პედიატრ თემურ მიქელაძის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მშობლებს

თემურ მიქელაძე

ბავშვებში მედიკამენტების გადაჭარბებული გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომლის შესახებაც პედიატრმა თემურ მიქელაძემ, „დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში ისაუბრა.

მისი განმარტებით, მშობლები ხშირად ცდილობენ ნებისმიერი სიმპტომის სწრაფად „მკურნალობას“, თუმცა ყველა შემთხვევაში მედიკამენტის გამოყენება აუცილებელი არ არის.

პედიატრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების თვითნებური მიღებისგან თავის შეკავება, რადგან ვირუსულ ინფექციებზე ისინი არ მოქმედებს და არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა ჯანმრთელობისთვის არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.

თემურ მიქელაძე აღნიშნავს, რომ ბავშვის მდგომარეობის შეფასება ინდივიდუალურად უნდა მოხდეს და გადაწყვეტილება მედიკამენტის დანიშვნის შესახებ ექიმმა უნდა მიიღოს. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში საკმარისია სითხეების მიღება, დასვენება, სწორი კვება და ბავშვის მდგომარეობაზე დაკვირვება.

პედიატრი მშობლებს ურჩევს, ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე სპეციალისტს მიმართონ და ბავშვებს ზედმეტი მედიკამენტები არ მისცენ, რადგან ეს ყოველთვის არ ნიშნავს უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას.