პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველებისთვის სვეტიცხოვლამდე ტრანსპორტირება უფასოა - უზრუნველყოფილი იქნება მგზავრების თბილისში დაბრუნებაც

სვეტიცხოველი

თბილისის მერია საქართველოს ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მოქალაქეები მუნიციპალური ავტობუსებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე, ქვეყნის 142-ე პატრიარქის ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ კი, ისევ რესპუბლიკის მოედნამდე იმგზავრებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისიდან მცხეთის მიმართულებით 8:00 საათიდან გადის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის აღსაყდრების ცერემონია კი 10:00 საათზე გაიმართება.