რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
როგორ მივხვდეთ, რომ გულის პრობლემა გვაქვს - აქტუალურ თემაზე კარდიოლოგი ნინო ბაზღაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს:
„გულის დაავადება ყოველთვის ისეთი მკაფიო სიმპტომით არ ვლინდება, რის გამოც პაციენტი გადაუდებლად ექიმს ან ვიწრო სპეციალობის პროფესიონალს - კარდიოლოგს მიმართავს. ადრეულ ასაკში კარდიოვასკულური გართულებებით გამოწვეული ლეტალობის 80%-ის თავიდან არიდება დროული პრევენციითა და შესაბამისი ზომების მიღებითაა შესაძლებელი. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგია გულის ათეროსკლეროზული დაავადებაა, რომლის საფუძველსაც სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე, ანუ დისლიპიდემია წარმოადგენს.
ამერიკის კარდიოლოგთა კოლეგიის მიერ დისლიპიდემიის გამოსავლენად უნივერსალური სკრინინგი უკვე 9-11 წლის ასაკშია მოწოდებული, ხოლო შემდგომ - ყოველ 4-6 წელიწადში ერთხელ, იმის მიხედვით, თუ რისკ-ფაქტორების მატარებელია კონკრეტული ინდივიდი.
20 წლის ასაკიდან კი ჯანმრთელი მოსახლეობის სკრინინგი დისლიპიდემიის გამოვლენის მიზნითაა რეკომენდებული.
ასევე, მოწოდებულია არტერიული წნევის კონტროლი, რადგან ხშირად გვგონია, რომ მაღალი არტერიული წნევა გარკვეულ კონკრეტულ სიმპტომებთან, მაგალითად, თავის ტკივილთან, თავბრუსხვევასა თუ წონასწორობის დარღვევასთან უნდა იყოს დაკავშირებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არტერიული წნევის მატება სიმპტომურად ყოველთვის გამოხატული არ არის. ამიტომ, წნევა უნდა გავიზომოთ და უშუალოდ მონაცემის გაგების შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება - ვართ თუ არა ინფორმირებული იმის შესახებ, ამ მიმართულებით ყურადღება გვაქვს გასამახვილებელი თუ არა“.