რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე
1793124352
უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას აგრძელებს.
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკიე ნოვოსტის“ ინფორმაციით, იასკო სასამართლოსგან ითხოვს, სააკაშვილს მათი არასრულწლოვანი ქალიშვილის, ჟასმინის მიმართ მშობლის უფლებები ჩამოერთვას და ბავშვის სრულწლოვანებამდე ალიმენტის გადახდა დაეკისროს.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, სარჩელი თავდაპირველად კიევის შევჩენკოს რაიონულ სასამართლოში შევიდა, მოგვიანებით კი საქმე კიევის ოლქის კივო-სვიატოშინის რაიონულ სასამართლოს გადაეცა. საქმის განხილვა 2026 წლის 30 ნოემბერს არის ჩანიშნული.
სარჩელის მიხედვით, იასკო სააკაშვილის შემოსავლის ერთი მესამედის დაკისრებას ითხოვს, თუმცა თანხა შესაბამისი ასაკის ბავშვისთვის განსაზღვრულ საარსებო მინიმუმს ათმაგ ოდენობაზე მეტი არ უნდა იყოს. ალიმენტის გადახდა, მოთხოვნის თანახმად, სარჩელის შეტანის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე უნდა გაგრძელდეს.
სასამართლო დავის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გამოაქვეყნა.
მისი განცხადებით, ლიზას მიმართ პატივისცემა აქვს და მადლიერია, რომ ის მათ საერთო ქალიშვილს, ჟასმინს, რთულ პირობებში ზრდის.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ გოგონა ძალიან უყვარს და მის კეთილდღეობაზე გულწრფელად ზრუნავს.
სააკაშვილის განცხადებით, დედამისი, გიული ალასანია, ჟასმინს ყოველთვიურად უგზავნის ფინანსურ დახმარებას. ამასთან, ადასტურებს, რომ მან საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს შვილიშვილს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა.
უკრაინული მედიის ცნობით, იასკოს დეკლარაციაში მითითებული იყო, რომ ჟასმინი 2023 წელს დაახლოებით 97,2 კვადრატული მეტრის ფართობის ბინის მფლობელი გახდა. უძრავი ქონების დეკლარირებული ღირებულება 5,61 მილიონი უკრაინული გრივნა იყო. დოკუმენტებში ასევე ფიგურირებდა დაახლოებით ერთი მილიონი გრივნა გადასახადების დასაფარად.
საქმის განხილვა 30 ნოემბერს არის დანიშნული.