სოსო გიორგაძემ ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაციას უმასპინძლა

სოსო გიორგაძე

საქპატენტის მოწვევით საქართველოში იმყოფება ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) დელეგაცია, რომელიც ქუთაისში საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის გახსნას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა CNIPA-ს კომისრის მოადგილე რუი ვენბიაოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძეს შორის.

სოსო გიორგაძემ და რუი ვანბიაომ შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა, ინფორმაციის გაცვლა არსებული სასწავლო რესურსების გაზიარებისა და ახალი მასალების ერთობლივად შექმნის საფუძველზე. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ინტელექტუალური საკუთრების დარგობრივი ექსპერტების ცოდნისა თუ გამოცდილების გაცვლისა და გაზიარების თაობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

ქუთაისში საქპატენტის სასწავლო ცენტრის ახალი სივრცის გახსნა ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვანი საფუძველია, რამეთუ თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი გარემო ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სხვადასხვა საგანმანათლებლო და პროფესიული ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე.

✕