საქართველო მიწათმოქმედების მსოფლიო რუკაზე უძველეს და ცენტრალურ ადგილად მოინიშნა - დადასტურდა, რომ აქ ჯერ კიდევ 8000 წლის წინ არსებობდა პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი კერა

xorbali

აქ მიწის ზედაპირსაც თითქოს თავისი სუნთქვა აქვს - მძიმე, მაგრამ ამაყი - მიწა, რომლის სიღრმეშიც დაკარგული სიმართლე ათასწლეულების განმავლობაში იმალებოდა. 27 აპრილი გახდა ის თარიღი, რომელმაც თითქოს დროის სიღრმეებიდან ამოიტანა დავიწყებული ჭეშმარიტება. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით, დადასტურდა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 8000 წლის წინ არსებობდა პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი კერა.

არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე გვიყვება, რომ რბილი ხორბლის კარბონიზებული მარცვლები და თავთავის ღერძის ნაწევრები ამჟამინდელი მარნეულის ტერიტორიაზე, ნეოლითურ ნამოსახლარებში, კერძოდ, გადაჭრილ გორაზე და შულავერში აღმოაჩინეს. აქ, ქრისტესშობამდე თითქმის 6000 წლის წინ, არათუ ადამიანები ოჯახებად ცხოვრობდნენ, ხორბლის ნამჯის და ალიზის გამოყენებით, აშენებდნენ საცხოვრისს, ქმნიდნენ მიწათმოქმედებისთვის საჭირო ნივთებს და, რაც მთავარია, 8000 წლის წინ აქ მოჰყავდათ ხორბალი, რომელიც დღეს კაცობრიობის მთავარ პროდუქტს წარმოადგენს.

აქამდე ითვლებოდა, რომ მარცვლეულის პირველი კულტივაცია ახლო აღმოსავლეთში, "ნაყოფიერი ნახევარმთვარის" სახელით ცნობილ ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო. საუბარია თანამედროვე ირანის, ერაყის, თურქეთის, სირიისა და პალესტინის ტერიტორიებზე. უახლესი კვლევით კი, საქართველო მიწათმოქმედების მსოფლიო რუკაზე უძველეს და ცენტრალურ ადგილად მოინიშნა. კვლევის შედეგები ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა, რასაც მყისიერად მოჰყვა საერთაშორისო მედიისა და მეცნიერების გამოხმაურება. მათ შორის, ფაქტს, არქეოლოგიის ლეგენდად მიჩნეული თურქი მეცნიერი, მეჰმედ ოზდოღანი გამოეხმაურა.

საერთაშორისო მულტიდისციპლინური კვლევა აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ეფუძნება 8000 წლის არქეოლოგიურ მასალას - მარცვლებს, რომლებიც მიწაში ჩაფლული იყო ათასწლეულების განმავლობაში და დღეს უკვე პასუხობენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას: სად დაიწყო ის, რაც დღემდე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია? კვლევაში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, უცხოელი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.

იმას, რომ საქართველოს ტერიტორია ათასწლეულების წინ მიწათმოქმედების ერთ-ერთი ცენტრი იყო, მარნეულში აღმოჩენილი და დღეს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატებიც ადასტურებს. მათ შორის არის ნამგალიც, რომელიც ასევე 8000 წლით თარიღდება და უტყუარად ადასტურებს, რომ აქ მარცვლეულის მისაღებად სპეციალურ ხელსაწყოებს ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში იყენებდნენ.

პროფესორი ნანა რუსიშვილი მრავალი წლის განმავლობაში გამოთქვამდა ვარაუდს, რომ საქართველო ხორბლის კულტივაციის ერთ-ერთი პირველადი ცენტრი იყო, თუმცა მისი ეს ვარაუდი ახლა უკვე სამეცნიერო მტკიცებულებებით არის გამყარებული. მარნეულში არქეოლოგიური გათხრების დროს ნანახი და შესწავლილი მარცვლეულის ნაშთები ისრაელში, ვაისმანის ცნობილ ინსტიტუტში გაიგზავნა. იქ, რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული დათარიღების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითური ნამოსახლარები პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს, ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს.

უფალთან ზიარების მთავარი სიმბოლო - პური და ღვინო - ქრისტესშობამდე მრავალი საუკუნით ადრე, არათუ საქართველოში მოჰყავდათ, არამედ ჩვენი ქვეყანა ამ კულტურის წარმოშობის მთავარი ცენტრი იყო. თავად კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა მხოლოდ მეცნიერული ფაქტი არ არის. ეს არის ისტორია ხალხსა და მიწაზე, სადაც დღესაც ყვავის ვაზი და მწიფდება ხორბალი, სადაც ადამიანმა პირველად აიღო მარცვალი, გაახარა და გადააქცია საკვებად. ეს იყო არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დასაწყისი, არამედ მომენტი, როცა ადამიანი გახდა შემოქმედი.

მოსალოდნელია, რომ ახალი აღმოჩენა მარნეულში ტურისტების ინტერესსაც გამოიწვევს, ამიტომ ადგილზე სპეციალური სამუზეუმო სივრცის მოწყობაც იგეგმება. მანამდე კი, მოქალაქეებს შეუძლიათ, ადგილზე საკუთარი თვალით ნახონ ათასწლეულების ნამოსახლარი და ადგილი, სადაც ადამიანებმა პურისა და ღვინოს მოხმარება დაიწყეს.

მიწა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ინახავდა საიდუმლოს, ახლა გვიყვება ისტორიას - პურის, სიცოცხლის და ადამიანის შესახებ.

...და როცა დღეს ვჭრით პურის ნაჭერს, შესაძლოა, ვეხებით იმავე ისტორიის გაგრძელებას, რომელიც 8000 წლის წინ დაიწყო. ეს არის ამბავი არა მხოლოდ წარსულზე, არამედ იდენტობაზე. და ეს ამბავი იწყება აქ - საქართველოში.