გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებაზე საუბრობს
1759521394
უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი სიცრუეში ადანაშაულებს. ზურაბ გელენიძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ბესარიონ ალავიძის ბრალდებებს ტყუილი უწოდა. ყოფილი მოსამართლე "ქართუ ბანკის" გენერალურ დირექტორს მისი მოსყიდვის მცდელობაში სდებდა ბრალს. გელენიძე ოფიციალურ განცხადებაში განმარტავს, რა მოტივით დაეკონტაქტა წლების წინ ალავიძეს და იქვე წერს, რომ იმ დროს ის არა "ქართუ ბანკის" დირექტორი, არამედ ელექტროკომპანიაში მუშაობდა.
ზურაბ გელენიძის ეპიზოდი ერთ-ერთი დეტალია იმ ინტერვიუსი, რომელიც ბესარიონ ალავიძეს ეკუთვნის. რამდენიმე წლის წინ ჩაწერილი მასალა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. ამის შემდეგ, მან ბრალდებები გააჟღერა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერის მეშვეობითაც. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ სასამართლოში მუშაობის პერიოდში კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ზეწოლას განიცდიდა.
ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ალავიძეს მისი ყოფილი თანამშრომლებიც სდებენ ბრალს. პაატა ქათამაძე ერთ-ერთია, ვისზეც ყოფილი მოსამართლე ვრცელ ინტერვიუში საუბრობს. ალავიძე ამტკიცებს, რომ ქათამაძე მოწმე იყო მასზე განხორციელებული ზეწოლის. პაატა ქათამაძე ამ განცხადებას ინტერპრეტირებულს უწოდებს და ამბობს, რომ ალავიძეს კონკრეტული მიზნები ამოძრავებს.
მოქმედმა მოსამართლეებმა ყოფილი კოლეგის განცხადებები სასამართლო სისტემის დისკრედიტაციად აღიქვეს. სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ალავიძე სისტემისთვის დარტყმის მიყენებას 2017 წელს გაწერილი გეგმით ცდილობს. მეთოფიშვილი აცხადებს, რომ 8 წლის წინ მომზადდა სცენარი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო სასამართლოს რეპუტაციის შელახვა. მაშინ ალავიძემ ამ გეგმაში მონაწილეობაზე უარი გამორჩენის ინტერესით თქვა.
სერგო მეთოფიშვილმა დღეს 2017 წელს პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალებიც გაიხსენა. მთავარი საგამოძიებო უწყებისთვის მოსამართლის საქმიანობაში უხეშად ჩარევის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთი მტკიცებულება ის წერილი იყო, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილის სახელით მოსამართლეებს გაეგზავნათ. მაღალჩინოსანი მაშინ კონკრეტულ პირებს, მათ შორის, ბესარიონ ალავიძეს ხელშეუხებლობას და "უმაღლეს თანამდებობრივ კარიერას" ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი მათ ზეწოლასა და წნეხზე უნდა ესაუბრათ.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბრალდებები სახელისუფლებო პარტიისთვის რეალობას აცდენილია. მმართველი ძალის ლიდერების შეფასებით, ალავიძეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ და სწორედ ამიტომ გაავრცელეს მისი წლების წინ ჩაწერილი ინტერვიუც არჩევნებამდე 2 დღით ადრე.
ბესარიონ ალავიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციას 10 წლის განმავლობაში იკავებდა. 2021 წელს მას სამოსამართლეო ვადა ამოეწურა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კონკრეტულ ბრალდებებზე საუბარი და მოგვიანებით ქვეყანა დატოვა.