პრეზიდენტმა გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტი - გიორგი კალანდია

საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი და „იმედის დილის“ წამყვანი გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა, მათ შორის არის გიორგი კალანდიაც.

ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის, ასევე კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზიდენტმა დაჯილდოებულებს მათი შემოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი სახით საქართველოს ჰყავს ადამიანები, რომლებიც ქართული კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებაზე ზრუნავენ და ამ საქმეს სამაგალითოდ, ღირსეულად ასრულებენ.