ვისთვის დაწესდება მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარი

წამალი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 10 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება საქართველოს კანონის პროექტში - „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. კერძოდ, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში  ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.  რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა,  სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას.

პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.