ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
1791974988
9 ოქტომბერს რელიგიის მუზეუმის ეზოში ქართული საოჯახო ღვინის გამოფენა „Patria Vini“ - „საოჯახო ღვინო რწმენისა და ტრადიციის გზაზე აჭარაში“ გაიმართა.
ღონისძიებამ აჭარის რეგიონში მოქმედ მარნებს, ღვინის სახლებსა და ადგილობრივ მცირე მეწარმეებს უმასპინძლა. სტუმრებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ქედის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქობულეთისა და ბათუმის საოჯახო მარნებისა თუ ღვინის სახლების ნაწარმი. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი, აბორიგენული ვაზის ჯიშებისგან (საწური, ოჯალეში, ქისი, ჩხავერი, ცოლიკაური, საფერავი, რქაწითელი და სხვა) დაყენებული ღვინოებიც.
ადგილობრივმა მეღვინეებმა დამთვალიერებლებს პირადად გაუზიარეს ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდები და რეგიონული ვაზის ჯიშების მდიდარი ისტორია.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოება გაეცნო აჭარის მეღვინეობის ისტორიას, ასევე სხვადასხვა რელიგიასა და ტრადიციაში ღვინის რიტუალურ დატვირთვას. მუზეუმში მოეწყო რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული საღვინე ინვენტარის გამოფენა, ფოტოსესიისა და ღვინის დეგუსტაციის სივრცეები.
სიმბოლურია, რომ ღონისძიება სწორედ რელიგიის მუზეუმის ეზოში ჩატარდა, რადგან ღვინო უხსოვარი დროიდან საკრალური სასმელი, სულიერი ზიარებისა და კულტურული იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ამასთანავე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ გამოფენა ოქტომბერში მოეწყო -თვეში, რომელსაც ქართული ხალხური კალენდრით „ღვინობისთვეს“ უწოდებენ. ღონისძიებას განსაკუთრებული განწყობა და ემოციური მუხტი შესძინეს საოპერო მომღერალმა ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძემ, ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ელესა“ და მე-18 საჯარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა„მნათი“.
ღვინის გამოფენას ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები, ტურისტები და სხვა მოწვეული სტუმრები. მონაწილე მეღვინეებს სსიპ აჭარის მუზეუმის ადმინისტრაციისაგან გადაეცათ მადლობის სიგელები.