თუ ბავშვს მშობლებთან სძინავს, ეს ინფორმაცია აუცილებლად ნახეთ
1794605458
ბავშვებს სულ უფრო ხშირად უჭირთ კითხვა, წერა, მათემატიკა და წაკითხულის გააზრება. ამასთან, სპეციალისტები სულ უფრო ხშირად აწყდებიან შემთხვევებს, როდესაც ბავშვი ქართულად გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ინგლისურ ენაზე გაცილებით უკეთ მეტყველებს.
რა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე გაჯეტების ადრეული გამოყენება, უცხოენოვანი გარემო და მშობლიური ენის მიმართ უფროსების დამოკიდებულება? ნეიროფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გაგოშიძე გადაცემაში „შუადღე“ საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, ბავშვების სწავლის პროცესსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აისახება.
თამარ გაგოშიძის თქმით, მის პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად ხვდებიან ბავშვები, რომლებსაც სწავლის სხვადასხვა კომპონენტი უჭირთ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისიც, რომ წერა-კითხვის სირთულეები ხშირად მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვებსაც აქვთ.
სპეციალისტი განმარტავს, რომ როდესაც ბავშვი ხედავს, თანატოლები დავალებებს მარტივად ასრულებენ, თავად კი ამას ვერ ახერხებს, მას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ რწმენა ეკარგება. შედეგად, შესაძლოა, არა მხოლოდ კონკრეტული საგნის სწავლაზე თქვას უარი, არამედ სხვა საქმიანობებშიც დაკარგოს ინტერესი და მოტივაცია.
ნეიროფსიქოლოგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ინგლისური ენის ადრეულ სწავლებასა და გაჯეტების გავლენაზე. მისი შეფასებით, ბავშვები ზოგჯერ უცხოურ ენაზე უკეთ მეტყველებენ, ვიდრე მშობლიურზე, რაც მხოლოდ ენის ცოდნის საკითხი არ არის და შესაძლოა, მათი ენობრივი განვითარების თავისებურებებთანაც იყოს დაკავშირებული.
თამარ გაგოშიძის განმარტებით, ბავშვის ენობრივ განვითარებაში ორივე ჰემისფერო მონაწილეობს, თუმცა მშობლიური ენის სრულფასოვან ათვისებაში ადრეული ასაკიდან ცოცხალ კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ ექვსი თვის ასაკიდან დიდ დროს ატარებს გაჯეტებთან, უყურებს ვიზუალურად დატვირთულ, ხშირად უცხოენოვან მასალას და ამავე დროს ნაკლები ცოცხალი ურთიერთობა აქვს გარშემომყოფებთან, შესაძლოა, მშობლიური ენის განვითარება შეფერხდეს.
პროფესორი მიიჩნევს, რომ პრობლემა მშობლიური ენის მიმართ უფროსების დამოკიდებულებასაც უკავშირდება. დღეს ინგლისური ენა პრესტიჟულად მიიჩნევა, ბავშვები ადრეული ასაკიდან უცხოენოვან ჯგუფებში დადიან, მაშინ როდესაც ქართული ენის განვითარებას სათანადო ყურადღება არ ეთმობა.
„ჯერ მშობლიური უნდა ისწავლოს და შემდეგ სხვა, იმიტომ, რომ ჩვენი ტვინი ასეა მოწყობილი“, – აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.
მისივე შეფასებით, პრობლემას სასკოლო სწავლების მეთოდებიც ამძაფრებს. ბავშვებს ხშირად უწევთ ისეთი ტექსტებისა და მასალის დამუშავება, რომლებიც მათ ინტერესს არ აღძრავს. შედეგად, სწავლის პროცესი მოსაწყენი ხდება, მოსწავლეები კი მოტივაციას კარგავენ.
ნეიროფსიქოლოგის აზრით, თანამედროვე განათლების მთავარი მიზანი მხოლოდ ინფორმაციის დაგროვება აღარ უნდა იყოს. ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წაკითხულის გააზრება, კრიტიკული აზროვნება და ინფორმაციის გაანალიზების უნარი.
თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ ბავშვს უნდა ავუხსნათ, რატომ სწავლობს კონკრეტულ საგანს და რაში გამოადგება მიღებული ცოდნა. მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესი საინტერესო გახდეს და მოსწავლე მასში აქტიურად მონაწილეობდეს.
სპეციალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვის წარმატებული განვითარებისთვის ორი მნიშვნელოვანი პირობაა: სასწავლო პროცესში მისი ჩართულობა და კეთილდღეობის განცდა. მისი შეფასებით, თანამედროვე სკოლებში ამ მიმართულებებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა.
„ეს მათი ბრალი არ არის“, – ამბობს თამარ გაგოშიძე და დასძენს, რომ განათლების სისტემა მხოლოდ საუკეთესო მოსწავლეებზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. მისი აზრით, ფინური განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაც ის არის, რომ ის საშუალო მოსწავლის საჭიროებებზეა მორგებული.