ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
15 ივნისს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო მესამის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოება.
დამსწრე საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა წაუკითხა და მიულოცა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.
როგორც პატრიარქის სიტყვაში იყო აღნიშნული, თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისათვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა.
„დღეს მეტად სასიხარულო მიზეზით შევიკრიბეთ. მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს საპატრიარქო განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს „ღირებულებითი განათლების“ კლუბების პროექტს.
ეს შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ ამ თანამშრომლობით განვლილი გზა, ერთად გავიხაროთ იმ კეთილი ნაყოფით, რომელიც ამ წლების განმავლობაში გაწეულმა შრომამ გამოიღო და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მომავალი თაობების აღზრდის საქმეში გვაკისრია.
თანამედროვე სამყაროში, როდესაც ჩვენს თვალწინ სწრაფად იცვლება საზოგადოებრივი გარემო და ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის ზნეობრივი ღირებულებები, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისათვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეკლესიის, ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შრომა და ზრუნვა მომავალ თაობაზე. ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს წამოწყებას და დღეს უკვე მჭიდროდ და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით.
სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ ათასობით მოზარდს ეძლევა საშუალება, სასკოლო გარემოში ჩაუღრმავდეს ზნეობრივ და ქრისტიანულ ღირებულებებს და შეძლოს, ცოდნასთან ერთად, ისეთი ღირებულებებით ცხოვრება, როგორიცაა სიყვარული, პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, თანაგრძნობა და მოყვასზე ზრუნვა. სწორედ ეს იყო პროექტის თავდაპირველი მიზანიც. ამ საქმეში კი თითოეული თქვენგანის მონაწილეობა და თავდადება განსაკუთრებულად ფასეულია, რადგან სწორედ ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ. პროექტი ყოველწლიურად ვითარდება და ძლიერდება. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ მისი შედეგები თვალნათლივ აისახება სასკოლო გარემოზე. ვხედავთ, როგორ იქმნება უფრო ჯანსაღი, თბილი და ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასია. იმედს გვაძლევს ის დადებითი გამოხმაურება და მხარდაჭერა, რომელსაც პროექტის მონაწილეებისგან: მოსწავლეებისგან, პედაგოგებისა და სასულიერო პირებისგან ვიღებთ.
წელს კიდევ ერთი სიახლე გვაქვს: პროექტი ეპარქიებშიც წარმატებით მიმდინარეობს და მომავალი წლიდან მასში ჩართული ეპარქიების სამღვდელოების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მადლობა გვსურს გადავუხადოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის ყველა თანამშრომელს, რომელთაც თავის დროზე სათანადოდ შეაფასეს საპატრიარქოს მცდელობა, მოზარდთათვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო ის ღირებულებები, რომლებსაც სამყაროში უდიდესი კაცთმოყვარეობით აღსავსე ქრისტიანული მოძღვრება ქადაგებს. მადლობა პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს, რათა „ღირებულებითი განათლება“ სკოლაში იყოს ის მნიშვნელოვანი საგანი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს სკოლის მოსწავლის ფასეულობებისა და მისი, როგორც ღირსეული და კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებაში. მადლობა ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და პროექტში ჩართულ ყველა სასულიერო პირს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შრომობენ სკოლებში „ღირებულებითი კლუბების“ დაარსებისა და შედეგიანი ფუნქციონერებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში მათ გამოავლინეს განსაკუთრებული ერთგულება და სიყვარული ეკლესიის მიმართ. მოგეხსენებათ, უწმინდესის საფლავთან განუწყვეტლივ აღევლინებოდა პანაშვიდები, დაწესებული იყო მორიგეობა, ხოლო დაკრძალვისა და შემდგომი საეკლესიო პროცესების ორგანიზებაში მათ დიდი პასუხისმგებლობითა და თავდადებით მიიღეს მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გულითად მადლობას გიხდით ყველას თავდაუზოგავი მსახურებისა და შრომისთვის, რომელიც გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს სამშობლოს და ეკლესიას მომავალშიც ეყოლება ქრისტეს რწმენის ერთგული, სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებზე აღზრდილი მოქალაქეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, – ნათქვამია შიო მესამის მისასალმებელ სიტყვაში.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წერს, ამჟამად საქართველოს მასშტაბით 141 სკოლაში 175 კლუბი ფუნქციონირებს, რომლებშიც 4 375 მოსწავლეა ჩართული. პროგრამა ასევე ხორციელდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდებისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სხვა სასულიერო და საერო პირები.