ცნობილია ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა - ტრაგედია ზუგდიდში
1788247656
60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება - 500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება
ეროვნული ბანკის მიერ აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება.
სებ-ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი, ამ მომხმარებელთა თაღლითური სქემებისგან დაცვაა.
ახალი წესის თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის, კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე.
რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები: თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება. (იხილეთ ვრცლად აქ)
შსს ავტომობილების ხმაურს ადგილზე პორტატული ააპარატებით შეამოწმებს
2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში ავტომობილების მიერ წარმოქმნილ ხმაურს საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამისი პორტატული ხმაურსაზომი მოწყობილობებით შეამოწმებენ.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00-დან 08:00 საათამდე – 80 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
რაც შეეხება სანქციებს, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონით დადგენილ ნორმას აღემატება, პირველ ჯერზე 100-ლარიან ჯარიმასა და მართვის მოწმობის 10 ქულის შემცირებას ითვალისწინებს.
დარღვევის განმეორების შემთხვევაში – მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება და 20 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისთვის გათვალისწინებულია 300-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 30-ით შემცირება. (იხილეთ ვრცლად აქ)
ჩაის მწარმოებლებს ახალი მოთხოვნები უჩნდებათ
მთავრობამ მიმდინარე წლის ზაფხულში „ჩაის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ დაამტკიცა.
დოკუმენტი ადგენს ბიზნესოპერატორის მიერ ჩაის წარმოების, გადამუშავების, ბაზარზე განთავსების, დისტრიბუციის ეტაპზე რეგულირებისა და სხვა სავალდებულო მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესოპერატორებს ახალი მოთხოვნები 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან უჩნდებათ. თუმცა, დოკუმენტი ადგენს გარდამავალ პერიოდსაც.
კერძოდ, ჩაი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ან/და ეტიკეტირებულია დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1-ელი სექტემბრისა.
დოკუმენტის თანახმად, მოთხოვნები ვრცელდება ჩაიზე, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის. ამასთან, დოკუმენტი განსაზღვრავს დაფასოებული და დაუფასოებელი შავი და მწვანე ჩაისთვის ზოგად მოთხოვნებს.
რეგლამენტის თანახმად, დადგენილი მოთხოვნების შესრულებას სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს. ამასთანავე, კონტროლი განხორციელდება ბიზნესოპერატორის მიერ შიდა საწარმოო კონტროლის პირობებში.
სებ-ი სესხის გამცემ სუბიექტებს სანქციებს უმკაცრებს
2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესში“ შეტანილი ცვლილებები.
შედეგად, იზრდება სანქციები სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე. კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადაში ან ფორმით ეროვნულ ბანკში წარუდგენლობა, ასევე არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა თითოეულ დარღვევაზე 1 000 ლარით დაჯარიმდება.
ამავე ოდენობის ჯარიმაა განსაზღვრული ეროვნული ბანკისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის დროულად წარუდგენლობის, არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებისა და წერილობითი მითითების შეუსრულებლობისთვის, თუმცა განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქცია 10 000 ლარამდე გაიზრდება.
ახალი წესით, აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე შემოსავლებისა და ხარჯების აღურიცხაობისთვის სესხის გამცემი სუბიექტი თითოეულ ფაქტზე 5 000 ლარით დაჯარიმდება.
დამატებით, რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ჯარიმები 10 000-დან 20 000 ლარამდე განისაზღვრა, ხოლო სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის სანქციები 2 000-დან 5 000 ლარამდე იქნება, დარღვევის ხასიათისა და განმეორებითობის მიხედვით.
გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით არსებულ მოთხოვნებსაც.
კერძოდ, თუ სესხის გამცემ სუბიექტს არ ექნება შესაბამისი პროგრამული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საეჭვო ოპერაციების გამოვლენასა და სანქცირებულ პირთა ავტომატურ იდენტიფიცირებას, ან სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით იმუშავებს, ჯარიმა 15 000 ლარი იქნება.
ამასთან, სანქციების რეჟიმის მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციის თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე 10 000-ლარიანი ჯარიმა დაწესდება.
ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის მიმართ დამატებითი მოთხოვნები და კონტროლის მექანიზმები ამოქმედდება.
ცვლილებების მიხედვით, უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის უფლების მქონე პუნქტები საქმიანობისთვის საჭირო საბრუნავ სახსრებს მხოლოდ უშუალო ან ბენეფიციარი მესაკუთრისგან (დოკუმენტური დადასტურებით) ან ფინანსური ინსტიტუტებისგან შეძლებენ მოიზიდონ.
ამასთან, რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებს ემატება იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც პუნქტი საქმიანობას განახორციელებს.
ბრძანებით ასევე განისაზღვრა, რომ ეროვნულ ბანკს უფლება ექნება უარი თქვას ფილიალის საქმიანობის ნებართვის გაცემაზე, თუ პუნქტს გადაუხდელი აქვს ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა ან არ ასრულებს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის მითითებებით დადგენილ მოთხოვნებს.
ახალი წესები ამკაცრებს საოპერაციო აღრიცხვის მოთხოვნებსაც. პუნქტები ვალდებული იქნებიან ყველა ოპერაცია სპეციალურ პროგრამაში რეალურ დროში ასახონ, ხოლო ნაღდი თანხის შეტანისა და გატანის თითოეულ ოპერაციაზე პროგრამულად დაბეჭდილი ქვითარი გასცენ, რომელიც განსაზღვრულ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.
ცვლილებები ეხება ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსაც. ახალი რეგულაციის თანახმად, ვიდეოკამერები უნდა იყოს დამონტაჟებული როგორც პუნქტის შიგნით, ისე გარე პერიმეტრზე, ვიდეოჩაწერა კი უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. გარე კამერების ჩანაწერები მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, ხოლო შიდა კამერების ჩანაწერები არანაკლებ 180 დღის განმავლობაში უნდა ინახებოდეს. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩანაწერები ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს.
ამასთან, წესში დამატებულია საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეეძლება პუნქტის რეგისტრაცია გააუქმოს.
მათ შორისაა: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, ასევე ისეთი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კონკრეტულ სუბიექტს ან მთლიანად საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას.
ცვლილებების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ანგარიშგებას ეროვნული ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის მეშვეობით ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ.