საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
1775230573
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის განათლების საკითხთან დაკავშირებით სინოდის დღევანდელ სხდომაზე განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა.
„სულ მცირე, სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად. რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა. არ გამოიკვეთა, ვთქვათ, როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი – არაუმეტეს სამოცდაათი წლისა და შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ამასთან, ჯაღმაიძის ინფორმაციით, შემდეგ სხდომაზე მოხდება პატრიარქობის სამი კანდიდატის გამორჩევა და ასაკთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკა.
„დღევანდელ სხდომაზე ასაკთან დაკავშირებით დაისვა კითხვა და რადგან ძალიან ბევრი საკითხი იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ შემდეგ სინოდის სხდომაზე უფრო კონკრეტულად იქნას მიღებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ამასთან, ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, როგორი იყო სინოდის წევრების პოზიციები პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით, კერძოდ, შეძლებს თუ არა კანდიდატობას 71-წლამდე მიღწეული მღვდელმთავარი.
„გვესმის მსჯელობა, შესაძლებელია თუ არა, 71-წლამდე მიღწეული ადამიანი იყოს პატრიარქობის კანდიდატი. ამაზეა შემდგომში ჩამოსაყალიბებელი მსჯელობა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, სხვა საკითხები, რომლებიც პატრიარქის არჩევას უკავშირდება, სინოდის განჩინებაში იქნება დაზუსტებული.