"საგანგაშო სიტუაციაა... ყოველ წუთს, შესაძლოა, მდგომარეობა შეიცვალოს..." - ქართველი ემიგრანტი საბერძნეთიდან

Image: Michalis Karagiannis/Eurokinissi via REUTERS

„საგანგაშო მდგომარეობა და ყოველ წუთს, შეიძლება, შეიცვალოს მდგომარეობა, რადგან ხანძრის კერები დამოკიდებულია ქარის მიმართულებაზე - ამის შესახებ „პრაიმ ტაიმს“ საბერძნეთში, სტიქიის ზონასთან ახლოს მყოფმა, ქართველმა ემიგრანტმა, თინა ჯმუხაძემ განუცხადა.

„საგანგაშო ვითარებაა და ყოველ წუთს, შეიძლება, შეიცვალოს მდგომარეობა, რადგან ხანძრის კერები დამოკიდებულია ქარის მიმართულებაზე. ყველანაირად საშიშია. ჯერჯერობით, გამოუვალი მდგომარეობა არაა, თუმცა, ხანძარი მძვინვარებს. ემიგრანტები კარგად ვართ.

ჩემს გარშემო რასაც ვხედავ, ემიგრანტები კარგად ვართ და ჯერჯერობით,  საშიშროება არ არის. ყველა გაეცალა იმ ადგილს, სადაც საშიშროება რეალური იყო და ევაკუაცია გამოაცხადეს. თუმცა, ჯერ მაინც, კითხვის ნიშნის ქვეშ ვართ, არ ვიცით, რა იქნება.  ძალიან ცუდი სიტუაციაა, ძალიან. სულ წინ მიდის ხანძარი“, - ამბობს თინა ჯმუხაძე. 

პარალელურად, საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოში განმარტავენ, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი, რომელზეც ამ დრომდე არ შესულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. საბერძნეთში, დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გასცა.

მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ხეები, სახლები და ავტომობილები და კვამლის ღრუბლებმა საბერძნეთის დედაქალაქს მიაღწია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე, 16 სახანძრო თვითმფრინავით და 13 ვერტმფრენი იყო ჩართული. ცეცხლმა სოფელ ვარნავასს მიაღწია, რომელიც ათენის ჩრდილოეთით 35 კმ-ში მდებარეობს.