სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისთვის საჭირო კვლევები მიმდინარეობს

სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისთვის საჭირო კვლევები მიმდინარეობს.

სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკითხების განხილვის მიზნით, მუნიციპალიტეტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური სამუშაო პროცესები დაიწყო.

გეგმარებითი დაცული ტერიტორია მესტიის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს, დაახლოებით 80 000 ჰექტარს მოიცავს და 3 ეროვნული პარკის, 3 ბუნების ძეგლის და 1 აღკვეთილის დაარსებას მოიაზრებს.

ცაგერის მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება უზრუნველყოფს რეგიონის უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვას და შენარჩუნებას, ასევე, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.

სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე და ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამიტომ, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების პროცესში, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და მათი ინტერესების გათვალისწინება.

ასევე, დაგეგმილია და მიმდინარეობს მუშაობა სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში 2 ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის და რაჭისა და გურიის დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შეიქმნა 30-ზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია და დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი თითქმის ორჯერ გაიზარდა. დღეს, საქართველოში, 100 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 929 996 ჰა, რაც ჩვენი ქვეყნის საერთო ტერიტორიის დაახლოებით 13.4%-ია.