„ბინაში ნახეს გათიშულები ორივე...“ - ტრაგიკულად დაღუპულ წყვილზე მათი ახლობელი საუბრობს
1775317354
"სხვადასხვა ტელევიზიაში ვნებათაღელვა შეიმჩნევა, თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. გეტყვით: ის იქნება, ვისაც სინოდი აირჩევს. ბევრი ჩამოყალიბებულია, ვინ უნდა იყოს, თუმცა ეს სულიწმინდის გადასაწყვეტია. ამ საქმეში არავის აქვს ჩარევის უფლება, გარედან მსგავსი "მკითხაობა" ზედმეტია. ვისაც ხმას მივცემთ, ის აუცილებლად იქნება არჩეული და ნებისმიერი მათგანი ღირსეული პატრიარქი იქნება", - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დღეს ქადაგებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სინოდმა ერთსულოვნება შეინარჩუნოს, გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლებას კი არავის მისცემენ.
"სინოდში 39 ეპისკოპოსი დავრჩით, ადრე ბევრნი ვიყავით და უნდა შევძლოთ, რომ ერთობა, ერთსულოვნება გვქონდეს და ვემსახუროთ ღმერთს. უწმინდესმა ღმერთი, სამშობლო, ადამიანი კარგად დაინახა, მან ძლიერი სინოდი დაგვიტოვა, ნახავთ, ყველანაირ ქარტეხილს გადავივლით, არავის არ ჩავრევთ.
ვინმე თუ მოინდომებს ჩარევას, შინ თუ გარეთ, მოუვა ის, რაც იმ იმპერიებს, რომლებიც ჩვენთან ერეოდნენ. კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, მაგრამ ეს სამკითხაო არ არის. სამღვდელოებასაც ძალიან ვთხოვ, ნუ ამატებენ ზედმეტ ვნებათაღელვას. დაგვაცადონ, მივიღოთ ის გადაწყვეტილება, ყველას რომ გაახარებს. მთავარია, შემდეგ ყველა ჩავდგეთ ღვთის სამსახურში, დავეხმაროთ ერთმანეთს მძიმე ტვირთის და მძიმე ჯვარის ტვირთვაში. ეს მძიმე ჯვარი, როცა უფალი გაძლევს, მსუბუქი ხდება, უფალი გეხმარება და თუ ძალით დაიმძიმე, თუ არ გეკუთვნის, რთული იქნება.
ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მერწმუნეთ, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის დახმარება, არც ოპოზიციის. ყველაფერი უფლისგან იქნება. ღმერთი თუ გვიყვარს, თუ გვაქვს პატრიარქის სიყვარული, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ჭეშმარიტ ქრისტიანს.
გუშინაც სინოდზე ვიყავით. ძმები შევიკრიბეთ, გავიარეთ საკითხები. გარეთ ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი მშვიდობიანად იქნება. სამ ღირსეულ კანდიდატს გამოვარჩევთ და ღირსეულს ავარჩევთ. ვისაც არ ავარჩევთ, ისინიც ღირსეული იქნებიან, ვისაც არ გვინდა პატრიარქობა, ყველა ღირსეულია, მერწმუნეთ.
წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნება პატრიარქობა ჩვენი პატრიარქის შემდეგ თუ გვერდში არ დაგიდგებიან. უწმინდესმა ბოლო წლებში გვასწავლა ერთად დგომა. როდესაც მოსაყდრედ მეუფე შიო გამოირჩია, ყველა საკითხს ერთად გავდიოდით ხოლმე. თავდაპირველად შედარებით შეზღუდული რაოდენობის მღვდელმთავრები ვიყავით, შემდეგ გაიზარდა, ყველას შეეძლო აზრი გამოეხატა, ამიტომ, ერთმანეთისთვის უცხოები აღარ ვართ. მიგვაჩვია და მხოლოდ სინოდზე არ ვხვდებოდით, ხშირად ვიკრიბებოდით, ძმობა და მეგობრობა გვაქვს ერთმანეთთან.
არ იქნება არავითარი დაპირისპირება. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს ეკლესია და ყველანი შევუდგებით ღირსეულ მსახურებას. უწმინდესის პერიოდში ჩვენი არასწორი საქციელებიც კომპენსირდებოდა უწმინდესის პიროვნებით, ახლა ასე აღარ გამოვა, ყველამ საკუთარ თავს სხვანაირად მოვთხოვოთ", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.