„უნდა ვეცადოთ, გარდატეხის ასაკამდე ვიყოთ შვილებთან, მერე აღარ ვჭირდებით…“ - თამარ გაგოშიძე

თამარ გაგოშიძე

„უნდა ვეცადოთ, გარდატეხის ასაკამდე ვიყოთ შვილებთან, მერე აღარ ვჭირდებით“, – ამის შესახებ ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე პოდკასტში, „მამების დრო“ საუბრობს. ფსიქოლოგმა კონკრეტული მაგალითი გაიხსენა და განმარტა, რომ გულწრფელი ინტერესი და ემოციის გაზიარება შვილთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანია:

„უნდა ვეცადოთ, გარდატეხის ასაკამდე ვიყოთ შვილებთან, მერე აღარ ვჭირდებით, 30 წლის ასაკში უკან დაგიბრუნდება ისევ ვაებით და ტირილით და მოუნდება შენთან ურთიერთობა, მაგრამ მანამდე არა… ეს არის დაკარგული დრო… ხშირად ვმგზავრობ ავტობუსით და ვუყურებ მშობლები ბავშვებთან ერთად რომ მიდიან სკოლაში. ასეთი შემთხვევები ხშირია მამასთანაც და დედასთანაც, როდესაც მშობლები ჩართულები არიან მობილურში, ბავშვი რაღაცას უყურებს და ეხვეწება მშობელს, რომ უბრალოდ გაიზიაროს მისი ემოცია. რამდენჯერ მქონია მოთხოვნილება, რომ მივიდე მშობელთან და ვუთხრა, ამოიხედე ამ მობილურიდან.

სულ 10 წუთი, როცა შენ გულწრფელად ხარ შენ შვილთან, გულწრფელად ინტერესდები. გარდატეხის ასაკში ეს უკვე გადადის დაპირისპირებაში, იმიტომ რომ ბავშვს აქვს ეს განცდა, რომ შენ არ გაინტერესებს მისი შინაგანი სამყარო, უბრალოდ იცის, რომ მარტო გინდა მისგან რაღაცა, მოთხოვნის რეჟიმში ხარ მუდმივად და თვითონ როგორ არის, რა აწუხებს, რა რეალობასთან არის… ხშირად უთქვამთ ჩემთვის დედებს და მამებს, მამები საერთოდ არ არიან ხოლმე საქმის კურსში თურმე რას ფიქრობს მისი შვილი, რას განიცდის – ამას ჩვენ ვერ ვხედავთ და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დავინახოთ იმიტომ, რომ ახლა თუ არ დავინახეთ, მერე ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა…“ – ამბობს ფსიქოლოგი.