„ზუსტად ამ ლექსშია ის საიდუმლო, რასაც გურამი გულში ატარებდა... ამ საიდუმლოთი წავიდა ამ ქვეყნიდან“ - მარინა საღარაძე მამაზე

გურამ საღარაძე

ქართული სცენის ვარსკვლავის, გურამ საღარაძის ერთადერთ ქალიშვილი, მსახიობი მარინა საღარაძე თავისი ცნობილი ოჯახის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.

როგორც მსახიობი ამბობს, მისი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა - „მამასთან ერთად და მის გარეშე“.

„მისი გარდაცვალება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ წლები დამჭირდა, მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. როცა ადამიანი ჩაწოლილია და ყოველ წუთს ელოდები სიკვდილს, ეს სხვაა, მაგრამ მამა ზუსტად 10 წუთში დავკარგე. ავადაც იყო, დიაბეტიც ჰქონდა, გულიც აწუხებდა, მაგრამ თავს სერიოზულად უფრთხილდებოდა.

ჩემთვის მისი მთავარი ლექსი „მე და ღამეა”. ზუსტად ამ ლექსშია ის საიდუმლო, რასაც გურამი გულში ატარებდა და არავის უმჟღავნებდა. ამ საიდუმლოთი წავიდა ამ ქვეყნიდან.

შეიძლება ეს სიღრმე იწვევდა მის განუმეორებლობას… დიდი გაჭირვებაც ნახა. ბავშვობაში ნახევრად მშივრები იყვნენ. ეს მეორე მსოფლიო ომის თაობა იყო. ამის მიუხედავად, საოცარი სიდინჯით, სიბრძნით, ღიმილით და ვაჟკაცობით გაიარა ცხოვრება. ის ასაკი, რომელშიც წავიდა, სერიოზულად ითვლება, მაგრამ ჩემთვის უცებ გაქრა, ვერ გავიგე, სად არის“,- ამბობს მარინა საღარაძე.

ცნობისთვის, გურამ საღარაძე 2013 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა. წელს, 12 იანვარს, მას 97 წელი შეუსრულდებოდა.