საფრთხისშემცველი ნივთები, რომლებიც სამზარეულოში გვაქვს

სამზარეულო

 ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მედგიდი" სამზარეულოში არსებულ იმ ნივთებზე საუბრობს, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ყოველდღიურად, შეუმჩნევლად აზიანებს. 

,,ტეფლონთან ჩვენი შეხება ძალიან ხანგრძლივია. ჩემს ბავშვობაში ოჯახში სულ იმის ოცნება იყო, რომ ტეფლონის ტაფა გვქონოდა. წლების წინ, როცა ის თავიდან გამოჩნდა, ამ ინოვაციას ისეთი განცდით შევხვდით, რომ ის უფრო უსაფრთხო, თანამედროვე და კარგი იყო. გვეგონა, პროგრესს არ უნდა ჩამოვრჩენოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეალობა სულ სხვა ყოფილა. 

ტეფლონის ტაფები ჩვენი სხეულისთვის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ნივთია, ამიტომ ისინი სამზარეულოდან ეგრევე უნდა გავიტანოთ. ამ ტაფებისთვის ძალიან დამახასიათებელია ის, რომ გაცხელებისთანავე (ისინი 230 გრადუსზე ძალიან სწრაფად ცხელდებიან) დაშლის პროცესი იწყება. ტეფლონი თავისთავად პოლიმერს - პოლიტეტრაფტორეთილენს წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ გაცხელებისას ის მაშინვე ფრაგმენტებად იშლება.

ადრე ასეთი თვისება მქონდა: ჯერ ტაფას გავაცხელებდი და მასზე მუშაობას მერე ვიწყებდი. ეს ძალიან ცუდი იდეაა, რადგან ცარიელი ტაფა 260 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე ძალიან მალე ცხელდება და სწორედ ეს ტემპერატურა ტეფლონის დაშლას იწვევს. ამ დროს ტაფას გარეგნულად შეიძლება არაფერი ეტყობოდეს, მაგრამ ორთქლი მაინც გამოიყოფა. პოლიმერის დაშლით მიღებული ეს ორთქლი საკვებში იჟღინთება. ჩვენ ბუნებრივია, ვერც მის გემოს, ვერც ფერს და ვერც სუნს ვერ ვცნობთ. მერე ამას ვიღებთ და რა ხდება? ეს პოლიმერი ჩვენს სხეულში რჩება. მის სრულად გამოსვლას ორგანიზმიდან ათეულობით წელი სჭირდება, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გამოდის.

რა თქმა უნდა, ამ ტაფაზე ერთხელ მომზადებული კერძი ჩვენს ორგანიზმს ვერაფერს დაუშავებს, მაგრამ როცა ეს ყოველდღიურად, კვირაში რამდენჯერმე და წლების განმავლობაში ხდება, ის იმდენი გროვდება, რომ ჩვენს იმუნიტეტს საბოლოო ჯამში აზიანებს. ხშირად წერენ ხოლმე, რომ ბოლო პერიოდში იმუნიტეტი გაუუარესდათ. ხალხი ვერ ხვდება, რომ ეს პრობლემა, მათ შორის, ტეფლონის ტაფის ხშირი მოხმარებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. მისი ორთქლი საკვებში ხვდება, ჩვენს სხეულს არ ტოვებს და იმუნიტეტს ეტაპობრივად აზიანებს. გარდა იმუნიტეტისა, ის სისხლძარღვებსა და ენდოკრინულ სისტემასაც ვნებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ასაკთან ერთად ექიმს უფრო ხშირად მიმართავთ.