ზურაბ პატარაძემ მაღალმთიან აჭარაში პატრიარქ შიო III- ის მიერ ჩატარებული საყოველთაო ნათლობის მონაწილეებს და სტუმრებს დღევანდელი დღე მიულოცა

ზურაბ პატარაძე

"ერთსულოვნება, ტრადიციები, სიკეთე, სულიერება და გვერდით დგომა - ეს არის ჩვენი მხარე, ეს არის ჩვენი აჭარა და ეს არის ჩვენი სიმდიდრე" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში გამართულ საყოველთაო ნათლობაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე რწმენითა და სიყვარულით გაერთიანებული საზოგადოების ზეიმია, რომელიც ქვეყანასა და რეგიონს აძლიერებს.

სიტყვით გამოსვლისას ზურაბ პატარაძემ აჭარის სულიერ მემკვიდრეობაზე, ქრისტიანული ტრადიციების ერთგულებასა და ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის თავმჯდომარემ 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, აჭარაში პატრიარქის პირველი სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს მადლი და სიყვარული დღეს მაღალმთიან აჭარაში გრძელდება.

"დღეს მთელი საზოგადოება, ერი და ბერი, ერთად ვზეიმობთ. ეს ნამდვილად ისტორიული დღეა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს აჭარასა და მაღალმთიანეთს აძლიერებს და ყველას რწმენითა და დიდი სიყვარულით გვაერთიანებს.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ქრისტიანობის 1700-წლოვანი გზა აჭარამ ღირსეულად, ერთგულად და მტკიცედ გაიარა. დღევანდელი დღე ამის ნათელი მაგალითია.

ერთსულოვნება, ტრადიციები, სიკეთე, სულიერება, გვერდში დგომა - ეს არის ჩვენი მხარე, ეს არის ჩვენი აჭარა და ეს არის ჩვენი სიმდიდრე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ილია II-ის მიერ დაწყებული საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელებას. დღეს პატრიარქმა შიო III-მ 1300-მდე ბავშვი მონათლა. მადლობა მას და თითოეულ ადამიანს, ვინც დღეს აქ არის.

მთელი გულით ვულოცავ ნათლიებსა და ნათლულებს. დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი აჭარა და სრულიად საქართველო!" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

✕