1779737742
„პატრიარქმა თავზე ხელი დამადო და ყურში ჩუმად მითხრა...“ - ნანა ნებიერიძე ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს იხსენებს
მიუხედვად იმისა, რომ ნანა ნებიერიძის ცხოვრებაში უამრავი ტკივილი და განსაცდელი იყო, მაინც ბედნიერია, რადგან გრძნობს შინაგან სიძლიერეს, ცდილობს, ადამიანში მხოლოდ პოზიტიური და დადებითი დაინახოს და ინტუიციითაც ხშირად გრძნობს, როგორ გადადგას სწორი ნაბიჯები. ნანა ნებიერიძე „თბილისელებთან“ ინტერვიუში პატრიარქთან შეხვედრის შესახებ ჰყვება.
– პატრიარქთან თუ გქონია პირადი შეხვედრა?
– როგორ არა. როცა გუნდი მიდის ოლიმპიურ თამაშებზე, ხდება ორი შეხვედრა: ერთი – მთავრობასთან, მეორე კი – პატრიარქთან. ერთი შეხვედრა გვქონდა შევარდნაძესთან კანცელარიაში და მეორე – საპატრიარქოში, ილია მეორესთან. მახსოვს, ახალგაზრდა ვიყავი, სათითაოდ მივდიოდით პატრიარქთან, ვიჩოქებდით მის წინ და ვემთხვეოდით ხელზე. რომ ვემთხვიე ხელზე, დამადო ხელი თავზე და მკითხა: შენ რა გქვია? გავახილე ჩემი ლურჯი თვალები და ვუპასუხე: ნანა მქვია. რომელ სპორტში მოღვაწეობ? ვუთხარი: წყალში მხტომელი ვარ-მეთქი და ყურში ჩუმად მითხრა: იცოდე, მე შენ გგულშემატკივრობ! ეს მომენტი არ დამავიწყდება, სანამ ცოცხალი ვარ.










