მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1775678204
იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებული პრობლემა იყო, თუმცა ეს პრობლემა ამჟამად მოგვარდა და ახალი ტენდერია გამოცხადებული, რათა დასავლეთსა და აღმოსავლეთში მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებებს, ორი სხვადასხვა კომპანია მოემსახუროს.
როგორც პაატა სალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განმარტა, პენიტენციური დაწესებულებებს კვებით თუ ორი კომპანია უზრუნველყოფს, ეს კონკურენტუნარიან გარემოს შექმნის.
„კვებასთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული პრობლემები. მას მერე, რაც მე ჩავიბარე იუსტიციის მინისტრის პოსტი, პირველი გამოწვევა რაც მქონდა, იყო სწორედ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები პენიტენციურ დაწესებულებებში. კონკრეტული კომპანია, რომელიც სამი წლის წინ გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებულად, გარკვეული პერიოდის შემდგომ, სისტემატურად დაიწყო არსებული ხელშეკრულების დარღვევა. პირველი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ჩვენ შეგვხვდა, იყო დაახლოებით 1 წლის წინ, წინასააღდგომოდ, როდესაც კომპანიამ განაცხადა, რომ ის აპირებდა ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტას და ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც 10 000 პატიმარი აღმოჩნდებოდა კვების მომსახურების გარეშე. ჩვენ მოვახერხეთ გვემართა ეს კრიზისული ვითარება და უზრუნველვყავით პატიმრების სამჯერადი კვება. ეს ხელშეკრულება არ გაწყვეტილა, თუმცა იმ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელთა გამოვლენა სისტემატურად ხდებოდა, ამ კომპანიას დაეკისრა არაერთი პირგასამტეხლო და მალევე, 2025 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ ბაზრის კვლევა იმისათვის, რომ მოგვეძიებინა ისეთ კომპანიები, რომლებიც შეძლებდნენ კვალიფიციურად და მაღალი ხარისხით ამ მომსახურების გაწევას.
ჩვენ რამდენიმე კომპანიასთან გვქონდა გასაუბრება, მათ მივეცით შესაძლებლობა, რომ დაეთვალიერებინათ 14-ვე პენიტენციური დაწესებულება, შეესწავლათ არსებული ვითარება და ამის შემდგომ, მიგვეღო გადაწყვეტილება თუ რა მიმართულებით წავსულიყავით.
2026 წლის 11 მარტს ჩვენ შევწყვიტეთ მიმდინარე ხელშეკრულება კომპანიასთან და დროებით, გადაუდებელი ხელშეკრულება დავდეთ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებდა პირობებს და უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, ჩვენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში არსებული პენიტენციური დაწესებულებები ორ ნაწილად გავყავით და ეს სერვიზი იქნება განხორციელებული ცალ-ცალკე. იმედი გვაქვს, რომ 2 სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს. ეს შექმნის უფრო კონკურენტულ გარემოს“, - განაცხადა სალიამ.