ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო პოლონეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა

მრჩეველთა საბჭო

ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო პოლონეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებითა და კრაკოვში საქართველოს გენერალური კონსულის, იოსებ ხახალეიშვილის მხარდაჭერით განხორციელდა.

ვიზიტის მიზანი ქართველი და პოლონელი ახალგაზრდებისთვის მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკისა და ახალგაზრდების ჩართულობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა იყო.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ქართველმა ახალგაზრდებმა შეხვედრები გამართეს პოლონეთის ახალგაზრდული საბჭოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე კრაკოვისა და ლუბლინის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. მათ შორის იყვნენ კრაკოვის მერიის ადმინისტრაციის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების დირექტორის მოადგილე ბეატა საბატოვიჩი და ლუბლინის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი აგნიეშკა პაროლ-გურნა.

შეხვედრებს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანა ბუხრაშვილი და კრაკოვში საქართველოს გენერალური კონსული იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის პოლონურ პრაქტიკას და მიღებული ცოდნა საკუთარ საქმიანობაში გამოიყენონ. დამყარებული პარტნიორული კავშირები კი ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ინიციატივების განვითარებასა და საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო 2025 წელს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი საბჭოს წევრებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ადგილობრივ დონეზე გაზიარებისა და ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის ეფექტიანი მექანიზმების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

ამასთან, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის თანამშრომლობით, ამჟამად მიმდინარეობს კონკურსი - „2026 წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“. მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით მოქმედ მუნიციპალურ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოებს შეუძლიათ. გამარჯვებული საბჭო საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში მიიღებს მონაწილეობას.

✕