიშვილი: ორი თვის განმავლობაში სათქმელი დამიგროვდა, ანალიზი გავაკეთე, პოლიტიკოსს პოლიტიკური განცხადებები ედება ბრალად? ვმუშაობ, რომ შურისძიება არ მამოძრავებდეს, არანაირი იმედი არ მაქვს

ამ ორი თვის განმავლობაში სათქმელი დამიგროვდა და მინდა, პოზიცია გამოვხატო, ანალიზი გავაკეთე. მინდა, სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ქვეყნის უკეთესი მომავალი სურთ და ციხეში არიან გამოკეტილი, მინდა, სასამართლოს, საზოგადოებას სხვა რამ დავანახო, სასამართლო არ უნდა იყოს დაწესებულება, სადაც ადამიანი ელოდება, რომ აიყვანენ და ჩამოახრჩობენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.ხაბეიშვილის განცხადებით, მას ბრალად ედება პოლიტიკური განცხადების გაკეთება, რაც გაუგებარია.„როცა აქ მოვდივარ, მინდა, 0,5% მაინც მქონდეს იმედი, რომ სამართალს ვიპოვი. როცა ჩემზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ ასობით დატყვევებულ ადამიანებზე. სასამართლოს ლეგიტიმაცია იმისთვის კი არ მივეცით, დაგვსაჯეთ, დილეგებში ჩაგვყარეთო, რამდენი ადამიანი მოწყვტეთ შვილებს, ოჯახებს, სამართალი ჰუმანური უნდა იყოს. ვერ ვპოულობ სამართალს, რისთვის ვზივარ ორი თვეა, ბრალად რა მედება? რამე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოსს, ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკური განცხადებები ედება ბრალად? თუკი, ხელისუფლებაში მოვიდოდი, დაჯილდოვდებოდნენ. პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება, ქრთამად ჩაითვალოს. პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების ტუსაღობაში იყოს, გაუგებარია. თუ ვიტყოდი, კონსტიტუციური წყობილება არ მომწონს, დავამხოთ-მეთქი, კი ბატონო, ეს იქნებოდა დამხობა. გინახავთ, ლოზუნგი „ცეცხლი ოლიგარქიას“, ეს იმას ნიშნავს, რომ ცეცლხით უნდა გადავწვათ? გსმენიათ ლოზუნგი, „სისტემა უნდა დაინგრეს“, თქვენ რა გგონიათ, პერფერატორით უნდა დავანგრიოთ? მადლობა პროკურატურას, ფაქტობრივად, მაგისტრატურაზე ვარ რუსთავის დაწესებულებაში იმდენ ლიტერატურას გავეცანი. ორი შვილი მყავს, მათაც დაააკლდათ მამა. როგორ შეიძლება ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებისთვის საშიში იყოს? ღარიბაშვილი კორუფციონერია-მეთქი რომ ვამბობდი, შე მასხარა, მატყუარაო ამბობდნენ. მოვიდა აქ, თავი ჩახარა, კი, გავაკეთეო. არ შეიძლება სამართალი ადამიანის გაჭყლეტაზე, გასრესვაზე და იმაზე იყოს დაფუძნებული, ვინ რა დავალებას მისცემენ. ფარცხალაძეზე რომ ვამბობდი, „ეფესბეს“ აგენტია, მასხარაა, კეზერაშვილმა დააფინანსაო, ამბობდნენ. მიქაუტაძეზე რომ ვთქვი პარლამენტში ეს როგორ მოიყვანეთ-მეთი, ოთხ წელში დააკავეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.ლევან ხაბეიშვილის თქმით, პროკურატურის განცხადება, რომ მისი მიმალვის საფრთხეა და ამიტომ პატიმრობაში უნდა იყოს, „ანეკდოტია“.„არანაირი იმედი არ მაქვს, ჩემი ორი ფანჯარა ღია დავტოვე, რომ ჰაერი შევიდეს. ხომ ხართ მოსამართლე? დამანახეთ სად არის ეს სამართალი. პროკურორი ამბობს, ხაბეიშვილის მიმალვის საფრთხეაო, ანეკდოტია. საჯაროდ გავაკეთე ყველა განცხადება, რა უნდა გავანადგურო, ტელეფონი გახსნან, განვადებით მქონდა ნაყიდი, წაიღეს და ვერ გახსნეს. ადამიანი უნდა მორბოდეს სასამართლოში, მისი დანახვა უნდა უხაროდეს. იცით რაშია საქმე? საზოგადოებას სძულს, ეზიზღება სასამართლო. სად არის ქრისტიანობა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში? მე ნაწამები ვარ, გაგიკვირდებათ და დაზარალებულად ვარ ცნობილი. გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე. ჩემს პოლიტიკურ განცხადებაზე უნდათ პასუხი მაგებინონ და აქამდე არავინ დაუკავებიათ, მე ადამიანი არ ვარ? ვენდეტა არაა ჩემი წამების საქმეში, ვინც მიიღო მონაწილეობა? ხარებაა თუ ვინცაა. ვმუშაობ, რომ შურისძიება არ მამოძრავებდეს. ჩემი შვილები 16 და 14 წლის არიან, იცით, რა ვუთხარი? რომ შურისძიება არ განიზრახონ, ეს გულში არ ჩაიდონ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.სუს-მა 11 სექტემბერს ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.