კვარაცხელიას ვუფრთხილდებით და ამიტომ შევცვალეთ - „ნაპოლის“ მწვრთნელი განაწყენებულ გულშემატკივრებს პასუხობს

„ნაპოლის“ მწვრთნელი

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ „რომასთან“ იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრა (2:2) შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზებზე ისაუბრა.

კვარაცხელია ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, საგოლე მომენტებიც შექმნა და ბოლოს პენალტიც მოიპოვა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში (86-ე წუთზე) კალცონამ ქართველი თავდამსხმელი შეცვალა.

„ვიცოდით, რომ „რომა“ სტანდარტულ მდგომარეობებს კარგად იყენებს. ამაზე ვიმუშავეთ, მაგრამ ორჯერ დავუშვით შეცდომა და ორივე გოლი სტანდარტულების გათამაშების შემდეგ გავუშვით. სეზონის ბოლოა და ბიჭები გადაღლილები არიან, მაგრამ ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ კარგად ვავარჯიშო და ვათამაშო.

„რომასთან“ დაცვაში ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ასევე მომეწონა, რომ შეტევის დროსაც ვაქტიურობდით. აურელიო დე ლაურენტისს ჩემგან რჩევის მიცემა არ სჭირდება, ვინ დანიშნოს მწვრთნელად, ის, 20 წელია, ფეხბურთშია და სამწვრთნელო სტაფსა და ფეხბურთელებს თავად ირჩევს.

რატომ შევცვალე კვარაცხელია? იმიტომ, რომ მას ვუფრთხილდებით. ბოლო წუთებზე ეტყობოდა, რომ დაიღალა და საჭიროდ ჩავთვალეთ, შეგვეცვალა. ასეთ დროს ტრავმის თავიდან ასაცილებლად ეს აუცილებელი იყო“, – განაცხადა კალცონამ.