სიარული წელის ქრონიკული ტკივილის რისკებს 23%-ით ამცირებს - კვლევა

სიარუკი

 ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევრები აცხადებენ, რომ დღეში 100 წუთზე მეტ ხანს ფეხით სიარული წელის ქრონიკული ტკივილის რისკს 23%-ით ამცირებს. ეს პრობლემა თითქმის ყველა ასაკის ადამიანს აწუხებს. მაგალითად, ამერიკაში წელის ტკივილის სამკურნალოდ ყველაზე მეტი იხარჯება.

ბევრისთვის სიარული ვარჯიშის ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფი ფორმაა. ექიმები წელის ტკივილის მქონე ადამიანებს ფიზიკურ აქტიურობას ურჩევენ. მიუხედავად ამისა, ზუსტად არ ასახელებენ, კონკრეტულად რა სიხშირითა და ხანგრძლივობით უნდა ვივარჯიშოთ.

კვლევა გამოცემაში JAMA Network Open გამოქვეყნდა. მეცნიერებმა შეაფასეს, უკავშირდება თუ არა აქსელერომეტრით გაზომილი ნაბიჯების რაოდენობა წელის ტკივილს. კვლევაში მონაწილეობას 11 194 ადამიანი იღებდა. ისინი 20 წელზე მეტი ასაკის იყვნენ და წელის ქრონიკული ტკივილი არ აწუხებდათ.

 ორი სამღერძიანი AX3 ტიპის აქსელერომეტრი, რომელსაც მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში ატარებდნენ, ყოველდღიური სიარულის სიხშირესა და ინტენსივობას ზომავდა. კვლევის ბოლოს მათ ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა წელის ტკივილი, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა.

მეცნიერებმა სიარულის ხანგრძლივობასა და წელის ტკივილის ალბათობას შორის კავშირი რისკის თანაფარდობით გამოთვალეს. თუ რიცხვი 1-ის ტოლია, ნიშნავს, რომ დაავადების რისკი არ შეცვლილა, თუ 1-ზე ნაკლებია, ალბათობა იკლებს, ხოლო თუ 1-ზე მეტი, იმატებს. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 101-124 წუთის განმავლობაში დადიოდნენ, რისკის თანაფარდობა 0.77 ჰქონდათ, ხოლო 125 წუთზე მეტხანს მოსიარულეებს 0.76.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობს სიარულის ხანგრძლივობის გაზრდას, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება, მეტად დაგვეხმაროს ქრონიკული წელის ტკივილის პრევენციაში, ვიდრე მხოლოდ სიარულის ინტენსივობაზე ორიენტირება.