„პირველი მადლობა მათ - ხუთშვილიან დედ-მამას ეკუთვნის, ქობულეთში...“ - რას წერს ახლობელი საბა ლაზიშვილის ოჯახზე

საბა ლაზიშვილი

საბა ლაზიშვილი 21 წლის ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში 11 ნოემბერს აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოექცა. 

საბა, RAF-ის ღონისძიებისთვის მოსამზადებლად ჩავიდა. უსმან ნურმაგომედოვისა და მისი თანმხლები პირების მიერ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის დროს მეგობარს გვერდით დაუდგა და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია.

როგორც მისი უფროსი ძმა, UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ზვიად ლაზიშვილი აცხადებს, მას მერაბი ახალი გაცნობილი ჰყავს.

სოციალურ ქსელში ამ დრომდე არ წყდება საბასთან დაკავშირებული პოსტები და გამოხმაურებები. აღაფრთოვანა როგორც ქართველები, ისე უცხოელი, ცნობილი თუ საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები. 

ერთ-ერთი პოსტი მისი ოჯახის ახლობელს, მედი კობეშავიძეს ეკუთვნის, რომელიც 21 წლის ბიჭის მშობლებს მადლობას უხდის.

„საბა ლაზიშვილი, ვიცოდი მაგარი რომ იყავი, მაგრამ მთლად ლომი ყოფილხარ...  ეს ბიჭი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანების შვილი. მისი და-ძმები და ჩემი შვილები ერთად გაიზარდნენ.

საბა ლაზიშვილმა, ყველა ქართველის გული სიხარულით რომ აავსო, ერთგულების, ზნეობის და ვაჟკაცობის სანიმუშო მაგალითი, უჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი და საერთოდ, კავკასიელი. ზვიად ლაზიშვილის ძმაა და ორივე, დიდი ანზორ ლაზიშვილის, მსოფლიოს მრავალ გზის ჩემპიონი მამის გაწვრთნილი მართვეები! ამიტომ, პირველი მადლობა მათ, ხუთშვილიან დედ-მამას ეკუთვნის ქობულეთში!“ - წერს ახლობელი.

✕