პარაკლისი და პანაშვიდი სიონის საპატრიარქო ტაძარში - მრევლი მეშვიდე დღეა პატივს მიაგებს ილია მეორის ხსოვნასა და მის სამუდამო განსასვენებელს

ილია მეორის საფლავი

სიონის საპატრიარქო ტაძარში დრო თითქოს გაჩერდა. ადამიანების განცდები ისევ მძაფრი და უცვლელია. მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. ვარდებით, სანთლებით, ცრემლით - მრევლი უკვე მეშვიდე დღეა სიონში მიაგებს პატივს ილია მეორის ხსოვნას და მის სამუდამო განსასვენებელს.

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მისული ადამიანები იხსენებდნენ პატრიარქის ეროვნულ და საქვეყნო საქმეებს. მათ შორის ერთ-ერთი 2008 წლის 19 იანვარს პირველად ჩატარებული საყოველთაო ნათლობაა. იმ დღიდან გარდაცვალებამდე, უწმინდესმა და უნეტარესმა 50 ათასზე მეტი ბავშვი მონათლა.

ერის სულიერი მამა სამების ტაძრიდან სიონში, მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოაცილა. მას შემდეგ საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება უწყვეტად მიმდინარეობს. ტაძრის კარი დილის რვიდან, ღამის ათ საათამდე იღება. პანაშვიდები პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში, 25 აპრილამდე გაგრძელდება.

მას შემდეგ, რაც უწმინდესმა და უნეტარესმა სიონის ჩრდილოეთით, მისი სურვილის შესაბამისად, საკურთხეველთან ხელმარცხნივ ჰპოვა მარადიული განსასვენებელი, ხვალ პირველი საკვირაო წირვა ჩატარდება. ღვთისმსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო აღასრულებს. წირვის შემდეგ შესრულდება კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. სასულიერო პირებმა დღეს სიონის მიმართ ილია მეორის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზეც ისაუბრეს.

ერის სულიერი მამის ხმა მოქალაქეებისთვის 17 მარტის შემდეგ კიდევ უფრო ემოციურია. პატრიარქის გარდაცვალებიდან დღემდე, ქართველმა ხალხმა მსოფლიოს ერთიანობის მაგალითი აჩვენა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი - 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მეცხრე პატრიარქია, რომელიც სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 22 მარტის შემდეგ განისვენებს.