შემოყვანილია ორი დაშავებული, დედა-შვილი, ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

ანა დალაქიშვილი

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანა დალაქიშვილის განცხადებით, ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც დალაქიშვილმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, მოზარდს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება.

"შემოყვანილია ორი დაშავებული. კერძოდ, დედა-შვილი, 38 წლის ქალბატონი და 11 წლის ბიჭუნა. ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას აღენიშნება ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა.

რაც შეეხება დედას, მისი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, სტაბილურია. აღენიშნება მხოლოდ ქალა-ტვინის მსუბუქი ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. დედას ჯერჯერობით ვუტარებთ კვლევებს და მოვათავსებთ სტაციონარში", - განაცხადა ანა დალაქიშვილმა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია. შემთხვევის ადგილზე არიან თბილისის მერი და შინაგან საქმეთა მინისტრი.

✕