თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს-TIKA-ს მხარდაჭერით გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში თურქი სპეციალისტები ქართველ ინსტრუქტორებს გადაამზადებენ

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს -TIKA-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან, ზეინაფ ბაირაქთან და მის მოადგილესთან, ემრე ეზბერთან ერთად მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ მოხალისეთა მომზადების გომბორის ცენტრს სტუმრობდა.

სტუმრებს მასპინძლობა გაუწია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, რომელმაც მათ ადგილზე გააცნო TIKA-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მიმდინარეობა, რომლის ფარგლებში, თურქულმა მხარემ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს, მაშველებისთვის ეკიპირება, სპეცფორმები და ინდივიდუალური უსაფრთხოების საშუალებები გადასცა.

ამავე პროექტის ფარგლებში, 5 თურქი სპეციალისტი, თურქეთის კონიის მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების დეპარტამენტიდან, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრის 30 ინსტრუქტორს უტარებს ტრენინგს: “საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის პროგრამა; ღია პერიმეტრზე საძიებო-სამაშველო სამუშაოები“.

სწავლების პროცესი დღეს დაიწყო, მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს და 8 აგვისტომდე გასტანს.

შეგახსენებთ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო-TIKA თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა და უკვე 30 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო-TIKA 2017 წლიდან თანამშრომლობს და არა ერთი პროექტი განახორციელა საქართველოს ვეტერანების მხარდასაჭერად.

ინფორმაციისთვის, მოხალისეთა ორგანიზაცია - ა(ა)იპ „ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და ,,საქართველოს გენერალთა კლუბმა“ 2023 წლის აპრილში დააფუძნეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ტოტალური თავდაცვის პრინციპის მხარდაჭერის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით; დაარსებიდან დღემდე, გომბორის მოსამზადებელ ცენტრში, კვალიფიციური ინსტრუქტორების მიერ, 2000-მდე სხვადასხვა ასაკის მოხალისე გადამზადდა.

ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.