თოვლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება - სინოპტიკოსების გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
1773653789
მძიმე კრიმინალური წარსულით ცნობილი ვენერა ობოლაშვილი აცხადებს, რომ ამჯერად თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი. მისი თქმით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობისთვის პასუხისმგებლობას საკუთარ შვილს აკისრებს.
დედა-შვილის კონფლიქტში სამართალდამცავი ორგანოებიც ჩაერთნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ობოლაშვილის ვაჟის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. თუმცა ქალი ამბობს, რომ აღნიშნულმა ზომამ პრობლემა ვერ მოაგვარა.
„ფეხიც ჩალურჯებული მაქვს, ფეხი მომარტყა. შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, მაგრამ მეორე დღეს ისევ მომივიდა და დამემუქრა,“ – ამბობს ობოლაშვილი.
მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები წარსულშიც ყოფილა. იგი იხსენებს, რომ მისი შვილი ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით ორი თვითაც კი იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით თავადვე სთხოვა სამართალდამცველებს მისი პატიება.
„მკითხეს, გავასამართლოთ თუ ვაპატიოთო. ვაპატიე, მეგონა გონს მოვიდოდა, მაგრამ უარესებს აკეთებს. სხვა რომ იყოს, არაფრით ვაპატიებდი, მაგრამ ჩემი შვილია,“ – ამბობს ქალი.
ვენერა ობოლაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილია მძიმე კრიმინალური საქმით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს იგი აცხადებს, თითქოს რეალურად არავინ მოუკლავს, სასამართლოს გადაწყვეტილებით მან სასჯელი სრულად მოიხადა. მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ მან საპატიმრო დაახლოებით სამი წლის წინ დატოვა.
ცნობილია, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ ობოლაშვილმა რესოციალიზაციის პროცესი გაიარა, ძველ გარემოსთან ადაპტაცია მოახდინა და ამჟამად სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ასევე ამბობს, რომ პატიმრობის პერიოდში სალონური მომსახურების სფეროც შეისწავლა.
დედა-შვილის კონფლიქტის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია კურიერი P.S.-მა მოამზადა. გადაცემის ჟურნალისტებმა ობოლაშვილი და მისი შვილი ჩაწერეს.
შვილმა დედასთან კონფლიქტის არსებობა არ უარყო, თუმცა დეტალებზე საუბარი არ ისურვა. ჟურნალისტის კითხვაზე, სცემდა თუ არა დედას, მან მხოლოდ მოკლედ უპასუხა: „ხანდახან ყველა ჩხუბობს.“